გაერო საქართველოში დევნილთა კვების პროგრამას წყვეტს

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა დონორთა დაფინანსების სიმცირის გამო საქართველოში დევნილთა კვების პროგრამას წყვეტს. პროგრამას, წესით, კიდევ ერთი წელი უნდა ემუშავა. ალტერნატიული კვების პროგრამა სახელმწიფოს ჯერჯერობით არა აქვს.

თუ გახსოვთ, დაახლოებით ერთი თვის წინ დევნილთა ცხოვრებაზე მოგაწოდეთ სიუჟეტი - „დევნილები გამომცემლობაში“… მაშინ დევნილებმა არ იცოდნენ, სულ მალე შენობის დატოვება პოლიციის ესკორტის თანხლებით რომ მოუწევდათ, თუმცა ზუსტად იცოდნენ, აგვისტოს ომის შემდეგ დევნილები, აფხაზეთიდან დევნილებისგან განსხვავებით, მცირე სასურსათო პაკეტით დახმარებას რომ იღებდნენ. ეს დახმარება ზაფხულის დასაწყისიდან შეწყდა. მაშინ ვამბობდით, ბალანსისკენ ნაბიჯი გადაიდგაო… თუმცა, როგორც ირკვევა, საქმე ასე მარტივად არაა. ეს საკვები პროგრამა, რომელიც აგვისტოს ომის შედეგად დევნილებს ეხმარებოდა, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ნაწილი იყო, საერთაშორისო პროგრამის, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით შიმშილს ებრძვის. ჰოდა, რამდენიმე დღის წინ ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა „ევრაზიანეტს“ განუცხადა, დონორთა დაფინანსების ნაკლებობის გამო პროგრამა დაგეგმილზე ერთი წლით ადრე შეწყდაო. „ევრაზიანეტის“ სტატიაში მაიკ ჰაგინსი, მსოფლიო კვების პროგრამის წარმომადგენელი, გაფრთხილებას იძლევა, დევნილებს მძიმე ზამთარი ელით, რადგანაც მათი უმრავლესობა შიმშილის ზღვარზე ცხოვრობსო. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ:

„ჩვენი შეფასებით, 2010 წლის მარტისთვის გადაადგილებულ პირთა 94 პროცენტი გარანტირებული არ არის ელემენტარული კვების პირობებით და მათი ძირითადი საკვები მოთხოვნილების დაკმაყოფილება გარე დახმარებაზეა დამოკიდებული. 62 პროცენტი დევნილებისა საერთოდ არ მოიხმარს ხორცს, რძის პროდუქტებსა და ხილს. ეს ასეც დარჩება, სანამ ფერმერული პროდუქცია ან რეგულარული შემოსავალი არ გაუჩნდებათ. ამას გარდა, ბევრი იძულებით გადაადგილებული პირი არ არის უზრუნველყოფილი ადეკვატური მიწით და ირიგაციის სისტემით, რათა მათ საკუთარი მოთხოვნილებანი დაიკმაყოფილონ.

დავინტერესდით, ცნობილია თუ არა დევნილთა სამინისტროსთვის, რომ მსოფლიო სასურსათო პროგრამა წყდება. აქვე უნდა ითქვას, რომ დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი 2008 წელს 122-მდე მილიონი ლარიდან 2010 წელს სამასი პროცენტითაა შემცირებული და 40 მილიონ ლარს შეადგენს. შედარებისთვის: ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი 700 მილიონ ლარს სცილდება. ვრეკავთ საფინანსო დეპარტამენტში კობა სელიმაშვილთან.

რადიო თავისუფლება: თუ აქვს დევნილთა სამინისტროს კვებაზე ბიუჯეტი გამოყოფილი?
კობა სელიმაშვილი: არა, კვებაზე სახსრები გამოყოფილი არაა…

დევნილთა და განსახლების სამინისტროდან ცოტა მეტის გასაგებად ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსთან, ვალერი კოპალეიშვილთან, ვცადეთ დაკავშირება. „ევრაზიანეტთან“ ინტერვიუში ის ამბობს, რომ, მსოფლიო სასურსათო პროგრამის შეწყვეტის მიუხედავად, დევნილებს შიმშილის საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან ისინი, სასურსათო დახმარების გარდა, სახელმწიფო 28 ლარიან თვიურ დახმარებასაც იღებენ. ბატონი ვალერი ამჯერად შვებულებაშია, სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ეკა გულუა კი გვიხსნის:

„ზოგადად რომ იცოდეთ, კითხვას სვამთ არასწორად. რას ნიშნავს დევნილთა კვება? თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ ვკვებავთ დევნილებს? დევნილთა კვება ისევეა, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეების კვება…“

იმაზე, რომ, საქართველოს სხვა მოქალაქეთაგან განსხვავებით, დევნილებს ზოგადად რესურსებთან წვდომის გაცილებით ნაკლები შანსი აქვთ, რამდენიმე კვირის წინ „ამნესტი ინტერნეიშენალის“ დასკვნაში იყო საუბარი. მაშინ ჩვენთან ინტერვიუში „ამნესტი ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელი ნიკოლა დაკვორტი ამბობდა:

„2007 წელს ახალმა სტრატეგიამ აღიარა, რომ ადამიანებს აქვთ უფლება ლოკალური ინტეგრაციისა, თუმცა რეალური ინტეგრაცია გაცილებით მეტია, ვიდრე გქონდეს სახურავი თავზე. ეს ბევრ სხვა რამეს მოიცავს. ადამიანი საზოგადოების სრულფასოვან წევრად უნდა გრძნობდეს თავს, რესურსები ერთნაირად მისაწვდომი უნდა იყოს დევნილი და არადევნილი მოსახლეობისათვის. თუმცა ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ მდგომარეობა არათანაბარია…“

მეორე არგუმენტი იმისა, რომ დევნილთა კვების სახელმწიფო პროგრამა არ მუშაობს, არის ის, რომ მთავრობამ დევნილები მიწის ნაკვეთებით დააკმაყოფილა, თუმცა მიწის სიმცირეზე, ირიგაციის პრობლემებზე და ამ მიწების გრძელვადიან არაეფექტურობაზე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაშია საუბარი. იმავე „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, დევნილთა განსახლების ადგილები არ იძლევა საშუალებას იქ თვითკმარი სოციუმები შეიქმნას და ამ ადამიანების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია მოხდეს. ამას გარდა, „ამნესტი ინტერნეიშენალისვე“ დასკვნით, სახელმწიფოს არ გააჩნია გრძელვადიანი ქმედითი დასაქმების ხელშემწყობი პოლიტიკა, რათა ეს ადამიანები თვითკმარ მოქალაქეებად იქცნენ… ამ პირობებში, ბუნებრივია, საკვებით დახმარება ის მინიმუმია, რომლის უზრუნველყოფაც სახელმწიფოს შეუძლია… გაფრთხილებას ამჯერად გაეროს მსოფლიო სასურსათო ორგანიზაცია იძლევა.