ქაჯოდევოკრატია

რამდენიმე კვირის წინ, მცირედი პაუზით, ფეისბუკზე ორი ერთმანეთის მსგავსი კატეგორიული რჩევა მივიღე: ჯერ პაატა საბელაშვილი ითხოვდა თავისი მეგობრებისგან, რომ „ფრენდების“ სიიდან ლადო სადღობელაშვილი ამოეშალათ; ოდნავ მოგვიანებით კი თავად ლადო სადღობელაშვილმა მოგვმართა ამავე მოთხოვნით მის ფეისბუკელ მეგობრებს. ორივე გვემუქრებოდა, რომ ვინც ამ მოთხოვნას არ შეასრულებდა, მასთან მეგობრობის შანსს სამუდამოდ დაკარგავდა.

თუ ამ ორ ადამიანს არ იცნობთ, გეტყვით, რომ პაატა საბელაშვილი უკიდურესი ლიბერალია, ხოლო ლადო სადღობელაშვილი – უკიდურესი კონსერვატორი. ერთმანეთის არ ესმითო, რომ ვთქვა, რბილად ნათქვამი გამომივა. იმდენად ვერ ეგუებიან ერთმანეთს, რომ თუ ერთს დაელაპარაკები, მეორე აღარ დაგელაპარაკება. ამით კი პაატა და ლადო გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს.

ჩემი აზრით, ეს ორი ადამიანი მთლიანობაში ზუსტად ასახავს ბოლო წლების თბილისური ცხოვრების მთავარ ტენდენციებს. საზოგადოების ერთი ნაწილი უკიდურესად კონსერვატიულია, ყოველგვარი სიახლისთვის და არჩევანისთვის ჩაკეტილი, სწორხაზოვანი და თვითიზოლაციაში მოქცეული. მეორე ნაწილი კი უკიდურესად ლიბერალურია, იმდენად უკიდურესად, რომ მის წიაღშიც მრავალფეროვნებისთვის და არჩევანისთვის (მაგალითად, ლადოსთან ფეისბუკური მეგობრობისთვის) ადგილი აღარ რჩება.

თუ მაინცადამაინც არჩევანი გვინდა, შეგვიძლია, ამ ორს შორის ავირჩიოთ – ერთი მხრივ, მზარდ ანტილიბერალურ, ნაციონალისტურ–მართლმადიდებლურ აგრესიას ჩვენი ხმა შევუერთოთ; მეორე მხრივ, საზოგადოების შუბოსნურ–ლიბერალური მოდერნიზაციის აკვიატებული იდეის დანერგვაში ჩავერთოთ. დავაკვირდეთ, რამდენი ადამიანი შეეფარა რადიკალ–კონსერვატორებსაც და შუბოსან ლიბერალებსაც; რამდენმა იგრძნო თავი კომფორტულად გარემოში, რომელშიც ასარჩევი აღარაფერია – ყველაფერი უკვე არჩეული და გადაწყვეტილია. თუ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს ჭეშმარიტების უშრეტ წყაროზე მიუწვდება ხელი, სამაგიეროდ, მეორე მხარეს, პატრიოტულ ბანაკებში, ლიდერია ყოველთვის მართალი.

ორივე მხარეს აქვს მარტივი პაროლი, რომელიც გზამკვლევია „თავისიანებსა“ და „უცხოებს“ შორის – როგორც, მაგალითად, მისალმების წესი იყო ფაშისტურ გერმანიაში. რადიკალი კონსერვატორებისთვის „ჩემიანობა“ ამერიკის ლანძღვით იწყება; შუბოსანი ლიბერალების „სავიზიტო ბარათი“ კი რუსეთის გინებაა. შუალედურ სივრცეს არც ერთი მხარე აღიარებს და არც მეორე. ვთქვათ, თუ ვამბობ, რომ დასავლური მედიასტანდარტის დანერგვას სიკეთის მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის, აუცილებლად ლევან რამიშვილის ფარული ხელმძღვანელობით ვმოქმედებ; ხოლო თუ ვფიქრობ, რომ საქართველო რუსეთს ომს ვერ მოუგებს და არც უნდა ცადოს, ცხადია, ჩამორჩენილი და სადღობელაშვილის მეგობარი ვარ.

ორივე მხარე ფაქიზად რეაგირებს ცნებაზე „ქართული“, თუკი ეს ცნება თვითმყოფადობას, ისტორიას, ტრადიციებს, კულტურას უკავშირდება. კონსერვატორებს საკუთარი ქართველობა ფუყე, უშინაარსო სიამაყით ავსებს; ლიბერალები კი ახალ იდენტობას ეძებენ და „ჩვეულებრივი“ ქართველობის მიმართ ცინიზმს და ქედმაღლობას არ მალავენ.

ორივე მხარე მწვავედ რეაგირებს ეკლესიურ თემებზე. კონსერვატორები მუდამდღე გაღეღილი მკერდით ეფარებიან დედა ეკლესიას; ლიბერალებს კი ის დღე დღედ არ მიაჩნიათ, პატრიარქს და სამღვდელოებას თუ არ შეუტიეს.

ამ ორ მხარეს შორის ფიზიკური შეხლა–შემოხლაც უკვე მოხდა. ეს, ერთი შეხედვით, უცნაურია, რადგან რადიკალ კონსერვატორებს, საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, კი სჩვევიათ შოკისმომგვრელი სიახლით სწრაფი აღშფოთება; მაგრამ ლიბერალი, წესით და რიგით, ვერ მისცემს თავს უფლებას, თუნდაც ყველაზე ოდიოზური გავლენის წიაღში მოხვედრილ ადამიანებს ცხვირ–პირი უმტვრიოს. ოღონდ, ლიბერალიც არის და ლიბერალიც – შუბოსანი ლიბერალი სულ სხვაა!

ამ ვითარებაში ყველაზე გულსაკლავად ის მიმაჩნია, რომ შუბოსნები ხელისუფლების იდეოლოგიურ საყრდენს ქმნიან; რადიკალი კონსერვატორები კი ოპოზიციის ბანაკს უდგამენ სულს და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აპირებენ საკუთარი იდეალების ხორცშესხმას.

* * *

ორიოდე დღის წინ ჩემმა მეგობარმა ვასიკო მაღლაფერიძემ გამახსენა „ვეფხისტყაოსანში“ ნაწინასწარმეტყველები ომი დევებსა და ქაჯებს შორის. დევები ძლიერები, მაგრამ ტლანქები არიან; ქაჯები კი – მოქნილები და მრავლის მცოდნენი. კლასიკა უკვდავია: დღევანდელი საქართველო ისევ დევებისა და ქაჯების ომისთვის ემზადება. ქაჯები თუ წააგებენ, დევები მოიგებენ; თუ არადა, დევები წააგებენ და ქაჯებს დარჩებათ ქვეყანა.

* * *

ამასობაში, სად ვართ ჩვენ, ვისთვისაც დევები და ქაჯები ერთნაირად მიუღებელია? ვინც ზუსტად ვიცით, რომ სადაც დევები და ქაჯები ებრძვიან ერთმანეთს, იქ ვერც დემოკრატია დამკვიდრდება და ვერც სამოქალაქო საზოგადოება განვითარდება? ვისაც მხოლოდ ის მიზანი გვაქვს, რომ დევებსა და ქაჯებს შორის ომი საერთოდ არ შედგეს და მათ შორის მოგებულს კი არ დარჩეს ჩვენი სამშობლო, არამედ – ჩვენ დაგვრჩეს, ადამიანებს?

სინამდვილეში, კი ვართ სადღაც აქვე, განსმდგომ შუაკაცებად, მაგრამ, ჯერჯერობით, არ ვიცით, ადამიანმა დევს და ქაჯს როგორ უნდა აჯობოს. არადა, ღვთის ხატად შექმნილმა ადამიანმა ეს უკვე ბევრჯერ შეძლო – მითოსშიც, ზღაპარშიც, ეპოსშიც... შესაძლებელია, ეს რეალობაშიც მოხდეს.

ოღონდ, რეალობაში ქაჯებს და დევებს გამარჯვების მეტი შანსი აქვთ, ვიდრე ადამიანებს.