"დიდი ოცეული" ეკონომიკური გაძლიერების საკითხზე თანხმდება

ქალაქ ტორონტოში დასრულდა "დიდი ოცეულის" შეხვედრა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ ერთობლივ ძალისხმევაზე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდგომ ეკონომიკის გაძლიერების საკითხში. "დიდი ოცეულის" ლიდერებმა: აშშ-ის, რუსეთის, იაპონიის, ბრაზილიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა, განაცხადეს, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ისინი ორჯერ შეამცირებენ თავიანთი ქვეყნების ბიუჯეტის დეფიციტს, რათა მომავალში არ მოხდეს ეკონომიკური ზრდის შეფერხება. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, ფინანსური სექტორის კიდევ უფრო მკაცრი რეგულირების მექანიზმზე მსჯელობა გაგრძელდება "დიდი ოცეულის" მომავალ სამიტზე, სეულში.