ვაგნერის ცხოვრების ”იტალიური ოპერა”

რიხარდ ვაგნერი

ვაგნერის ცხოვრებაში ორჯერ მოხდა ასეთი უცნაური დრამა - ჯერ იყო და მას თავისი მფარველის, ოტო ვეზენდონკის მეუღლე მატილდე შეუყვარდა, ამ ტრაგიკულმა რომანმა კი საბოლოოდ ”ტრისტან და იზოლდე” შვა. მეორედ კი, უკვე ხანშიშესული ვაგნერი, იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა - მას ისევ მეგობრისა და გულშემატკივრის ცოლი შეუყვარდა. შეიქმნა საშინლად უხერხული სიტუაცია - ერთი მხრივ ბიულოვი, კოზიმას ქმარი, იყო ადამიანი, რომელსაც ვაგნერი სრულიად ენდობოდა, როგორც დირიჟორს და საკუთარი ნაწარმოებების შემსრულებელს და მეორეს მხრივ, მას აღარ შეეძლო კოზიმას გარეშე ცხოვრება. საბოლოოდ, ისევე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, საქმეში თავად ბავარიის მეფე, ახალგაზრდა ლუდვიგ მეორე ჩაერია: ბიულოვისა და კოზიმას ოჯახი დაინგრა. კოზიმა ცოლად გაჰყვა რიხარდ ვაგნერს.

კოზიმა ვაგნერისთვის არა მხოლოდ ცოლი იყო, არამედ მისი მუსიკალური იმპერიის მთავარი ქურუმიც. ის ერთგულად და მკაცრად უფრთხილდებოდა და აკონტროლებდა ყველაფერს, რაც ვაგნერთან იყო დაკავშირებული, როგორც მის სიცოცხლეში, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგაც. მას შემდეგ, რაც ვაგნერი გარდაიცვალა, კოზიმამ საკუთარ თავზე აიღო ბაიროითის ფესტივალის ორგანიზება. კოზიმა როგორც სიწმინდეს, ისე უფრთხილდებოდა ყველა იმ ტრადიციას, რომელიც ვაგნერმა თავის სიცოცლეში დაამკვიდრა. მაგალითად, ის მკაცრად აკონტროლებდა ისეთ დეტალებსაც კი, როგორიც "პარციფალის" ფინალში აპლოდისმენტების დაკვრაა - როგორც ცნობილია, 1881 წელს, ”პარციფალის” მსვლელობისას, ანტრაქტში, ვაგნერი სცენაზე გამოვიდა (ამას ადასტურებენ დარბაზში მსხდომი პეტრე ჩაიკოვსკი და გუსტავ მალერი) და პუბლიკას სთხოვა, რომ სპექტაკლის დასრულების შემდეგ ისე დაშლილიყვნენ, როგორც რაიმე რიტუალის შემდეგ - აპლოდისმენტების გარეშე.

ძალიან კარგად ახასიათებს კოზიმა ვაგნერს შემდეგი ეპიზოდიც: ვაგნერის სიკვდილის შემდეგ ბაიროითში ჩადის მოხუცი ლისტი, კოზიმას მამა. თუმცა იგი ჩერდება არა ვაგნერის ვილა ”ვანფრიდში”, არამედ იქვე მდებარე პანსიონატში. ამის მიზეზი კი საკუთარი ქალიშვილი, კოზიმაა. კოზიმამ აუხსნა მამას, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ლისტი ვაგნერის სახლში გარდაიცვლებოდა, ვილა ”ვანფრიდი” არა მხოლოდ ვაგნერთან, არამედ მის სახელთანაც იქნებოდა დაკავშირებული, რაც კოზიმას აზრით, სრულიად დაუშვებელი იყო - ლისტისა და ვაგნერის ისტორიის ”ტერიტორიები” არ უნდა გადაკვეთოდნენ ერთმანეთს. შესაძლოა, კოზიმას ეს საქციელი სისასტიკედაც მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ ასეთი იყო იგი და ასეთია ბაიროითის ისტორიაც.

კოზიმა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კიდევ 40 წელი მართავდა ბაიროითის ფესტივალს, უკანასკნელ წლებში კი შვილთან, ზიგფრიდ ვაგნერთან ერთად. მართალია, ზიგფრიდ ვაგნერი მამის კვალს გაჰყვა და თოთხმეტი ოპერაც დაწერა, მაგრამ მისი ოპერები დღეს სრულიად დავიწყებულია. სხვათა შორის, მისი ერთ-ერთი ოპერა თავის დროზე გუსტავ მალერმაც კი შეასრულა ვენის ”შტადს-ოპერში”.

კოზიმა ვაგნერი 1930 წელს გარდაიცვალა. არც ზიგფრიდს უცოცხლია დიდხანს. ზიგფრიდისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება ითქვას, დაუფარავი აგრესიით ეპყრობოდა ნელ-ნელა მომძლავრებულ ნაცისტურ პარტიას, მისი ცოლი, ვინიფრედ ვაგნერი, ფანატიკოს ჰიტლერიანელად იქცა. ზიგფრიდის გარდაცვალების შემდეგ სწორედ მან ჩაიბარა ბაიროითის ფესტივალი, შედეგად ბაიროითის ფესტივალის სტუმართა შორის სისტემატურად იყვნენ ადოლფ ჰიტლერი და იოსებ გებელსი, - განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ბაიროითში ჰიტლერის საყვარელი ტენორი, მაქს ლორენცი მღეროდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეების ბომბებმა საკმაო ზიანი მიაყენეს ბაიროითის საფესტივალო სასახლეს. თუმცა ომის დამთავრების შემდეგ ვაგნერის შვილიშვილებმა, რეფორმატორმა რეჟისორებმა ვილანდ და ვოლფგანგ ვაგნერებმა აღადგინეს დანგრეული შენობა და საფესტივალო ტრადიციაც.

დღეს ბაიროითის ფესტივალს კვლავაც ვაგნერების ოჯახი მეურვეობს. მისი მასპინძლები ვოლფგანგ ვაგნერის ქალიშვილები, ევა და კატარინა ვაგნერები არიან. დასასრულს, კვლავაც მოვისმინოთ ნაწყვეტი ”პარციფალიდან”, რომლითაც ტრადიციულად სრულდება ხოლმე ბაიროითის ფესტივალი.