იქნება თუ არა კონკურენტუნარიანი საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის მოდელი?

საქართველოს კონსტიტუცია

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში უკვე ექსპერტები და ოპოზიციაც ერთვებიან. 8 ივლისს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრებს პარტია ”ახალი მემარჯვენეები” შეხვდა, წინა დღეს კი წარმოდგენილი მოდელის მნიშვნელობაზე იმსჯელეს ექსპერტთა კლუბის წევრებმა. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ შეიქმნება საზოგოდოებრივი საკონსტიტუციო დარბაზი, რომელშიც ექსპერტები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სხვა დაინტერესებული პირები შევლენ.

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის მოდელთან დაკავშირებით ექსპერტთა კლუბის წევრებს განსაკუთრებით ის აინტერესებდათ, თუ რატომ გაკეთდა აქცენტი ქვეყნის მოწყობის საპარლამენტო მოდელზე.

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი წევრი, ლია მუხაშავრია, ამ კითხვას ასე უპასუხებს: "შევეცადეთ დაგვერწმუნებინა ჩვენი კოლეგები ექსპერტთა კლუბიდან, რომ ჩვენ ამოვედით ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარებიდან, გავაანალიზეთ სიტუაცია კონსტიტუციურ ჭრილში და მივხვდით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი იქნება ის მოდელი, რომელიც უფრო მეტად აგვარიდებს კრიზისებს ქვეყანაში."

"ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე კი მიიჩნევს, რომ მთავარი, რაც კონსტიტუციამ უნდა განსაზღვროს, სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსია და სწორედ ამ მიმართულებით აინტერესებს მას კომისიის წევრთა პასუხები:

"გვაინტერესებს, როგორ ბალანსდება პარლამენტის როლი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მიმართებაში, რაში გამოიხატება პრეზიდენტის არბიტრობის როლი, რომელსაც საკმაოდ მაღალი ფუნქციები აქვს - მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო მოდელს წარმოადგენს; ასევე, მთავრობისა და პარლამენტის ურთიერთმიმართება. ალბათ, ამ მოდელის ავტორებს მეტი წარმოდგენა აქვთ და ეს ფურცელზე არ ჩანს და ამ საკითხებს განვიხილავთ", - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.

იმისათვის, რომ საზოგადოებრივი კომისიის მიერ მომზადებულმა მოდელმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მოდელს კონკურენცია გაუწიოს, საჭიროა ფართო საზოგადოების ჩართულობა, მიიჩნევს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი გოგი ხუციშვილი: "ჩვენ გვინდა, რომ მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება ჩვენს მოდელზე და დავასაბუთოთ ის, რომ ჩვენი ვარიანტი უკეთესია."

ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კლუბის წევრებს შორის არ არსებობს ერთგვაროვანი შეხედულება წარმოდგენილ ორ პროექტზე, მაგრამ ეცდებიან, ზედმეტი პოლიტიზების გარეშე, პროექტების ერთმანეთთან შედარების პრინციპით გამოკვეთონ საბოლოოო დამოკიდებულება:

"თუ საზოგადოების აზრი არ იქნება ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური ერთი რომელიმე პროექტის მიმართ, ისე გაჭირდება არგუმენტების შეჯერება. კრიტიკა მარტივია. ვეცდებით საზოგადოების დამოკიდებულება უფრო ნათელი გავხადოთ წარმოდგენილ ვარიანტებთან მიმართებაში", - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

იმისათვის, რომ საზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ საკუთარი ვარიანტის მხარდაჭერა შეძლოს და დასამტკიცებლად მისი გატანა მოახერხოს, საჭიროა პალამენტის წევრთა ერთი მესამედის, ან საქართველოს პრეზიდენტის, ან საქართველოს 200 ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვება, განმარტავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი. აქედან გამომდინარე, კომისია მზად არის ყველა დაინტერესებულ პირს საკუთარი მოდელის უპირატესობაზე ესაუბროს.