სახიფათოა თუ არა რუსეთის ეკლესიის გაძლიერება

დღეს რუსეთი ახალ დღესასწაულს აღნიშნავს - კიევის რუსეთის მიერ მეათე საუკუნეში ქრისტიანობის მიღებას. ამავე დროს, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას სულ უფრო ხშირად განიხილავენ როგორც კრემლის ყველაზე ეფექტურ იარაღს ახალი, პოსტსაბჭოთა იდენტობის ჩამოსაყალიბებლად. რუსეთის ეკლესიის მზარდმა კავშირმა „რუსობის“ ცნებასთან ბევრის შეშფოთება გამოიწვია - ხომ არ შეუწყობს ეს ხელს ქვეყნის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ განწყობას.

რუსეთის პოლიტიკური ელიტა, მათ შორის, პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი და პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ხაზს უსვამენ, რომ მართლმადიდებლები არიან. ისინი ესწრებიან საშობაო და სააღდგომო წირვებს. მათ სახელმწიფო კალენდარს ახალი რელიგიური დღესასწაულები დაამატეს - როგორიცაა, მაგალითად, 28 ივლისი, კიევის რუსეთის მიერ ქრისტიანობის მიღების დღე. მეათე საუკუნეში მომხდარ ამ მოვლენას მიიჩნევენ ასევე დასაბამად პოლიტიკური იმპერიისა, რომელიც შემდეგ დღევანდელ რუსეთად ჩამოყალიბდა - ეს რუსეთის პარლამენტმაც აღნიშნა ამ დღის სადღესასწალოდ ოფიციალურად დამტკიცებისას.

ზოგი ექსპერტი შიშობს, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს გაძლიერებულ კავშირებს კრემლი იყენებს პატრიოტული და ნაციონალისტური გრძნობების გასაღვივებლად - საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების მიზნით. რუსეთის ეკლესიას ახალი როლები ეძლევა საზოგადოების სხვა დროს სეკულარულ ნაწილებში - მაგალითად, რუსეთის არმიაში, სადაც მართლმადიდებელი მღვდლების კაპელანებად დანიშვნას გეგმავენ.

რუსეთის კონსტიტუცია დღეს მკაფიოდ განასხვავებს სახელმწიფოსა და ეკლესიას, თუმცა პრაქტიკულად გამყოფი ხაზი არცთუ ისე მკაფიოა, - ამბობს ანდრეი ზოტოვი, რუსეთის რელიგიური საქმეების ექსპერტი. ის ფიქრობს, რომ კონსტიტუციას მომავალში შეცვლიან, რათა ხელი შეუწყონ სახელმწიფოსა და ეკლესიის ფორმალური კავშირების გაძლიერებას.

რუსეთის ეკლესია განსაკუთრებით პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის შემდეგ გაძლიერდა. მას მიიჩნევენ უფრო დინამიკურ და ლიბერალურ ფიგურად, ვიდრე მისი წინამორბედი, ცივი ომის ტრადიციებში აღზრდილი ალექსი გახლდათ. ახლა რუსეთის ხელისუფლება მეტად ითვალისწინებს ეკლესიის ინტერესებს - იმდენად, რომ ეს ადამიანის უფლებადამცველების შეშფოთებას იწვევს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი ლევ ლევინსონი ამბობს, რომ ხელისუფლებას კირილთან განსხვავებული დამოკიდებულება გაუჩნდა:

ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ანუ პატრიარქ კირილეს გამოჩენის შემდეგ, სახელმწიფო აშკარად განიცდის ზეწოლას სხვადასხვა არეალებში ეკლესიის სასარგებლოდ.

კირილე რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა გახდა. ამავე დროს, ის თანმიმდევრულად აღადგენს ურთიერთობებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ეკლესიების ლიდერებთან. ურთიერთობების გამყარების პროცესია 9-დღიანი ტურნე უკრაინაში, რომელშიც ის ახლა იმყოფება.

ამავე დროს, კირილემ საეკლესიო მოვლენების ტელევიზიით გადაცემა გაახშირა. ის ცდილობს სკოლებში სავალდებულო მართლმადიდებლური განათლება დანერგოს, რამაც რუსეთში პროტესტი გამოიწვია: რუსეთში ხომ 4 ოფიციალური რელიგიაა - მართლმადიდებლობა, ისლამი, იუდაიზმი და ბუდიზმი.

ამას ემატება ისიც, რომ, ეკლესიის ლობირების შედეგად, რუსეთის მთავრობამ მიიღო კანონი, რომლითაც ეკლესიას საბჭოთა დროს ჩამორთმეული ქონების დიდი ნაწილი დაუბრუნდა. შესაბამისად, რუსეთის ეკლესია უძრავი ქონების ერთ-ერთი უდიდესი მეპატრონე გახდა ქვეყანაში.

სინდისის თავისუფლების ინსტიტუტი - დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც რუსეთში ქსენოფობიასა და რელიგიურ შეუმწყნარებლობას ებრძვის, ამბობს, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის სიმიოტური ურთიერთობა ჩამოყალიბდა და რომ ეს ხელს უწყობდა რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციას.

თათარი ისტორიკოსი ნურულა გარიფი ეკლესიის მიერ საერო საქმეებში ჩარევას პოლიტიკურად არასწორს უწოდებს. მან თქვა: „რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეაღწია სახელმწიფო ინსტიტუტებში და გახდა იარაღი, რომელიც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, ხალხით მანიპულირება მოახდინოს. რელიგია ცუდი არ არის, მაგრამ რელიგიას არ უნდა იყენებდე იარაღად საკუთარი ხალხის ან სხვა ხალხის წინააღმდეგ.“

მართლმადიდებლად თავს რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი მიიჩნევს. თუმცა, ამავე დროს, საეკლესიო მსახურებას 8 პროცენტზე ნაკლები ესწრება ხოლმე. პაველ ველიკანოვი, რომელიც 12 წელია რუსეთის ყველაზე დიდ სემინარიაში ასწავლის, ამბობს, რომ ეკლესიის როლის მეტისმეტად გაზრდაზე ლაპარაკი სასაცილოა. რუსეთის საზოგადოებას, დიდწილად, სულ არ ესმის მართლმადიდებლობა, - ამბობს ის.

„როდესაც მესმის, რომ საზოგადოება მეტისმეტად ეკლესიური ხდება, რომ ეკლესია იპყრობს ყველაფერს, მეღიმება. საკმარისია ნებისმიერ სახლში შეხვიდე და იქ ხატს ნახავ, მაგრამ ის კედელზე იქნება არასწორ ადგილას ჩამოკიდებული ან სადმე თაროზე შემოდებული.“

ველიკანოვი ამბობს, რომ მისი და მისი მოსწავლეების საქმეა რუსეთის მომავალ თაობებს არა მხოლოდ ხატების სწორად ჩამოკიდება ასწავლონ, არამედ გაიგონ მართლმადიდებლობა ისე, როგორც ეს ეკლესიას უნდა.