სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის დისლოცირების 25-წლიანი ვადის გაგრძელებას ერევანი და მოსკოვი 49 წლამდე აპირებენ. ეს განზრახვა სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა არტურ ბაღდასარიანმა დაადასტურა. მისივე თქმით, რუსეთის მთავრობამ ქვეყნის პრეზიდენტს შესთავაზა სომხეთთან ხელი მოაწეროს ოქმს, რომელიც რუსული სამხედრო ბაზის საქმიანობას შეეხება. ბაღდასარიანის განცხადებით, ასევე გათვალისწინებულია, რომ სომხეთის უსაფრთხოებას ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებთან ერთად, რუსეთი უზრუნველყოფს, რასაც მისივე თქმით, განსაკუთრებული პოლიტიკური და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების და სხვა სფეროებში რუსეთთან თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების საკითხები აგვისტოში, პრეზიდენტ მედვედევის ერევანში ვიზიტისას განიხილება.