ახალი გადასახადი

საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც ახალ გადასახადს აწესებს, უკვე ძალაშია: ქვეყნის ტერიტორიაზე მოძრავი სატვირთო ავტომობილების მძღოლებს 200-ლარიანი გზათსარგებლობის საფასურის გადახდა მოუხდებათ. გადასახადის გადახდა დაეკისრება ყველა ტიპის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას (მიკროავტობუსების გარდა), რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდება.

გზათსარგებლობის საფასურისგან მხოლოდ ის მძღოლები გათავისუფლდებიან, ვინც ტვირთის გადაადგილებას საზღვაო ნავსადგურიდან უახლოეს 10 კილომეტრში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში ახორციელებს.

გზათსარგებლობის საფასურის შემოღების უმთავრეს მიზნად მთავრობა განახლებული გზების შენახვას ასახელებს. ამ გადასახადის დაწესების შესახებ მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონზე გადაწყვეტილება პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცა. მართალია, საპარლამენტო განხილვებისას მთავრობა საფასურის სავარაუდო ოდენობად 150-160 ლარს ასახელებდა, თუმცა საბოლოოდ 200 ლარის დაწესება გადაწყდა.

კანონის განხილვა მცირეოდენი ხმაურის თანხლებით მიმდინარეობდა. პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებდა, რომ გზათსარგებლობის საფასურის შემოღების ინიციატივა, დამტკიცების შემთხვევაში, უკანონობის გამო საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. მეორე მხრივ არსებობდა ეჭვი, რომ ამ გადაწყვეტილების პარლამენტის მიერ დამტკიცება, ავტომატურად გააძვირებს ტრანზიტს და ფასებს.

რაც შეეხება ინიციატივის უკანონობას, აქ არგუმენტი ასეთია: გზების მოვლის და შენახვის გადასახადი ნავთობპროდუქტების აქციზში დევს და მძღოლი, საწვავის შეძენისას, ამ გადასახადს ავტომატურად იხდის. კანონმდებლობით კი ერთი გადასახადით ორმაგად დაბეგვრა აკრძალულია.