”სამშობლოდან” გამოსახლებულები

ქალაქის ცენტრში მდებარე გამომცემლობა „სამშობლო“ საპრივატიზაციოდ მზადდება. იქ მცხოვრები რამდენიმე ასეული დევნილი მოქალაქე დღეს პოლიციის კორდონის თანადასწრებით შენობიდან გამოიყვანეს. დევნილთა ნაწილს - მათ, რომელთაც დღემდე სახელმწიფოსგან კომპენსაცია არ მიუღიათ - საცხოვრებელ ადგილს ზუგდიდის რაიონის სოფლებში სთავაზობენ.

კოსტავას 14 ნომრის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ყველას გარეთ გამოტანილი და შენობაზე აყუდებული წიგნები გვხვდება ხოლმე, ჩაკეტილია. მოქალაქენი სამანქანო გზაზე დადიან, ქვეითად მოსიარულეთა ბილიკი კი თითქმის მთელ სიგრძეზე რკინის გადასატანი მოაჯირებითაა შემორკალული და ამ ჯებირს ასევე მთელ სიგრძეზე ჩამწკრივებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სდარაჯობენ. ცენტრალურ შესასვლელთან მუნიციპალიტეტის რამდენიმე სატვირთო ავტომობილია მიყენებული და ავეჯით იტვირთება. შიგნით შესვლის უფლებას არ იძლევიან, გამომცემლობაში დევნილები ბოლო დღეს ატარებენ.

„თითქმის დაცლილია უკვე.“

შიგნით ვერ შევედით, გამოზიდვის სამუშაოებს ხელს უშლითო, სხვებს უთხრეს, თავში რამე არ დაგეცეთ, საშიშიაო. არადა, დევნილები, მათ შორის - ბავშვები, და თავად პოლიციელებიც ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. იმის გასარკვევად, თუ შიგნით რა ხდებოდა, ტელეფონით ვრეკავ.

„გვეუბნებიან, თუ დროზე არ გაიტანთ თქვენს ავეჯს, ფანჯრიდან გადავყრით და დაგილეწავთო.“

სხვა დევნილები ამბობენ, პროცესი ცივილიზებულად მიდისო. ყოველ შემთხვევაში, შენობის გარეთ მოვლენები, რამდენიმე გამწვავებას თუ არ ჩავთვლით, მშვიდად ვითარდება. ჟურნალისტები პროცესს ჯებირს გარედან აკვირდებიან. იქვე დგანან სხვა მოქალაქეებიც.

„ცოდონი არიან, მაგრამ რა უნდათ გამომცემლობის შენობაში? არ მომწონს, აქ რომ ბირჟაა, ამავდროულად, ადამიანურად მეცოდებიან.“

ეგრეთ წოდებული ბირჟა „სამშობლოს“ წინ რამდენიმე დღე გრძელდებოდა. გამოტანილი იყო წარწერები ქართულ და ინგლისურ ენაზე: „SOS“, „დაგვეხმარეთ, მთავრობა ქუჩაში გვტოვებს“. ეს ყველაფერი ოფიციალური გაფრთხილების მოსვლის შემდეგ დაიწყო, დევნილებს რამდენიმე დღე მისცეს შენობის დასაცლელად.

„ამ ოფიციალური ფურცლის მოსვლის შემდეგ სამჯერ ვიყავით სამინისტროში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გავმართეთ მშვიდობიანი აქცია, ასევე ვიყავით ევროკავშირში, გაეროში, ეკონომიკის სამინისტროში. სამინისტრომ საერთოდ არ მიგვიღო, აქციის ფორმით ურთიერთობა არ გვსურსო.“

ამის პარალელურად ეკონომიკის სამინისტრო აქვეყნებდა ინფორმაციას კოსტავას 14 ნომერში მდებარე გამომცემლობა „სამშობლოს“ აუქციონისთვის მზადების შესახებ. 20-ზე მეტი ათასი კვარდატული მეტრი შენობა და 10 ათასამდე მიწის ნაკვეთის საწყის ფასად 12 მილიონი დოლარი დასახელდა, თუმცა მოგვიანებით იგივე სამინისტრო აუქციონის გადადების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და ამბობს, შენობის აზომვა უნდა მოხდეს და აუქციონზე ამის შემდეგ გავაო. აზომვა ჯერ არ მომხდარა, დილიდან ჯერ შენობის დაცლა გრძელდება.

- თქვენ სად მიდიხართ?
- წარმოდგენა არ მაქვს.
- ნათესავებთან, ალბათ?
- დიახ, ნათესავებთან. სადმე წასასვლელი რომ ყოფილიყო, აქამდე წავიდოდით, აქ ხომ არ გავჩერდებოდით ამ ყოფაში, ამ სიბინძურეში.

ეს - მოკლევადიანი პერსპექტივა. გრძელვადიანში კი დევნილებს დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდის რაიონის რამდენიმე სოფელში დაჰპირდნენ ჩასახლებას. ამაზე დევნილთა და განსახლების სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე წერს:

სამინისტოს მიზანია, ქუჩაში არავინ დარჩეს და ყველა ოჯახი დაკმაყოფილდეს საცხოვრებელი ფართით.

- ამბობენ რომ სოფელი იყო და „ობშიჟიტიები“ იყო კომუნისტების დროს, ის გავაკეთეთ და იქ ჩაგასახლებთო.
- ვიცით პირობები. დავრეკეთ ახლობლებთან. არის სოფელი, არის უწყლობა.
- მე, მაგალითად, ვმუშაობ თბილისში, ჩემი და აქ სწავლობს და ვერ წავალთ. რამე სხვა გზას მოვნახავთ. იქიდან, უბრალოდ, ვერ ვივლით.

- რომც წავიდეთ, ისეთი დროა, რამე საგაზაფხულო სამუშაოები რო ჩაატარო, რამე რომ დათესო, თავი რო გაიტანო... მეუბნებოდნენ, გოჭი იყიდეო, მაგრამ ამ გოჭის და ხბოს ყიდვასაც ფული სჭირდება.

ასეა თუ ისე, შენობა ასაზომად უნდა გამზადდეს და საპრივატიზაციოდ აუქციონზე გავიდეს, თუმცა ჯერჯერობით საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში „სამშობლო“ მოთავსებული არ არის.