პოლონეთში „სოლიდარობის“ დაარსების 30-ე წლისთავს აღნიშნავენ

გდანსკში ამ დღეებში ისევ ფრიალებს "სოლიდარობის" დროშა

ამ დღეებში პოლონეთში საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ „სოლიდარობის“ დაარსების 30-წლიან იუბილეს. ქალაქ გდანსკში სწორედ 30 წლის წინ მოაწერეს ხელი შეთანხმებებს, რომელთა საფუძველზეც დაარსდა „სოლიდარობა“ - პირველი დამოუკიდებელი პროფკავშირი არა მარტო პოლონეთში, არამედ მთელს „სოციალისტურ ბლოკში“; ორგანიზაცია, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა კომუნისტური რეჟიმის დამხობაში და რომელიც ერთ დროს 10 მილიონამდე ადამიანს (პოლონეთის მოსახლეობის მეოთხედზე მეტს!) აერთიანებდა.

ის, რაც 30 წლის წინ სოციალისტურ პოლონეთში მოხდა, დამოუკიდებელი პროფკავშირის დაარსებით, მიჩნეულია პირველ ძლიერ დარტყმად, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაზე საბჭოთა კავშირის კონტროლის წინააღმდეგ განხორციელდა. საიუბილეო ღონისძიებები იმართება რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბალტიის ზღვისპირა შჩეცინში, სადაც პოლონეთის პრეზიდენტმა, ბრონისლავ კომოროვსკიმ კვირას განაცხადა: „მოგმართავთ ამ განსაკუთრებულ დღეს, როცა შეგვიძლია, სიამაყითა და სიხარულით მივაგოთ პატივი გმირულ ბრძოლას ცუდი სისტემისთვის ბოლოს მოსაღებად და სიამაყით გავიხსენოთ ის, რომ მაშინ მოხერხდა მოქმედების ისეთი მეთოდების გამონახვა, რომლებითაც გარანტირებულ იქნა არა მარტო გამარჯვება, არამედ გონივრული ცვლილებაც.“
გდანსკის გემსაშენის მუზეუმი, სადაც 30 წლის წინათ ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებებს

ეს სიტყვები, როგორც აღვნიშნეთ, შჩეჩინში ითქვა. თუმცა, ყურადღების ცენტრში მოქცეულია პოლონეთის სხვა ქალაქი - გდანსკი. 1980 წლის 31 აგვისტოს პოლონეთის კომუნისტმა მმართველებმა და გაფიცულმა მუშებმა სწორედ იქ გააფორმეს შეთანხმებები, რომელთაც, შესაბამისად, „გდანსკის შეთანხმებები“ ეწოდა: მათ მიხედვით, შესაძლებელი ხდებოდა დამოუკიდებელი პროფკავშირის შექმნა, გაფიცვა, იზღუდებოდა ცენზურა, თავისუფლდებოდნენ პოლიტიკური პატიმრები და კიდევ: კვირაში ერთხელ სახელმწიფო ტელევიზიითა და რადიოთი გადაიცემოდა კათოლიკური წირვა! ამ შეთანხმებების საფუძველზე, 1980 წლის 24 ოქტომბერს კომუნისტურმა რეჟიმმა ოფიციალურად სცნო „სოლიდარობა“ - დამოუკიდებელი პროფკავშირი.

რეჟიმის ამ მართლაც უპრეცედენტო დათმობებზე დაყოლიებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლეხ ვალენსამ - გდანსკის გემსაშენი ქარხნის ელექტრიკოსმა, რომელიც - გდანსკის შეთანხმებებზე ხელმოწერამდე ორი კვირით ადრე - სათავეში ჩაუდგა გაფიცული მუშების კომიტეტს.

პოლონეთში ხშირად იხსენებენ, რამდენად დაძაბული და სახიფათო იყო ეს პერიოდი, როგორ შიშობდნენ, რომ ვარშავა ძალას გამოიყენებდა გაფიცულების წინააღმდეგ და უარესიც - რომ მოსკოვს მოთმინების ფიალა აევსებოდა და ჯარებს გაგზავნიდა საპროტესტო აქციებისთვის ბოლოს მოსაღებად.

„მაშინ ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, რომ მოვესწრებოდი დროს, როცა პოლონეთში აღარ იქნებოდა კომუნიზმი, არ იქნებოდნენ საბჭოელები, რომ პოლონეთი სუვერენული და დამოუკიდებელი იქნებოდა, მერწმუნეთ - ვერ დავიჯერებდი, რომ ასეთ დროს მოვესწრებოდი, რომ ამას შევძლებდით“, განაცხადა ლეხ ვალენსამ გდანსკში კვირას გამართულ საიუბილეო კონცერტზე: მანვე ისაუბრა „სოლიდარობის“ გადამწყვეტ როლზე პროცესში, რომელსაც კომუნისტური რეჟიმის დამხობა და ევროპის კავშირში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანება მოჰყვა.

„მამაჩემის ერთი წუთით გაცოცხლება რომ შემეძლოს“, - თქვა ვალენსამ – „ვეტყოდი: მამა, ჩვენი თაობის პოლონეთში საბჭოელები აღარ არიან! პოლონეთსა და გერმანიას შორის კი ჯარისკაცები აღარ დგანან! და, საერთოდ, ევროპაში თითქმის აღარ დარჩა საზღვრები, რომლებსაც იცავენ... ამას რომ ვეტყოდი, მამაჩემი მეორედ მოკვდებოდა გულის შეტევით.“
30 წლის წინ. ლეხ ვალენსა (მარცხნივ) მოლაპარაკებას მართავს პოლონეთის კომუნისტ ლიდერებთან

კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ლეხ ვალენსა 1983 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დააჯილდოვეს, კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ კი ის პოლონეთის პრეზიდენტი გახდა. ის ხშირად საუბრობს „სოლიდარობის“ ისტორიულ როლზე, მიუხედავად არაერთი დაპირისპირებისა, რომელიც მას ამ ორგანიზაციის სხვა წევრებთან (მათ შორის, ძმებ კაჩინსკებთან) ჰქონია. „სოლიდარობას“ ვალენსა ზოგადადაც აკრიტიკებს. როგორც „ფრანს პრესის“ სააგენტოსთან ინტერვიუში განმარტავს, მას ეს ორგანიზაცია მეტისმეტად პოლიტიზებულად მიაჩნია.

მოხდა ისე, რომ შჩეცინსა და გდინიაში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს, რომლებიც „სოლიდარობის“ დაარსების იუბილეს მიეძღვნა, მაინცდამაინც ლეხ ვალენსა არ დასწრებია. თუმცა, მან თავისი როლი ჯერ კიდევ 30 წლის წინ შეასრულა, როცა დამოუკიდებელ პროფკავშირ „სოლიდარობის“ სათავეში მოქცევით, პრაქტიკულად, სათავეში ჩაუდგა კომუნისტურ რეჟიმთან უაღრესად სახიფათო ბრძოლას.

წამყვანი: მარიამ ჭიაურელმა მოგვითხრო „სოლიდარობის“ დაარსების 30თ წლიან იუბილეზე. სოლიდარობის წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად პოლონეთის მოსახლეობაში მისი უაღრესად ფართო მხარდაჭერა სახელდება. იყო დრო, როცა ეს ორგანიზაცია 10 მილიონამდე ადამიანს აერთიანებდა, პოლონეთის მოსახლეობის მეოთხედზე მეტს.