ოთხთვალები ხიდზე, კოსოვოს პრეცედენტი გონებაში და კონსტიტუცია ზაფხულში

საკონსტიტუციო კომისიის სხდომა

ზაფხული ძალაში შედის და, შესაბამისად, სულ უფრო ნელდება პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმდინარე კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა. ამ მოვლენათაგან ზოგი პირდაპირ, ზოგი კი ირიბად შეეხო საქართველოს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების საბაზისო პროექტის საერთო-სახალხო განხილვის პროცედურის დაწყება იყო. ამ პროცესთან საზოგადოების ერთმა ნაწილმა უშუალოდ დააკავშირა ცხელი ზაფხული და დასვენება.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის საბაზისო პროექტს კენჭი 19 ივლისს უყარა და დიდი უმრავლესობით, 47-დან 44 ხმით, დაამტკიცა. პროექტი პრეზიდენტს ინიცირებისათვის გადაეცა, მისი საერთო სახალხო განხილვის პროცედურა კი 21 ივლისს სპეციალური საორგანიზაციო კომისიის შექმნით დაიწყო. კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის ძირითადი კანონის, ზოგადი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარედ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაინიშნა. მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში კომისიამ კონსტიტუციის პროექტის შეფასების პროცესში მოქალაქეების ჩართულობა და მათგან მიღებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების თავმოყრა უნდა უზრუნველყოს. კონსტიტუციისა და ცხელი ზაფხულის ურთიერთკავშირს, ოპონენტები სწორედ აქ ხედავენ - არსებობს მოსაზრება, რომ კანონპროექტის საერთო-სახალხო განხილვისთვის კომისიამ და ხელისუფლებამ შეგნებულად შეარჩიეს წლის ყველაზე პასიური თვეები -ივლისი და აგვისტო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ 6 თვით შექმნილმა კომისიამ ერთი წლის განმავლობაში იმუშავა და პროექტს დასრულებული სახე სწორედ წლის ამ დროს მიეცა, რაშიც ბრალი არავის მიუძღვის. გარდა ამისა,

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია ვითხოვთ, რომ გამოთხოვილი იყოს ეს უვარგისი ვარიანტი, იმიტომ რომ ეს არ არის საზოგადოების თანხმობის პროდუქტი ...
”ბოლო სესიაა, ბოლო სხდომაა და გადავწყვიტეთ, რომ პრეზიდენტისთვის გადაგვეცა. ეს ჩვენი მოვალეობა იყო. პრეზიდენტმა, თავის მხრივ, გადაწყვიტა, რომ შეიტანოს პარლამენტში დღესვე, ანუ ბოლო სესიაზე.”

რიგგარეშე სხდომის ბოლო სესიიდან საშემოდგომო სესიის პირველ სხდომებამდე - დაახლოებით ამ ვადით განისაზღვრება კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვიდან საპარლამენტო განხილვებამდე გამოყოფილი დრო. ერთ-ერთი პირველები კი, ვინც ამ პროცესში თავისი მოსაზრება დააფიქსირა, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრები იყვნენ. ისინი, თავის მხრივ, ქვეყნის მოწყობის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს ემხრობიან. კონსტიტუციის საბაზისო პროექტი კი, რომელიც შერეული მოდელის სახელითაა ცნობილი, მათთვის მიუღებელია, პრეზიდენტს, პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ძალთა ბალანსის დაუცველობისა და, საბოლოო ჯამში, კვლავ პარლამენტის უუფლებობის გამო. არის სხვა შენიშვნებიც, რეკომენდაცია კი, რომელიც მთგან სწორედ გასულ სამუშაო კვირაში გაისმა, სცილდება შენიშვნების სფეროს.

”საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია ვითხოვთ, რომ გამოთხოვილი იყოს ეს უვარგისი ვარიანტი, იმიტომ რომ ეს არ არის საზოგადოების თანხმობის პროდუქტი, ეს არ არის ჯანსაღი პროცესის შედეგად შექმნილი ვარიანტი, ისევე როგორც ამ ვარიანტის თაობაზე არ არსებობს მინიმალური დონის თანხმობაც კი, როგორც საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან”, - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.

საარჩევნო კანონმდებლობის ირგვლივ თანხმობის მიღწევის კიდევ ერთი მცდელობა

გასულ სამუშაო კვირაში ცნობილი გახდა საქართველოს პარლამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ერთი საერთო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თანხმობის, კერძოდ კი, საარჩევნო კანონმდებლობის ირგვლივ თანხმობის მიღწევის საქმეში დახმარებას ისახავს მიზნად. საქმე ეხება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის იმ ფორმატის განახლებას, რომელიც პარტიებს მის, ანუ ნეიტრალურ მოედანზე, საარჩევნო კანონის ხარვეზების გამოსასწორებლად მოლაპარაკების საშუალებას აძლევს.

ვადასტურებთ რა ჩვენს მზადყოფნას მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას, ამ საკითხზე ოპოზიციის გამოხმაურებას ველით ...
”სრულიად საკმარისი დრო გვაქვს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ წყნარად, მშვიდად, დინჯად, ზედმეტი აჩქარების გარეშე დავსხდეთ ერთად, ვიმუშაოთ ერთად და ერთად უზრუნველვყოთ ის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდეს კიდევ უფრო უკეთეს გარემოში. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციური პარტიებიც დაეთანხმებიან ამ შეთავაზებას და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებას”, - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 21 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორთან, ლუის ნავაროსთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

”ვადასტურებთ რა ჩვენს მზადყოფნას მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას, ამ საკითხზე ოპოზიციის გამოხმაურებას ველით”, - აღნიშნა, თავის მხრივ, ლუის ნავარომ. ოპოზიციას გადაწყვეტილებების მისაღებად დრო ბევრი აქვს.

მთავრობის სხდომა ყვარელში

რაც შეეხება ხელისუფლებას, კერძოდ, აღმასრულებელ ხელისუფლებას, გასულ სამუშაო კვირაში გამართულ მთავრობის სხდომაზე თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთელი რიგი უწყებების ”არაპროფესიონალიზმი” და ”ბიუროკრატიზმი” კვლავ მთავარ პრობლემად რჩება. ყვარელში გამართულ სხდომაზე მთავრობა პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღების შიშისა და გადაწყვეტილების მიღების გადავადებისა თუ თავიდან მოშორების გამო გაკიცხა და ინვესტიციების ნაკადის სიმცირის მიზეზად სწორედ ეს გარემოება დაასახელა. მან კონკრეტული მაგალითი ეკონომიკის სამინისტროდან მოიყვანა, ზოგადად, მთავრობის მისამართით კი განაცხადა:

”ამიტომაა, რომ ტყეებს ვერ დავაყენეთ საშველი, ძვირფასო გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებო და მინისტრო, ამიტომაა, რომ ძალიან ბევრ უწყებაში, ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაში არის პრობლემები, ამიტომაა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში გარკვეული პრობლემები. ზის ხალხი, განსაკუთრებით თქვენს ქვემოთ, რომელთათვისაც ყველაზე კარგი პოზა არის არაფრის კეთება, ნაცრის ქექვა და მახათის გაყრა ერთ ადგილზე. ბოდიში.”

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკა 7-8 პროცენტით გაიზარდოს.

კოსოვოს დამოუკიდებლობა

მე მგონია, რომ საერთაშორისო დამოკიდებულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მიმართ არ შეიცვლება არანაირად ...
საერთაშორისო მოვლენა კი, რომელიც, გასაგები მიზეზების გამო, ერთნაირად აქტუალური აღმოჩნდა როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე საზოგადოებისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს 22 ივლისის გადაწყვეტილება იყო. გაეროს საერთაშორისო სასამართლომ გენერალური ასამბლეის შეკითხვაზე, იყო თუ არა კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადება საერთაშორისო სამართლის დარღვევა, განაცხადა: საერთაშორისო სამართალი დამოუკიდებლობის გამოცხადების აკრძალვას არ შეიცავს და, შესაბამისად, კოსოვოს მიერ 2008 წლის 17 თებერვალს დამოუკიდებლობის გამოცხადება საერთაშორისო სამართალს არ არღვევს. ის, რომ კოსოვოს პრეცედენტი ამ შემთხვევაშიც უნიკალურია და იგი ავტომატურად არ უნდა მიესადაგოს სხვა შემთხვევებს, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების, რომელიც შესასრულებლად სავალდებულო არ არის, გამოქვეყნების შემდეგაც არაერთხელ ითქვა. თუმცა ამის მიუხედავად, საქართველოში აქტუალობას არ კარგავს შეკითხვა, რა გავლენას იქონიებს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სეპარატისტული, თვითაღიარებული რეგიონების სხვა ქვეყნების მიერ აღიარების საკითხზე.

”მე მგონია, რომ საერთაშორისო დამოკიდებულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მიმართ არ შეიცვლება არანაირად. შესაძლებელია, უბრალოდ, ამ გადაწყვეტილებამ სტიმული მისცეს სხვა ანალოგიურ ვითარებაში მყოფ რეგიონებსა და ხალხებს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი გზით იარონ”, - ფიქრობს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

სეპარატისტულ რეგიონებში კი მიიჩნევენ, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება მათ არგუმენტებს მეტ წონასა და ფასს სძენს.

”თუ აფხაზეთი ჰააგის სასამართლოს მიმართავს, დარწმუნებული ვარ, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამასთან, ჩვენ კოსოვოზე მეტი ისტორიული, იურიდიული და მორალური საფუძველი და არგუმენტები გვაქვს, ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარონ”, - განუცხადა აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ საინფორმაციო სააგენტო „აპსნი-პრესს.”

თუმცა მაშინ, როდესაც სეპარატისტები კოსოვოს პრეცედენტის ქართულ რეალობაზე მორგების მოსურნეობას ამჟღავნებენ, დანარჩენი საქართველო და მისი მხარდამჭერები ამ შანსის არარსებობის იმედს იტოვებენ. ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ამ დღებში ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღდგა. რადიო თავისუფლების გალელი რესპონდენტების ცნობით, ცენტრალურ ხიდზე მოქალაქეთა სიმრავლე შეიმჩნევა, ხიდზე გადადიან ოთხთვალებიც, რომელთაც მგზავრები გადაჰყავთ სამეგრელოდან აფხაზეთში და პირიქით.