პუტინი ვაშინგტონს საქართველოს შეიარაღებაში ადანაშაულებს

ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი

მოსკოვისა და ვაშინგტონის ახლებური ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემად რუსეთის პრემიერ-მინისტრი კვლავაც საქართველოს საკითხს ასახელებს. გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვლადიმირ პუტინი ვაშინგტონს საქართველოს ხელახალ შეიარაღებაში ადანაშაულებს - ისეთსავე შეიარაღებაში, როგორსაც, მისი თქმით, 2 წლის წინათ აგვისტოს ომი მოჰყვა. რა მდგომარეობაა სინამდვილეში და მუშაობს თუ არა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული ემბარგო?

გაზეთ „კომერსანტში“ 30 აგვისტოს გამოქვეყნებული ინტერვიუდან იოლად ირკვევა, რომ მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობათა ”გადატვირთვის” პროცესს ზოგ შემთხვევაში აშკარა უნდობლობით უყურებს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი. ის ამბობს, რომ ძალიან სურს ამერიკასთან ახლებური, თბილი ურთიერთობები და პრეზიდენტ ობამას ძალისხმევაც გულწრფელი ჰგონია, მაგრამ არსებობს დიდი უკმაყოფილების მიზეზები. პუტინის მიერ დასახელებული ორი მაგალითიდან, მეორე ანტისარაკეტო თავდაცვის ელემენტების - რადარისა და გადამტაცის - ევროპაში განთავსების ამერიკულ გეგმას უკავშირდება, პირველ მაგალითში კი კრემლის პრემიერ-მინისტრი საქართველოზე ლაპარაკობს:

”მაგალითად, მიმდინარეობს საქართველოს შემდგომი გადაიარაღება. რატომ? ეს ხომ რეალურია. ხომ ვხედავთ... რომ არ ყოფილიყო გადაიარაღება 2 წლის წინათ, არც აგრესია იქნებოდა და არც სისხლი, რომელიც იქ დაიღვარა... მაგრამ, სხვათა შორის, ხომ ეუბნებოდნენ ჩვენს პარტნიორებს ამის შესახებ, მათ შორის - ჩვენი ევროპელი მეგობრებიც ეუბნებოდნენ... მაგრამ ყველა ჩუმდებოდა. და რით დასრულდა ეს? ომამდე მიიყვანეს საქმე... ახლა კი გადაიარაღებას განაგრძობენ.”

ვლადიმირ პუტინის სიტყვებში ახალი არაფერია. რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ფაქტობრივად, იმეორებს იმას, რაც აგვისტოს ომის შემდეგ მრავალჯერ თქმულა კრემლის სხვადასხვა ტრიბუნიდან. გარკვეულ ახალ ინფორმაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის, რომ საქართველოს შეიარაღებასთან დაკავშირებული ეჭვები კრემლს დღემდე აწუხებს და ისინი ვერც მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობათა გადატვირთვის შედეგად გაქრა. ამ ეჭვებს, ”სამწუხაროდ, უსაფუძვლოს” უწოდებს სამხედრო სფეროს ექსპერტი, ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი:

”არავითარი სერიოზული შეიარაღება ამერიკიდან არ შემოდის და, სიმართლე რომ ვთქვათ, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა საკმაოდ დიდი ხანია აქვთ, სერიოზული იარაღი ჩვენ ამერიკიდან არ მიგვიღია. M4 ტიპის ავტომატურ კარაბინებს რაც შეეხება, საქართველომ ისინი აგვისტოს ომამდე კერძო ფირმასთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე შეისყიდა... ომამდეც ასე იყო.”

მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლის 9 იანვარს ხელმოწერილი ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია მჭიდრო ურთიერთობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროშიც ითვალისწინებს, საქართველოსთვის საბრძოლო იარაღის მიწოდების საკითხი არც ამ დოკუმენტის ფარგლებში განიხილება. 29 ივნისს, როდესაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ფილიპ გორდონს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ არ ასრულებს ვაშინგტონი ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს თხოვნებს იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით, გორდონმა თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვაშინგტონის ამოცანა "დაძაბულობის შემცირება“ და იმის მიღწევაა, რომ რუსეთმა შეასრულოს 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ საქართველოსთვის იარაღის მიწოდება მისთვის სასურველ მშვიდობიან სცენარში არ ეწერება და რომ ამის მიზეზი სულაც არ არის რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული ემბარგო. გავიხსენოთ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ პრეზიდენტი მედვედევი ეკონომიკური სანქციებით დაემუქრა ყველა იმ ქვეყანას, რომელიც საქართველოს საბრძოლო იარაღს მიაწვდის.

აგვისტოს ომის 2 წლის თავზე, ”ვაშინგტონ პოსტში” 8 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი უკმაყოფილებას გამოხატავს იმ ფაქტით, რომ, საქართველოს მიერ ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის მიუხედავად, შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ”დიდი ძალისხმევის” შედეგად ძლივს გადაწყვიტა, რომ ავღანეთის ”საბრძოლო მოქმედებებში მიმავალი ქართული სამხედრო ნაწილებისთვის ძირითადი აღჭურვილობა - ჯავშანმანქანები და სათადარიგო ნაწილები - მიეცა.“

მაკკეინი ასევე ხაზს უსვამდა შეერთებული შტატების გრძელვადიანი დახმარების აუცილებლობას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად. ”ეს შეიძლება მოიცავდეს ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის და ადრეული შეტყობინების სარადარო სისტემებს, ასევე თავდაცვის სხვა სისტემებს, რაც არ უნდა იქნეს აღქმული ისე, თითქოს აშშ საქართველოს მწვანე შუქს უნთებს სეპარატისტული რეგიონების წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად. საქართველო ყოველთვის ნაკლებად ძლიერი იქნება, ვიდრე რუსეთი, თუმცა ეს არაა მიზეზი იმისათვის, რომ ის დაუცველად დავტოვოთ რუსეთის შემოჭრიდან ორი წლის თავზე,“ – წერდა ჯონ მაკკეინი ”ვაშინგტონ პოსტში”.

თავად თბილისს საყვედურები ამ მიმართულებით არასდროს გამოუთქვამს. 5 ივლისს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, რომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა პროცესია, რომელიც ”ეტაპობრივად” მიმდინარეობს და რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკის მიმართ "სასაყვედურო არაფერი გვაქვს“.

ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი იხსენებს, რომ, თუკი აგვისტოს ომამდე მთავარ მომწოდებლებად ჩეხეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, უკრაინა და ისრაელი ითვლებოდნენ, ომის შემდეგ საქართველოსთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას, რუსეთის ზეგავლენით, არაერთმა ქვეყანამ გადახედა:
”მაგალითად, ისრაელმა, ფაქტობრივად, შეწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა, სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით... უკრაინაში რაც მოხდა, იცით. იქ ხელისუფლება შეიცვალა და მანაც შეწყვიტა... ჩეხეთიდან ამას წინათ იქნა გარკვეული შეიარაღება შესყიდული, რაც გაეროს რეესტრითაც არის ცნობილი და ამაში საიდუმლო არაფერია - ეს თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს შეეხება, მაგრამ ეს უშუალოდ ჩეხეთმა არ მოგვაწოდა, სხვა ქვეყნის გავლით იქნა შესყიდული... ”
ალადაშვილი ამბობს, რომ ”ასეთი შემოვლითი გზებით” შესყიდული იარაღი საქართველოს ბევრად უფრო ძვირი უჯდება, თორემ თვითონ შესყიდვა, პრინციპში, პრობლემას არ წარმოადგენს და გზები ყოველთვის გამოინახება.

თუკი რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგო აქამდე ერთგვარ არაოფიციალურ სახეს ატარებდა, კრემლი დაჟინებით მოითხოვს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ამიერიდან ”ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ემბარგო” დაწესდეს და ეს მისწრაფება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა აგვისტოს დასაწყისში გაახმაურა.