რატომ აქვთ ზვიგენებს კარგი ყნოსვა

ცნობილია, რომ ზვიგენებს გამორჩეულად კარგი ყნოსვა აქვთ, რაც მათ მსხვერპლის ზუსტად პოვნაში ეხმარება. ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რაზეა დამყარებული მათი ყნოსვის მაღალი ხარისხი: მტაცებელს ზუსტად შეუძლია განსაზღვროს სხვაობა დროის ორ მონაკვეთს შორის, რომელშიც სუნი მათ ორ ნესტომდე აღწევს. ამის შემდეგ ისინი ბრუნდებიან იმ მხარეს, რომლზეც სუნი უფრო ადრე აღიქმება, იტყობინებიან ბიოლოგები ჟურნალ "Current Biology"-ში. თავიანთი გამოკვლევით ისინი ეჭვქვეშ აყენებენ აქამდე გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის თანახმად, ზვიგენი ნავიგაციისთვის იყენებს სხვაობას სუნის მოლეკულების სხვადასხვა კონცენტრაციას შორის. ეს დასკვნები შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს წყალქვეშა რობოტების შესაქმნელადაც.

„ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ ცხოველები კონცენტრაციას იყენებენ სუნის მეშვეობით ორიენტაციისთვის,“ წერს ჯეინ გარდინერი სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტიდან. „ცხოველთა უმეტესობა აღჭურვილია სუნის ორი სენსორით - მაგალითად, ნესტოებით ან ანტენებით - და დიდი ხანია, მიიჩნეოდა, რომ ისინი თითოეულ სენსორზე სუნის კონცენტრაციას ადარებენ და შემდეგ იმ მხარისკენ ბრუნდებიან, სადაც მიღებული სიგნალი უფრო ძლიერია. მაგრამ როცა სუნი მოძრავი ჰაერის ან წყლის მეშვეობით ვრცელდება, მისი განაწილება უკიდურესად ქაოტურად ხდება.“

ასეთ შემთხვევაში, მაგალითად, მოძრავ წყალში, ცხოველები ვერ ენდობიან სუნის კონცენტრაციაში განსხვავებებს ორ სხვადასხვა სენსორზე. გარდინერმა და მისმა კოლეგებმა ზვიგენებზე დაკვირვების შედეგად აღმოაჩინეს სხვა მექანიზმი, რომელიც ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე კონცენტრაციაზე დამყარებული ორიენტაცია, და რომელსაც ცენტრალური ადგილი უკავია ცხოველთა მიერ სუნის წარმომავლობის დადგენაში: ეს გახლავთ დადგენა და შეფასება იმ დროში სხვაობისა, რომელშიც სუნი ორ ნესტომდე აღწევს.

მეცნიერები პატარა ზვიგენებს დროში ზუსტად გაანგარიშებით პირდაპირ ნესტოებში აძლევდნენ სუნის იმპულსებს. ცხოველები იქით ტრიალდებოდნენ, რომელ მხარეზეც უფრო ადრე იღებდნენ სტიმულს. რაც მთავარია, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ოდნავ დაგვიანებული იმპულსი მეორე ნესტოში უფრო კონცენტრირებული სახით შეჰყავდათ. თუკი იმპულსებს შორის სხვაობა ერთ წამზე უფრო მეტი იყო, მაშინ ზვიგენები ორივე მხარეს ტრიალდებოდნენ.

მეცნიერთა დასკნა, რომ სუნის აღქმაში დროის პრინციპი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონცენტრაცია, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს სპეციალური წყალქვეშა რობოტების მშენებლობაშიც. „აქამდე რობოტები ისე იყო პროგრამირებული, რომ ისინი სუნის მეტ კონცენტრაციას მისდევდნენ და ბევრად ჩამორჩებოდნენ ნამდვილ ცხოველებს“, ამბობს გარდინერი. „ნავიგაციის ახალი ალგორითმით შესაძლებელი იქნება, საგრძნობლად დავხვეწოთ სუნზე ორიენტირებული რობოტების მუშაობა.“