ალექსანდრ ვერტინსკი და ლევან ხაინდრავა, ნაწილი 2

ალექსანდრ ვერტინსკი

დღეს გთავაზობთ სიუჟეტის "ალექსანდრ ვერტინსკი და ლევან ხაინდრავა" მეორე, დასკვნით ნაწილს.

უნდა ითქვას, რომ ვერტინსკის მდიდარ ბიოგრაფიაში ჩინეთს განსაკუთრებული ადგილი უკავია. სწორედ ჩინეთში შეიძინა ვერტინსკიმ ახლო მეგობარი ლევან ხაინდრავას სახით და ცოლად შეირთო ქართველი ქალი, ლილია წირღვავა.

საქმე ისაა, რომ გასული საუკუნის ოციან წლებში რუსეთის ყოფილი იმპერიის მოქალაქეებმა ე.წ. ჩინურ-აღმოსავლური რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით ხარბინში დიდი კოლონია დააარსეს. ხარბინის ქართულ სათვისტომოს გოგა და ივლიანე ხაინდრავების პაპა, ივლიანე ხაინდრავა-უფროსი, ხელმძღვანელობდა. მის ვაჟიშვილს, ძმები ხაინდრავების მამას, ლევანს, ახალგაზრდობაში ვერტინსკისთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა. აი, რას ჰყვება ამასთან დაკავშირებით ლევანის ვაჟიშვილი, ცნობილი პოლიტოლოგი ივლიანე ხაინდრავა-უმცროსი:

"მამაჩემის მონაყოლით, ალექსანდრ ვერტინსკი მისი უფროსი მეგობარი იყო. უფრო მეტიც, ვერტინსკი იყო მეტრი, რომლის ავტორიტეტს აღიარებდა მთელი სამეგობრო წრე - ადამიანი, რომელსაც მოვლილი ჰქონდა მსოფლიო, - არა მხოლოდ მომღერალი, არამედ არტისტი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ბუნებრივია, იმ წრეში ის იყო ლიდერი. მამასთან ვერტინსკის მეგობრობას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ როდესაც ალექსანდრმა შანხაიში შეირთო ცოლი, ეროვნებით ქართველი ლილია წირღვავა, ქორწილში მამაჩემი ხელისმომკიდე იყო."

ხაინდრავების ოჯახის თავგადასავალი დრამატული აღმოჩნდა: ორმოცდაათიან წლებში ძმები ივლიანე და გოგა ხაინდრავების მამა, მწერალი ლევან ხაინდრავა, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა, რასაც მათი ჩრდილო ყაზახეთში გადასახლება მოჰყვა. ხაინდრავები მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ დაბრუნდნენ თბილისში. იმხანად მუსიკისმცოდნე გულბათ ტორაძე, ჟურნალისტი გივი გამრეკელი და თქვენი მონა-მორჩილი ლევანთან ვმეგობრობდით. ის იყო ნიჭიერი მწერალი, უაღრესად კოლორიტული ადამიანი, შესანიშნავი პატრიოტი, ქართული ფეხბურთის დიდი მოტრფიალე. ლევანის გარდაცვალების შემდეგ გულბათ ტორაძემ მას მიუძღვნა შესანიშნავი წიგნი, სახელწოდებით “ჩემი მეგობარი ლევან ხაინდრავა”.

1956 წელს, თბილისში ვერტინსკის უკანასკნელი კონცერტის შემდეგ, მომღერალმა ლევანი თავის ნომერში, სასტუმრო ”თბილისში” მიიწვია. დიდი შანსონიე უხასიათოდ იყო. მან სევდიანი ხმით მიმართა მეგობარს: ”ცხოვრება გავიდა და წუწუნი ცოდვად ჩამეთვლება: ბევრს მივაღწიე, დავბრუნდი რუსეთში, ადამიანებს ვუყვარვარ, ისინი ჩემს კონცერტებზე დადიან, მყავს ოჯახი, და მაინც... იცით, რას ვისურვებდი? წავიდოდი პარიზში, ვიქირავებდი პატარა ოთახს და იმ განუმეორებელ ქალაქში წყნარად, მშვიდად გავატარებდი დარჩენილ დღეებს”... ამ შეხვედრის შემდეგ ვერტინსკიმ მხოლოდ შვიდი თვე იცოცხლა.

ვერტინსკის ქალიშვილები, ნახევრად ქართველები ანასტასია და მარიანა, ცნობილი რუსი მსახიობები არიან. ალექსანდრ ვერტინსკიმ მათ მიუძღვნა მშვენიერი სიმღერა - “Доченьки”.