სერგეი შამბა: თბილისის მიერ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე ლტოლვილების საკითხი ვერ გადაიჭრება

სერგეი შამბა

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახურის, "ეხო კავკაზას" სპეციალური კორესპონდენტი ოლესია ვართანიანი სოხუმში ესაუბრა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს სერგეი შამბას.

რადიო თავისუფლება:
ადგილობრივებისგან ხშირად მსმენია, რად გვინდა საქართველოსგან ურთიერთობის აწყობა ვცადოთ, როდესაც რუსეთისგან უკვე მივიღეთ დაცვა; რუსეთის სამხედროები გვიცავენ და აღარ გვჭირდება, ვთქვათ, ჟენევის მოლაპარაკებებზე სიარული. როგორია სოხუმის ინტერესები ამ მხრივ? მიგაჩნიათ, რომ საჭიროა ამ ურთიერთობების აწყობა?

სერგეი შამბა: ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ურთიერთობა განვავითაროთ ჩვენს ყველა მეზობელთან. ვცდილობთ, ურთიერთობა განვავითაროთ რუსეთთან, რაც უკვე ცხადია. ჩვენ სტრატეგიული კავშირი ჩამოგვიყალიბდა და ამით ყველაფერი ნათქვამია. ასევე აქტიურად ვცდილობთ თანამშრომლობას თურქეთთან - ჩვენს მეორე დიდ მეზობელთან. ვეძებთ გზებს ევროკავშირთან თანამშრომლობისათვის და ამ მიმართულებითაც გარკვეული ოპტიმისტური განწყობა გვაქვს, თუმცა გვესმის, რომ ეს უფრო გრძელვადიანი პროცესია. რაც შეეხება საქართველოს, საქართველო ჩვენი მეზობელია და, ცხადია, რომ რაღაც სახის ურთიერთობა მასთან უნდა დავამყაროთ. დღევანდელ დღეს, საშუალოვადიანი პერსპექტივით, გრძელვადიანი პერსპექტივით - ყოველივე ამას ვგეგმავთ როგორც სხვა მეზობლებთან, ისე საქართველოსთან მიმართებით. დღეს ჩვენ გვსურს საქართველოსთან მყარი მშვიდობის დამყარება. რატომ არის, რომ ჩვენ ასე დაჟინებით ვითხოვთ, ჟენევის მოლაპარაკება იქნება თუ სხვა შეხვედრა, ასეთი დოკუმენტის ხელმოწერას? იმიტომ, რომ რაიმე სხვა სახის პერსპექტიულ ურთიერთობას საქართველოსთან ჩვენ დღეს ვერ ავაწყობთ. რადგან საქართველოს მხრიდან არსებობს პრეტენზიები ჩვენს ტერიტორიაზე და ეს დიდი პრობლემაა. ამასთან დაკავშირებით, ცხადია, პირველ რიგში დაინტერესებული ვართ, რომ შევთანხმდეთ ძალის გამოუყენებლობაზე - მივიღოთ ძალის გამოუყენებლობის მყარი გარანტიები. ამიტომაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებების პროცესს ისეთი ავტორიტეტიანი შუამავლების მონაწილეობით, რომლებსაც შემდეგ შეეძლებათ ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმების შესრულების გარანტად იქცნენ. საქართველოსთან მიმართებით სხვა ამოცანას დღეს ვერ დავისახავთ. მომავალში კი ვფიქრობთ, რომ - ეს, ცხადია, ძალიან შორეული პერსპექტივაა - ოდესმე შეგვეძლება კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ლაპარაკი, მეგობრულ ურთიერთობებზე... მაგრამ ამისთვის ქართულ საზოგადოებაში უნდა შეიცვალოს განწყობა. მათ უარი უნდა თქვან რევანშისტულ განწყობებზე. უნდა გააცნობიერონ რეალობა და მაშინ დათბობაც შესაძლებელი გახდება.

რადიო თავისუფლება: როგორ გესახებათ ეს გრძელვადიანი პერსპექტივა, რომელიც ახლა ახსენეთ?

სერგეი შამბა: ჩვენი აზრით, ადრე თუ გვიან საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და მაშინ შესაძლებელი გახდება საუკეთესო ურთიერთობის დამყარება, რადგან ჩვენ გვაკავშირებს ისტორია, გეოგრაფია... ამიტომ მომხრე ვართ ურთიერთობის განვითარებისა. მაგრამ ვიდრე არსებობს ჩვენს მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები, ამაზე ლაპარაკი რთულია. ვიდრე არსებობს რევანშისტული განწყობები, რომლებიც დაუფარავად გამოითქმის, მით უფრო შეუძლებელი ხდება ასეთი ურთიერთობების დამყარება. მაგრამ ეს გაივლის. ამაში დარწმუნებული ვართ. ბევრ ქვეყანას გაუვლია ეს ეტაპი. უფრო დიდ ქვეყნებსაც, ვიდრე საქართველოა. ბოლოს მათ გააცნობიერეს, თუ რა არის რეალურად მათი ინტერესი. მგონია, რომ საქართველოც გაიგებს - მისი რეალური ინტერესი ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობის აღდგენაა და არა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება - რის გაკეთებაც შეუძლებელია.

რადიო თავისუფლება: თბილისისათის ერთ-ერთი პრინციპული საკითხია აფხაზეთში ქართული მოსახლეობის დაბრუნება.

სერგეი შამბა: ეს საკითხი პირდაპირაა დაკავშირებული წინასთან. აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე ამ საკითხის გადაჭრა, უბრალოდ, შეუძლებელია. ისინი, ვისაც აფხაზეთში დაბრუნება უნდოდა, დაბრუნდნენ. ხოლო მათთვის, ვისაც სურს, დაბრუნდეს აფხაზეთში, როგორც საქართველოს ნაწილში, ეს შეუძლებელია. მათ ცრუ დაპირებას ვერ მივცემთ, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლება აკეთებს. ისინი ჰპირდებიან ხალხს, რომ დაბრუნდებიან აფხაზეთში, როგორც საქართველოს ნაწილში, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს რეალობა უბრალოდ აღარ არსებობს. ამიტომ ჩვენ ვერ ჩავაყენებთ ხალხს ასეთ უაზრო ვითარებაში. ეს ერთ-ერთი მიზეზია. ისე კი, ბევრი ობიექტური მიზეზი არსებობს, რის გამოც ამის განხორციელება რთულია.

რადიო თავისუფლება: საქართველოში მოქმედებს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელშიც, სხვა საკითხებს შორის, გათვალისწინებულია ეკონომიკური შეზღუდვები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც თბილისის თანხმობის გარეშე მოქმედებენ. შეგიძლიათ გვითხრათ, რა ეფექტი მოჰყვა ამას ბოლო ორი წლის განმავლობაში?

სერგეი შამბა: იცით, ჩვენი პრობლემები საქართველოსთან მომდინარეობს იქიდან, რომ აფხაზეთთან მიმართებაში საქართველო ყოველთვის ძალის პოზიციიდან მოქმედებდა. არასოდეს უცდიათ პრობლემის გადაჭრა ურთიერთდათმობების გზით, ჩვენი აზრის გათვალისწინების გზით... ეს ახალი სტრატეგია იმავე არაკონსტრუქციული პოლიტიკის გაგრძელებაა. უკვე დიდი ხანია გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ აფხაზეთისადმი ამ პოლიტიკის გამოყენებამ არ მიგვიყვანა არსად, გარდა კონფლიქტისა. ომის შემდეგ კი მისმა გამოყენებამ აშკარად დაგვანახა, რომ ეს არ არის გზა, რომელიც აფხაზი საზოგადოების ნდობას დაიბრუნებს. არადა, საქართველოს ხელისუფლება ისევ ილუზიების ტყვეობაშია. ისინი ცდილობენ, გააგრძელონ პოლიტიკა, რომლის დისკრედიტაციაც დიდი ხნის წინ მოხდა. ეს ქართული პოლიტიკა ვერანაირ დივიდენდებს ვერ შეჰმატებს ვერც საქართველოს ხელისუფლებას და ვერც ჩვენს ურთიერთობებს. ამიტომაც მისი შეფასება შეიძლება მხოლოდ როგორც კონფრონტაციულისა. ესაა კონფრონტაციის გაგრძელება. იმის ნაცვლად, რომ სცადონ ჩვენთან სხვა ტონით - მეგობრული ტონით - საუბარი, კვლავაც კონფრონტაციული ტონით გველაპარაკებიან. რისთვისაა ეს საჭირო, ცოტა გაუგებარია. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსში ბევრი რამაა ამოუხსნელი.

რადიო თავისუფლება: თქვენი პასუხიდან ისე გავიგე, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ეფექტს იძლევა...

სერგეი შამბა: დიახ, ეფექტს იძლევა. ის აძლიერებს ჩვენი დამოუკიდებლობის პოზიციებს. იმიტომ, რომ ჩვენი ხალხისთვის კიდევ ერთხელ ხდება ნათელი, რომ ამ ხალხთან ლაპარაკი შეუძლებელია, თანაცხოვრება შეუძლებელია, თანამშრომლობა შეუძლებელია... აი, რას გვაძლევს ეს - მეტს არაფერს. ჩვენი ყველა პრობლემა ამიერიდან რუსეთთან მოლაპარაკების გზით გადაიჭრება. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენი მთავარი ამოცანები - იქნება ეს უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული თუ ეკონომიკური საკითხები - გადაიჭრება რუსეთთან ასეთი კავშირის გზით. რუსეთი ჩვენ უსაფრთხოების გარანტიას გვაძლევს, არსებობს მთელი რიგი შეთანხმებებისა, რომლებზეც ხელი გვაქვს მოწერილი. რუსეთი გვაძლევს საშუალებას ეკონომიკური თანამშრომლობისა, გვიხსნის თავის ბაზარს, გვაძლევს ფინანსურ დახმარებას, შეღავათიან კრედიტებს... და მორჩა. თითქოს, რაღად გვინდა სხვა ქვეყნებში კიდევ პარტნიორების ძიება? მაგრამ, მიუხედავად ამისა, საგარეო პოლიტიკის წარმართვისას, ჩვენ მაინც ვცდილობთ თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან. თუმცა, ამან ერთგვარად დაკარგა აქტუალობა. სხვა კონტინენტებზე ჩვენი ვიზიტები აჩვენებს, რომ ამ სფეროში აქტიურ პოლიტიკას ვაწარმოებთ.

რადიო თავისუფლება: რომ დავუბრუნდეთ იმ საკითხს, რასაც ცოტა ხნის წინ შეეხეთ - რუსეთთან თანამშრომლობას: შეგიძლიათ აგვიხსნათ, რამდენად კოორდინირებულია თქვენი თანამშრომლობა ერთი მხრივ, რუსეთის სამხედროებთან, და მეორე მხრივ, რუსეთის პოლიტიკოსებთან?

სერგეი შამბა: მიუხედავად იმ მოსაზრებისა, რომლის თავზე მოხვევაც სურთ საზოგადობისათის, ჩვენ და რუსეთს თანასწორუფლებიანი პარტნიორების დიალოგი გვაქვს. ეს ასეა - მიუხედავად იმისა, რომ ყველას ესმის: ჩვენი მასშტაბები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ისევე, როგორც გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე. მაგრამ ცხადია, რომ რუსეთის ხელისუფლებას ამით სურს, მსოფლიოს თავისი ახალი პოლიტიკა აჩვენოს. ისინი გველაპარაკებიან სრულიად თავისუფლად და როგორც თანასწორუფლებიან პარტნიორს. პრაქტიკულად, რაიმე პროექტებში ჩვენი ყველა შესწორება ულაპარაკოდ მიღებულია ხოლმე. ყველა საკითხში, სადაც მივიჩნიეთ, რომ ესა თუ ის პუნქტი არ შეესაბამებოდა ჩვენს ინტერესებს, შევძელით მიგვეღწია გაგებისთვის რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. სამხედროებს ცოტა სხვა სპეციფიკა აქვთ, მაგრამ მათაც მოველაპარაკებით ხოლმე. კონფლიქტური სიტუაციები არა გვაქვს.