ირანში მეჩეთთან მოწყობილი აფეთქებების შედეგად დაღუპულების რიცხვი 27-მდე გაიზარდა

ირანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ზაჰედანში მეჩეთთან მოწყობილი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულების რიცხვი 27-მდე გაიზარდა. დაიჭრა 270-მდე ადამიანი. იერიშზე პასუხისმგებლობა სუნიტი მეამბოხეების ჯგუფმა, „ჯუნდალაჰმა“ იკისრა. ამავე ჯგუფმა გასული წლის მაისშიც მოაწყო იერიში მეჩეთზე ზაჰედანში, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაიღუპა. „ჯუნდალაჰი“ აცხადებს, რომ სუნიტური უმცირესობის უფლებებისთვის იბრძვის. ის სუნიტების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს ირანის შიიტების მიერ დომინირებულ მთავრობას. თეირანი კი ირწმუნება, რომ „ჯუნდალაჰი“ შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მხარდაჭერით სარგებლობს.