ნატურალური პროდუქტის დეფიციტი სვანეთში, აფხაზეთსა და სამეგრელოში

გვალვიანმა ზაფხულმა ყველაზე მეტად სოფელი და ნატურალური მეურნეობა დააზარალა. მთელი ქვეყნის მსგავსად, სამეგრელოს და სვანეთს მოსავლის სიმწირის გამო ზამთრისთვის თავის რჩენა მიზერული შემოსავლით მოუწევს.

უნალექობამ და ხანგრძლივმა სიცხეებმა მარცვლეული და სვანი მოსახლეობის ძირითადი მარჩენალი - კარტოფილი, სოფლის სხვა პროდუქტების მსგავსად, გაახმო. ერთადერთი, რაც გვალვას გადაურჩა შინაური ცხოველებია. მესტიის სოფელ ეცერის მკვიდრი ქალის თქმით, საქონლის გამოსაკვებად მხოლოდ თივა შემორჩა.

სვანეთის მსგავსად, გვალვამ სამეგრელოს სოფლებშიც გაანადგურა მოსავალი. სიმინდის ნაცვლად, უზარმაზარ ყანებში მხოლოდ გამხმარ ღეროებს წააწყდები. არა ლობიო, არა ყურძენი, არა ბოსტნეული, თხილი შედარებით მეტი, მაგრამ ესეც მხოლოდ შედარებით.

სიმინდის, ლობიოს, კარტოფილისა და ბოსტნეულის დეფიციტს განიცდიან სამეგრელოსთან მოსაზღვრე ოკუპირებული აფხაზეთის დაბალი ზონის სოფლებშიც. სვანი და მეგრელი გლეხების მსგავსად, გალის რაიონიც მთავრობისგან დახმარებას ითხოვს.