საგამოცდო ციებ-ცხელება გორში

გორის საგამოცდო ცენტრთან ხმაური გამოცდიდან აბიტურიენტების გამოსვლისას დაიწყო. ყველას ის აინტერესებდა, როგორ გაართვეს ახალგაზრდებმა თავი დავალებას. ზოგი ამბობდა, რომ გამოცდა რთული იყო, ზოგს კი ტესტის დაწერა არ გასჭირვებია.

ნია დავითაშვილი ჟურნალისტობაზე ოცნებობს. გამოცდის სირთულის მიუხედავად, იგი მიიჩნევს, რომ კარგად დაწერა.

საგამოცდო ცენტრიდან ზოგი აბიტურიენტი იმედგაცრუებული, ზოგი კი თავაწეული გამოდიოდა. ერთი ნაწილი იმასაც ამბობდა, რომ დროში ვერ ჩაეტია და თემის დაწერა ვერ მოასწრო.

აბიტურიენტებზე არანაკლებად საგამოცდო ცენტრთან მისული მშობლები ნერვიულობდნენ, ისინი გამოცდიდან გამოსულ შვილებს შორიდანვე ამჩნევდნენ და ერთი სული ჰქონდათ ახალ ამბავს როდის მოისმენდნენ. საგამოცდო ცენტრთან, მშობლების გარდა, პაპები და ბებიებიც იმყოფებოდნენ.

გორის საგამოცდო ცენტრში სულ 1800 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, აქედან 52 გამოცდებზე არ გამოცხადდა.

დღეიდან ცენტრში პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო. გორის საგამოცდო ცენტრში 718 მასწავლებელი დარეგისტრირდა, მაგრამ რამდენიმემ ბოლო მომენტში გამოცდაზე გასვლა გადაიფიქრა.

პირველი გამოცდა პროფესიულ უნარებში ტარდება. თითოეული გამოცდა 5 საათს გრძელდება. გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის თინა გვერდწითელის თქმით, აუტანელი სიცხის გამო მუშაობა ექსტრემალურ პირობებში უწევთ.

აბიტურიენტთა და პედაგოგთა გამოცდები 23 ივლისამდე გაგრძელდება, შედეგები კი უკვე აგვისტოდან გახდება ცნობილი.