ახალი საექსპორტო ლიდერები

ექსპორტის მოცულობა და მისი მახასიათებლები უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საქართველოს ეკონომიკური განვითარებითვის. თუმცა, ტრადიციულად, საქართველოს საექსპორტო პროდუქციის რიგი ძალიან იშვიათად იცვლება და, ძირითადად, კვლავაც ფეროშენადნობებზე, ავტომობილებზე, ჯართსა და სხვა სასაქონლო პოზიციებზე დგას.

ამდენად, ქართულ საექსპორტო ნუსხაში “ახალი სახის” გამოჩენა ყოველთვის უმნიშვნლოვანესია. დღეს მთავრობაში სწორედ ასეთ “ახალ სახეზე” ალაპარაკდნენ - ქართული საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში ბაყაყი გაჩნდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ბაყაყის შესყიდვის ინტერესი არსებობს. შარშან საქართველოდან ბაყაყების გარკვეული ოდენობის საცდელი ექსპორტი უკვე განხორციელდა, აჭარის და გურიის რეგიონებში კი უკვე არსებობს ბაყაყების მოსაშენებელი მეურნეობები.

საქართველოდან ირანში კი ცოტა ხნის წინ 1000 სული ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. წლის ბოლომდე აზიურ ბაზარზე კიდევ 350 ათასი სული ცხვრის ექსპორტია დაგეგმილი, რაც მეცხოველეობის ამ დარგს ახალ შესაძლებლობებს უხსნის. მიმდინარე წლის გასულ 7 თვეში საქართველოდან 10 ათასი სული ცხვარი უკვე ექსპორტირებულია.

სტატისტიკური ინფორმაციით კი, 2009 წელს საქართველოდან 17 მლნ დოლარზე მეტის ღირებულების 267 ათასი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. თითო ცხვრის საშუალო ფასი 64 დოლარის ფარგლებში მერყეობს. 2009 წელს ქართული ცხვრის ექსპორტი სომხეთში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, ლიბანში და აზერბაიჯანში განხორციელდა.

იმ არაბულ ქვეყნებს, რომელშიც შარშან ქართული ცხვარი წარმატებით გაიყიდა, წელს, სავარაუდოდ, ყატარიც დაემატება, ცხვრის ექსპორტი კი, წინასწარი გაანგარიშებით, 5-10%-ით გაიზრდება.