ქართველები - აზია-აფრიკის ექსპერტები

გოგი თოფაძე, კომპანია „ყაზბეგის“ პრეზიდენტი

ქართველ ექსპერტებზე საზღვარგარეთ მოთხოვნა იზრდება. კომპანია „ყაზბეგის“ პრეზიდენტი გოგი თოფაძე ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის მიწვევით უკვე მეორედ გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივ მთავრობას გოგი თოფაძე კონსულტაციებს გაუწევს გამაგრილებელი სასმელების წარმოების საკითხებში.

ფრანგული კომპანიების კონსორციუმთან ერთად ქურთისტანში მინერალური წყლის ჩამოსხმისა და ლიმონათის წარმოების შესაძლებლობები განიხილება და ამ საქმის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას სწორედ თოფაძის ჯგუფი მოამზადებს. ამ ურთიერთობების ფარგლებში შესაძლოა მხარეები ერთობლივ წარმოებაზეც შეთანხმდნენ. ამ მხრივ, ერაყის ქურთისტანში საკმაოდ კარგი პირობები ყოფილა - მხარე ფართო ავტონომიას ფლობს და ეკონომიკურადაც საკმაოდ მიმზიდველი ყოფილა. ბოლო 2 წელიწადში ინვესტიციების მოცულობა იქ 28%-ით გაზრდილა.

ლადო გურგენიძე
ცოტა უფრო ადრე ქართველმა ბიზნესმენებმა აფრიკაც დაიპყრეს - ექს-პრემიერი ლადო გურგენიძე რუანდული “კიგალი ბანკით” დაინტერესდა. გურგენიძე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა და „კიგალის“ აღმოსავლეთ-ცენტრალური აფრიკის რეგიონის ლიდერად ქცევა სურს. მისი ხელმძღვანელობით რუანდული ბანკი გაფართოებას და რეგიონში დომინანტის სტატუსის მოპოვებას ცდილობს, თუმცა ამ ეტაპზე მისი აქტივები ჯერ მხოლოდ 200 მილიონ დოლარს შეადგენს, საცალო ქსელი კი 18 ფილიალს მოიცავს.

ლექსო ალექსიშვილი
კიდევ ერთი ყოფილი სახელმწიფო მოხელის, ჯერ ეკონომიკის, შემდგომ კი ფინანსთა ყოფილი მინისტრის ლექსო ალექსიშვილის კომპანია “პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფი” კი ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ეკონომიკური მრჩეველია. კომპანია ყირგიზეთის მთავრობას იმგვარი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში უნდა დაეხმაროს, რომელიც ქვეყნას ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში შეუწყობს ხელს.