დევნილებს ისნის სამხედრო ჰოსპიტალიც დაატოვებინეს

13 აგვისტოს გამთენიიდან შენობა დააცლევინეს ისნის ე.წ. სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს.

თბილისში დევნილების გამოსახლების პროცესი კვლავ გრძელდება. 13 აგვისტოს გამთენიიდან შენობას აცლევინებენ ისნის ე.წ. სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს. გამომცემლობა ”სამშობლოსა” და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შენობის შემდეგ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ეს უკვე მესამე კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტია, რომელსაც დევნილები ტოვებენ.

ისნის ე.წ სამხედრო ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორია სატვირთო მანქანებითაა სავსე. ცარიელი სატვირთო ავტომობილები ეზოში შედიან და, ლეიბებით, ავეჯით, პოლიეთილენის პარკებში უწესრიგოდ ჩაყრილი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით დატვირთული, უკან ბრუნდებიან. ვინ სად მიდის, არავინ იცის ჰოსპიტლის ტერიტორიაზე, სადაც, როგორც თავად იქ მცხოვრებლები ამბობენ, დაახლოებით 2000-მდე დევნილი ცხოვრობდა - ე.წ. ძველი დევნილები, აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები. ყველა დაბნეულია, დამფრთხალი, მედიასთან ლაპარაკს ყველა გაურბის. პოლიცია ეზოში არ გვიშვებს, მიზეზი - ასეთია ბრძანება. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, გარეთ გამოსულ დევნილებს დაველოდოთ. ეზოდან ქალი გამოდის, ორი მცირეწლოვანი ბავშვით. სად მიდის - არ იცის. ამბობს, რომ, სავარაუდოდ, სადმე ქირით იცხოვრებს.

Your browser doesn’t support HTML5

დევნილებმა ისნის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვეს



იზა გვაჯაია, აფხაზეთიდან დევნილი, ჰოსპიტალში ბოლო ორ წელია ცხოვრობს. მანამდე ის ავლაბარში სწორედ იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, სადაც ახლა პრეზიდენტის რეზიდენციაა. ის ახლა სწორედ იმ თავისი ძველი სახლის დაბრუნებას ითხოვს.

ეზოში სატვირთოსთან ერთად სასწრაფო დახმარების მანქანებიც შედიან. მაგრამ რა ხდება შიგნით, ძნელი გასარჩევია. ეზოდან გამოსული სასწრაფო დახმარების ერთ-ერთ ექიმს ვთხოვთ მოგვითხროს, რა ხდება შენობაში. გვეუბნება, რომ ქალბატონი გახდა ცუდად.

პოლიცია კი ყველანაირად ცდილობს ერთი მეტრითაც არ წავიწიოთ წინ, რომ დევნილებს დაველაპარაკოთ.
ავტომობილების და ავტობუსების მძღოლებს ვეკითხებით, სად მიჰყავთ ეს ხალხი. პასუხები აქაც ბუნდოვანია: ”სადაც გვეტყვიან, იქით წავალთ. ჯერ უნდა დავტვირთოთ მანქანა. შეიძლება ზუგდიდისკენ წავიდეთ.”

ცხინვალიდან დევნილებს ვერ წარმოუდგენიათ როგორც შეიძლება იცხოვრონ სამეგრელოში, თუ მათ იქ წაიყვანენ: ” რა გვინდა იქ, რა უნდა ვაკეთოთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ.ჩვენ ჩვენს სამშობლოში გვინდა, ჩვენს სოფლებში, შეგვიყვანონ იქ, არსად წამსვლელები ჩვენ არ ვართ.”

ჩვენს კითხვაზე, სად მიდიან, განურჩევლად ყველას ერთი პასუხი აქვს: ”არ ვიცით, არაფერი ვიცით, ალბათ, ასე უნდა ვეყაროთ ქუჩაში.”

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პოზიცია ცნობილია და ურყევი: დევნილების განსახლება სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილია და ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. ვალერი კოპალეიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბევრ ასეთ ობიექტში, რომელიც დღეს დევნილებისგან იცლება, ცხოვრობდა ხალხი, რომელსაც დახმარება უკვე მიღებული აქვს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე, რომელიც თავის კოლეგებთან ერთად კოლექტიური ჩასახლების ადგილებს სწავლობდა, ამბობს, რომ საქართველოში სულ 1600-მდე კოლექტიური ცენტრი არსებობს, თუმცა, მაგალითად, გამომცემლობა „სამშობლო“, საიდანაც დევნლები ორიოდე კვირის წინ გამოასახლეს, ასეთ ცენტრად არ ითვლებოდა, რადგან იქ დევნილთა უმრავლესობა რეგისტრირებული არ ყოფილა. ჩვენ მას ვეკითხებით, რეალურად რამდენად უარესდება ასეთი ცენტრებიდან გამოსახლებული ადამიანების მდგომარეობა გამოსახლების შემდეგ:

”თუ დევნილს რეგისტრაციის ადგილად კოლექტიური ჩასახლების ადგილი აქვს მითითებული, მაშინ მისი გამოსახლება არ შეიძლება მოხდეს, თუ რაიმე ალტერნატიულს არ შესთავაზებენ, და ეს ალტერნატიული ფართი კი ისევ ქალაქში უნდა იყოს, რომ პირობების გაუარესებად არ შეფასდეს.”