დევნილების გამოსახლების პროცესი გრძელდება

დღეს თბილისში ყოფილი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შენობაში მცხოვრები დევნილების გამოსახლება, მათივე განცხადებით, დილის 6 საათიდან დაიწყო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებით, ამ შენობაში 387 ოჯახი ცხოვრობდა. მათი ნაწილი ე.წ ძველი დევნილია, რამდენიმე ოჯახი კი -აგვისტოს ომის შემდეგ სამაჩაბლოდან და ზემო აფხაზეთიდან დევნილი. დევნილების განცხადებით, გამოსახლების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ გამოსახლების პროცესის დაწყებისას მიიღეს. როგორი იყო ყოფილი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შენობის წინ შეკრებილი დევნილების მდგომარეობა და რატომ გაააქტიურა ხელისუფლებამ დევნილების სხვადასხვა შენობებიდან გამოსახლების პროცესი?

ყოფილი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შენობაში მცხოვრები დევნილების ნაწილი პირად ნივთებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოყოფილ სატვირთო ავტომანქანებში ტვირთავდა, ხოლო ნაწილი შეკრულ ბარგთან იჯდა. შენობის გარშემო კი პოლიციის კორდონი და ლითონის ღობე იყო.

დევნილების განცხადებით, სამინისტროდან მხოლოდ ერთი შეთავაზება მიიღეს: წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოში ან ზუგდიდის რაიონის სოფელ ორულში გადაყვანა.

”თვითონ ფოცხოელები არ ცხოვრობენ ფოცხოში და ჩვენ უნდა წავიდეთ იქ? იქ ვიყავი 5 წელი და რომ არაფერი გამოგვივიდა, წამოვედით თბილისში. ახლა აქ ვართ ჩაწერილები, ამბობენ დაგაკმაყოფილებთო და რა ვიცი, როდემდე უნდა ვიყოთ ასე.” ”ვერსად ვერ მოვდივარ. რაც მაქვს, იმასაც ნაგავში ვყრი, წასაღები ადგილი რომ არ მაქვს. ლოგინები მაქვს და იმასაც აქ ვტოვებ. მოვკვდები, ალბათ, სადმე და ეგ იქნება.”
”წავალთ, განა არ წავალთ, მაგრამ შეგვიქმნან ელემენტარული პირობები, რომ თავი გაიტანოს ადამიანმა და პური მაინც მქონდეს. თუ არა და მომკლან აქვე”, - ამბობდნენ დევნილები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარიამ ესაიაშვილმა, რომელიც პროცესს აკვირდებოდა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ შენობაში დევნილთა ნაწილი ძალით იყო შეჭრილი. ისინი საცხოვრებელი ფართებით იყვნენ დაკმაყოფილებული. მხოლოდ მცირე ნაწილია, ვისაც კომპენსაცია არ მიუღია და მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროცესი მიმდინარეობს:

”აქ მცხოვრები დევნილების უმეტესობას აქვს მიღებული კომპენსაცია, 10 ათასი დოლარის ეკვივალენტი ლარებში, რომლითაც ისინი ვალდებული იყვნენ ეყიდათ საცხოვრებელი ფართი და თვით უზრუნველეყოთ საკუთარი თავშესაფარი, მათ კი, ვისაც კომპენსაცია არ მიუღია, მიმდინარეობს პროცესი და ისინი ამ თანხას მიიღებენ.“

უკანასკნელ პერიოდში დევნილთა გამოსახლების პროცესი გააქტიურდა. რამდენიმე კვირის წინ გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობიდან გამოასახლეს დევნილები. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს ნაბიჯი გარკვეული პოლიტიკის ნაწილია და ის არჩევნების დასრულებას უკავშირდება. მისი დაკვირვებით, თუ დევნილებს არჩევნებამდე წაახალისებენ ხოლმე, მათი ხმების მოსაპოვებლად, არჩევნების დასრულების შემდეგ კი, პირიქით, მათ მიმართ პოლიტიკა მკაცრი და დაუნდობელი ხდება. ასე რომ, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, დევნილთა გამოსახლების პროცესი აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო.

”ამას აქვს ცინიკური ფორმა, რადგან ყველაფერი ხდება არჩევნების შემდეგ. გულსატკენი სწორედ ის არის, რომ დევნილები ვერ ხვდებიან, რომ ისინი ხდებიან მანიპულაციის ობიექტი თუ საგანი. არჩევნებამდე მათ იყენებენ რესურსად, არჩევნების შემდეგ კი მათი უფლებების საშინელი დარღვევა ხდება”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

არაფერს კონკრეტულს, დევნილების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფისა და მათთვის პირობების გაუმჯობესების გარდა, არ უკავშირებენ შენობიდან დღევანდელ გამოსახლებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ვალერი კოპალეიშვილი განმარტავს, რომ დევნილთა გამოსახლების და მათი ხელახლა განსახლების პროცესი იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც 2007 წლის ბოლოს შემუშავდა და რომლის განხორციელებაც 2008 წლის აგვისტოს ომის გამო შეფერხდა. 2009 წლის იანვრიდან კი დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელება აქტიურად გაგრძელდა.