კონი ფრენსისი - მადონას მეტოქე

ციურ მნათობთაგან განსხვავებით, შოუბიზნესში ჩამქრალი ვარსკვლავები თითქმის არ არსებობს. მსოფლიოში დღესაც პოპულარულია კონჩეტა როზა-მარია ფრანკონერო, რომელიც 1938 წელს ნიუ-ჯერსიში, იტალიურ ოჯახში დაიბადა. კონჩეტას მამა, საკმაოდ დესპოტური ხასიათის ადამიანი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მძვინვარე ანტიიტალიური ისტერიის გამო, თავის თავს ირლანდიელად ასაღებდა. გასაკვირი არ არის, რომ მისმა ქალიშვილმაც, არტურ გოდფრის შოუში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, თვით გოდფრის რჩევით, გვარი და სახელი გადაიკეთა – გახდა კონი ფრენსისი. ბავშვობაში ჩვენი სიუჟეტის გმირი ვუნდერკინდად ითვლებოდა - ოთხი წლის ასაკში დაეუფლა აკორდეონზე დაკვრას, კიდევ ათი წლის შემდეგ კი, საკუთარი აკომპანემენტის თანხლებით, უკვე პროფესიულ დონეზე მღეროდა. კონის ყოველკვირეული შემოსავალი 25 დოლარს აღწევდა, რაც იმხანად ურიგო თანხა ნამდვილად არ იყო. დესპოტი მამის დაჟინებული მოთხოვნით და საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, კონი ფრენსისმა სტუდიაში ჩაწერა სიმღერა "Who's Sorry Now", რომელიც მოულოდნელად ინგლისსა და ამერიკაში ნომერ პირველ ჰიტად იქცა. საერთოდ, კონი ფრენსისი მსუბუქი მუსიკის სხვადასხვა ჟანრში მოღვაწეობდა: სანტიმენტალურ ბალადებს ჯერ როკ-ენ-როლი, შემდგომ კი "დისკოს" სტილში ძველი ჰიტების შესრულება ენაცვლებოდა. ისე კი, მომღერლის კერპი ყოველთვის ჯუდი გარლანდი იყო. ამიტომაც კონი ფრენსისის წარმატება კინოსა და TV-ში, გარკვეულწილად, ლოგიკურად უნდა ჩაითვალოს.

კონი ფრენსისის კინოდებიუტი ფილმში "სად არიან ბიჭები" 22 წლის ასაკში შედგა. სწორედ იმ პერიოდში დაიდო მისი კონტრაქტი `MGM~-ის სტუდიასთან. კინოს და ტელევიზიის გარდა, კონი აგრეთვე ლას-ვეგასის ღამის კლუბებში გამოდიოდა. მან თავისებური რეკორდი დაამყარა: მსოფლიოში გამოიცა 40 მილიონზე მეტი მისი აუდიოჩანაწერი ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, იაპონურ ენებზე. სამწუხაროდ, 1974 წელს მომღერლის ცხოვრებაში ტრაგედია მოხდა: თეატრ Westbury-ში წარმატებული კონცერტის შემდეგ ლამაზი მომღერალი ქალი ლონგ-აილენდის ერთ-ერთი მოტელის ნომერში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მოძალადე თავდამსხმელი პოლიციამ ვერ დააკავა. მართალია, მოტელის ადმინისტრაციამ კონი ფრენსისს კომპენსაციის სახით 3 მილიონი დოლარი გადაუხადა, მაგრამ ეს უბედური შემთხვევა მისთვის საკრალური აღმოჩნდა. წლების განმავლობაში მომღერალი არ გამოდიოდა სცენაზე, მკურნალობდა ცნობილ ფსიქიატრებთან. 1981 წელს სცენაზე მისი დაბრუნებაც საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა _ თავი იჩინა ნარკოტიკების და ალკოჰოლის პრობლემამ. ბოლოს და ბოლოს, კონიმ ეს ჯებირიც გადალახა - ყოველ შემთხვევაში, ის, არეტა ფრანკლინთან ერთად, 2000 წლის საუკეთესო მუსიკოსად აღიარეს.

მომღერლის დისკოგრაფიაში სამოცდაათზე მეტი ალბომია. 2007-2008 წლებში ელექტრონიკის ცნობილმა მწარმოებელმა ფირმა ”ფოლიფსმა” თავის სარეკლამო კამპანიაში გამოიყენა სიმღერა ”სიბონეი”, კონი ფრენსისის შესრულებით. დაბოლოს, კიდევ ერთი: ფაქტობრივად, კონი თანამედროვე პოპ-მომღერლის პროტოტიპია და დღემდე თვით მადონას უწევს მეტოქეობას ყველა დროის ყველაზე წარმატებული პოპ-შემსრულებლის წოდების მოპოვებაში.