ქართული პრესის მიმოხილვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში, მისი შედეგების ანალიზი, ოპოზიციური პარტიების შესაძლო კოალიციები და სამოქმედო გეგმები, საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული სამოქმედო გეგმა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ეს თემების მოექცა ქართული პრესის ფოკუსში მიმდინარე კვირის განმავლობაში.

5 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის წინ გამოსულ გაზეთებში გარკვეული ადგილი ამ ვიზიტის მნიშვნელობის შეფასებასაც უკავია. ”ამერიკა ხელისუფლებას გაფრთხილებას მისცემს“; „ვის გაანაწყენებს დღეს კლინტონი - საქართველოს თუ რუსეთს?”; ”მოკავშირეთა დასამშვიდებელი ვიზიტი” - ასეთ სათაურებს შეხვდებოდით ზოგიერთი გაზეთის პირველ გვერდზე.

”კვირის პალიტრა” კახა კაციტაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ის ამბობს: ”ჰილარი კლინტონის ვიზიტი უნდა განვიხილოთ როგორც პროცესის საწყისი ეტაპი, რომელიც, იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც გლობალურ პოლიტიკაში ხდება, ზეგავლენას იქონიებს საქართველოს საშინაო პოლიტიკაზეც.”
”მთელი კვირა” ბეჭდავს ვრცელ ინტერვიუს სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სტრატეგიის დეტალებზე ლაპარაკობს.

სხვა თემებს რაც შეეხება, ”კვირის ქრონიკა” რუბრიკაში ”გალერეა” ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერ ნინო ბურჯანაძეს წარუდგენს მკითხველს. ბურჯანაძე ინტერვიუში ამბობს, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ირაკლი ალასანიასთან სერიოზული საუბარი ჰქონდა და მას პარტიის შექმნაში თანამშრომლობა შესთავაზა. ”ჩემი ეს გადაწყვეტილება სააკაშვილს ვუთხარი, რომ მე ვაპირებ პარტიის შექმნას და მეორე ნომრად ირაკლი ალასანიას ჩაწერას-მეთქი და მან მითხრა, რომ ირაკლი შენთან პარლამენტში არ წამოვაო, მას პრეზიდენტობის ამბიცია აქვსო”, - ამბობს ბურჯანაძე.

6 ივლისი. ”6 საათიანი დემოკრატიის გაკვეთილები” - ასე შეაფასა გაზეთმა ”რეზონანსმა” ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტი თბილისში. საკუთარი შეფასება კი ”რეზონანსმა” დასავლურ მედიაში გაჟღერებული აქცენტებით გაამყარა. მაგალითად, ”ვაშინგტონ პოსტი” ყურადღებას ამახვილებს შეკითხვაზე, რომელიც ჰილარი კლინტონს ქალ ლიდერებთან შეხვედრაზე დაუსვეს: ჰქონდა თუ არა აშშ-ის მთავრობას საქართველოსთვის დემოკრატიის გეგმა, რაზეც სახელმწიფო მდივანმა უპასუხა: ”აშშ-ს ასეთი გეგმა ყოველთვის აქვს.”
”რა აზრი აქვს იმ უცხოელებთან შეხვედრებს, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებას უჭერენ მხარს, ”უპრავებენ” არჩევნებს და მათ მხარდასაჭერად ჩამოდიან?” - გაზეთ ”ალიას” ჟურნალისტმა გადაწყვიტა საკუთარი კითხვა გამოეტანა იმ მოსაზრებების სათაურად, რა მოსაზრებებიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მასთან საუბრისას გამოთქვეს. მაგალითად, ”მემარჯვენეების” ლიდერის დავით გამყრელიძის თქმით, ”შეხვედრებს ყოველთვის აქვს აზრი, მით უფრო, ისეთი მაღალი რანგის სტუმართან, როგორიცაა ჰილარი კლინტონი. თუმცა ეს იყო ვალის მოხდის ვიზიტი. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ამერიკასა და ობამას ადმინისტრაციას მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს საქართველოს მიმართ”,- ამბობს გამყრელიძე.
იმაზე, რომ კლინტონის ვიზიტისგან კონფლიქტებთან დაკავშირებით რაიმე სერიოზულ გარღვევებს არ უნდა ველოდეთ, საუბრობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ხადური. ინტერვიუს გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა” ბეჭდავს.

7 ივლისი. ”ნეიტრალური ალტერნატივა” - ამ სათაურით ”24 საათში” წაიკითხავდით სტატიას ”ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის გეგმის” ერთ დეტალზე. ავტორის აზრით, ამ გეგმის მიხედვით, ”აფხაზებსა და ოსებს (უფრო აფხაზებს) დიდი ხნის ოცნება აუხდებათ და, რუსეთი-ნიკარაგუა-ვენესუელა-ნაურუს გარდა, დანარჩენ მსოფლიოშიც თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცემათ. საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის ნეიტრალური მოწმობისა და სამოგზაურო დოკუმენტის გაცემაზე”, - წერს ”24 საათის” ავტორი.

”ფრთხილად!!! - შავი ზღვის სანაპირო ზოლზე რადიაციული ფონი მომატებულია, წყალი - დაბინძურებული!” - ეს ”ვერსიის” სათაურია”. ტექსტში წაიკითხავთ: ”2010 წელს საქართველოში დაახლოებით იგივე ხდება, რაც 1986 წელს ჩერნობილის კატასტროფის დროს მოხდა - მოსახლეობას რაღაცას უმალავენ.“

8 ივლისი. მოსკოვში ქართული პროპაგანდის ჩახშობისა და ქართულენოვანი ფედერალური მედიაარხის შექმნის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, წერს დღევანდელი ”რეზონანსი”. პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკოსის ანატოლი ჩიგანკოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს რუსეთმა ოპერაცია საქართველოს მშვიდობისაკენ იძულების გამო წამოიწყო, საინფორმაციო გამარჯვება მაინც თბილისს რჩება.



”ყველა სიახლე” აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს ”დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან: ”რა თქმა უნდა, ოპოზიციაში არის პრობლემები”, - აცხადებს ბურჯანაძე და იქვე განაგრძობს: ”ჯობდა, შარშან ოპოზიციას ბოლომდე მიეყვანა საქმე, ასეთი არათანმიმდევრული არ ყოფილიყო და არ ეღალატა ხალხისთვის.“

მაგისტრალური გაზსადენის გასხვისების თემაზე საუბარს აგრძელებს გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა”. ”ექსპერტები საქართველოს მთავრობას შეახსენებენ, რომ რუსეთს ჩვენი გაზსადენის ხელში ჩაგდებით შესაძლებლობა ეძლევა, ჩაშალოს ევროპისთვის გაზის მიწოდების ალტერნატიული პროექტები, შუა აზიისა და ირანის აირი საკუთარ ინფრასტრუქტურაში მოაქციოს და ერთადერთ მონოპოლისტად იქცეს”, - წერს პუბილკაციის ავტორი.

9 ივლისის გაზეთებში კვლავაც წააწყდებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის - ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის გამოძახილს. კერძოდ, ლაპარაკია მის მიერ სიტყვა ”ოკუპაციის” წარმოთქმასა და რუსეთის რეაქციაზე. გაზეთ ”24 საათისთვის” პოლიტოლოგ ვასილ ჭყოიძეს უთქვამს, რომ ტერმინ ”ოკუპაციის” დამკვიდრება აუცილებლად მიიღებს სამართლებრივ გაფორმებას და საერთაშორისო დოკუმენტებში აისახება.

ოკუპაციის აღიარების თემაა გავრცობილი ინტერვიუში პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან.”ვერსიაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ კონსერვატიული პარტიის ლიდერ ზვიად ძიძიგურთან. ის კვლავ რუსეთთან მოლაპარაკებების საჭიროებაზე ლაპარაკობს: ”ეს პოლიტიკაა. მონღოლები რომ იდგნენ საქართველოში, მათ ქართველი მეფეები არ ელაპარაკებოდნენ? რა, ისინი არ იყვნენ ოკუპანტები და დამპყრობლები? არ ელაპარაკებოდნენ თურქებს, სპარსელებს?” - კითხულობს ძიძიგური.

10 ივლისს გაზეთი წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენით არის დაინტერესებული, ამ წინადადების დამადასტურებლად კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ტელეკომპანია ”მირისთვის“ მიცემული ინტერვიუ მოჰყავს. ინტერვიუში სერგეი ლავროვი ამბობს, რომ დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი რუსეთი არ ყოფილა და სააკაშვილის რეჟიმი, როგორც ანომალია, გარედან არის შემოტანილი და ქართულ გარემოში არ წარმოქმნილა.
ამავე გაზეთში გაეცნობით ინფორმაციას საქართველოში ”მაიკროსოფტის” წარმომადგენლობის გახსნის შესახებ.
”რეზონანსი” წერს, რომ ”ეუთო დევნილების დაბრუნებას ითხოვს”. პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი კი საგაზეთო პუბლიკაციაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის კომიტეტის სხდომაზე მიღებულ რეზლუციას „ოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნილების უპირობო დაბრუნების შესახებ ” უტოპიად მიიჩნევს”.