WTO-ში გაწევრიანების პროცესში რუსეთი საქართველოსგან წინააღმდეგობას აწყდება

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას თქმით, რუსეთი მალე აშშ-ის სრულ მხარდაჭერას მოიპოვებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში. მაგრამ ობამას არ უხსენებია, რომ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი - საქართველო - აცხადებს, რომ რუსეთს გაწევრიანების საშუალებას არ მისცემს. რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მუქარა ამ პროცესში?

24 ივნისს ვაშინგტონში შეკრებილი ჟურნალისტები მოუთმენლად ელოდნენ იმის გაგებას, თუ რა შედეგებით დასრულდა შეხვედრა მსოფლიოს გავლენიან ლიდერებს - აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს შორის.

თუმცა რეპორტიორების წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტებმა თავდაპირველად ძროხისა და ქათმის ხორცის შესახებ ილაპარაკეს. ძროხის ხორცზე იმიტომ, რომ ობამამ, ამერიკული სტუმართმოყვარეობის დემონსტრირების სურვილით, მედვედევი წინა საღამოს თავის საყვარელ ჰამბურგერების რესტორანში დაპატიჟა. ქათმის ხორცს კი საუბარი შეეხო ორი ლიდერის მიერ მიღწეული შეთანხმებების გამო, რომელთაგან ერთ-ერთის თემა იყო ამერიკაში გამომუშავებული ქათმის ხორცის რუსეთის ბაზარზე ხელახალი დაშვება. აქამდე რუსეთს ამ ხორცის იმპორტი აკრძალული ჰქონდა, როგორც თვითონ აცხადებდა, საკვების უვნებლობის მოსაზრებებიდან გამომდინარე.

ამ შეთანხმებამ აშშ კიდევ ერთი ნაბიჯით დააახლოვა რუსეთისთვის სრული მხარდაჭერის აღმოჩენას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საქმეში. მსოფლიოში წარმოებული ვაჭრობის 95 პროცენტი სწორედ ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებზე მოდის. ობამას თქმით, იქ რუსეთის გაწევრიანება ყველას წაადგებოდა.

„პრეზიდენტ მედვედევსა და მის მთელ დელეგაციას ეს უკვე ხაზგასმით ვუთხარი, ახლა კი მინდა ეს რუს ხალხს ვუთხრა ხაზგასმით - ჩვენი აზრით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ინტერესებში შედის, არამედ აშშ-ისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებსაც ეხმიანება. ამდენად, ეს საკითხი უნდა გადავჭრათ“, - განაცხადა ობამამ.

რუსეთში სოფლის მეურნეობის სუბსიდირების, სახელმწიფო კომპანიების რეგულირებისა და საავტორო უფლებების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების გამო აქამდე აშშ თავს იკავებდა მხარი დაეჭირა რუსეთის გაწევრიანებისთვის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში - მას შემდეგაც კი, რაც ქვეყნებმა, 2006 წელს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრობლობის ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს.

ობამას თქმით, ეკონომიკის საკითხებში მისი მრჩევლები რუს კოლეგებთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ დარჩენილი „რთული საკითხების“ გადაჭრის მიზნით, რაც, ობამას აზრით, მნიშვნელოვან ძალისხმევას საჭიროებს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამ საკითხების გადაჭრა შესაძლოა რუსეთის მთავრობაზე იყოს დამოკიდებული.

მედვედევმა, თავის მხრივ, ამ საკითხებს „პატარა პრობლემები“ უწოდა და განაცხადა, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს დასრულდებაო.

მაგრამ აშშ-თან შექმნილი უთანხმოებების გადალახვამ რუსეთს შესაძლოა მაინც არ გაუხსნას გზა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისკენ. ამ ორგანიზაციას 153 წევრი ჰყავს და ახალი წევრის მიღების შესახებ გადაწყვეტილების შემუშავების პროცესში ყველა მათგანი მონაწილეობს. მათ შორის არის საქართველო, რომელიც, როგორც იცით, უკვე წლებია აცხადებს, რომ რუსეთის გაწევრიანებას ხელს შეუშლის - იქნება ეს რუსეთის მიერ საქართველოს ღვინოსა და მინერალურ წყალზე დაწესებული ემბარგოს, სეპარატისტული რეგიონების მხარდაჭერის თუ სხვა მიზეზების გამო.

საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის საკითხთან მიმართებით სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი, მაგრამ ჯერჯერობით მას რაიმე სახის შეთანხმება არ მოუტანია.

ბოლო თვეებში თბილისი ამ საკითხის შესახებ აქტიურად აღარ საუბრობდა, რამაც მისი პოზიციის შეცვლის შესახებ გააჩინა ვარაუდები. მაგრამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა, ნიკო მჭედლიშვილმა, დაადასტურა, რომ თბილისის პოზიცია უცვლელი რჩება:

„ხელისუფლების პოზიცია აბსოლუტურად არ შეცვლილა. რამდენიმე წლის წინ როგორიც იყო, იგივე რჩება. იმ ოქმში, რომელიც დაფიქსირებული იყო რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების დროს, არც ერთი პუნქტი არ შეცვლილა.“ - განაცხადა მჭედლიშვილმა და დასძინა: „გამომდინარე აქედან, საუბარი, რომ შეიძლება საქართველომ თავისი პოზიცია დათმოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მოლაპარაკების დროს, აბსოლუტური ტყუილია.“

ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ობამამ და მედვედევმა საქართველო მხოლოდ ერთხელ ახსენეს - მის სეპარატისტულ ტერიტორიებთან დაკავშირებული უთანხმოების კონტექსტში. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს შესაძლო როლზე საუბარი არ ყოფილა.

ზოგადად, რუსეთის წარმომადგენლები აცხადებენ ხოლმე, რომ ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მთავარი აშშ-ის მხარდაჭერის მოპოვებაა. დიდწილად, სწორედ აშშ-ს ბრალდება ხოლმე ის, რომ ეს გაწევრიანების პროცესი აგერ უკვე 17 წელი გაჭიანურდა; აშშ-ში ჩასვლამდე დმიტრი მედვედევმა თქვა, მოქმედებისთვის ჯერი ვაშინგტონზეაო.

ამას ბევრი ექსპერტიც ეთანხმება, მათ შორის, აშშ-ში განთავსებული საერთაშორისო ინსტიტუტის - პეტერსონის ინსტიტუტის - ანალიტიკოსი, ანდერს ასლუნდი.

„[საქართველოს წინააღმდეგობა] მთავარი საკითხი არ არის. ეს საკითხი სამომავლოდ გადაიდება. მთავარი გასარკვევი საკითხები აშშ-სა და რუსეთს შორის არის“, - აცხადებს ასლუნდი და დასძენს: „საჭიროა პროცესის ახლიდან დაწყება და იმის განსაზღვრა, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს - ამას კი ორიოდე თვის განმავლობაში დასჭირდება მოლაპარაკების წარმოება, ტექნიკური საკითხების გასარკვევად. მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ აშშ და რუსეთი ერთმანეთს ენდონ.“

რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის „გადატვირთვის“ პირობებში ეს ნდობა, როგორც ჩანს, მართლაც იზრდება.

უკვე აღარ საუბრობენ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის გეგმაზე, რომ რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ბელორუსიასა და ყაზახეთთან გაფორმებული საბაჟო გაერთიანების ფორმით შევიდოდა. ეს ნაბიჯი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლთან მოდიოდა წინააღმდეგობაში და მას დადებითად არც აშშ შეხვედრია.

ხოლო ის, რომ მიმდინარე ვიზიტისას მედვედევი ვაშინგტონში ჩასვლამდე ჯერ მაღალი ტექნოლოგიების ცენტრს, სილიკონის ველს ეწვია, ბევრმა აღიქვა სიგნალად, რომ რუსეთის ლიდერი სერიოზულად ფიქრობს თავისი ქვეყნის ეკონომიკის შეცვლასა და მოდერნიზებაზე.

შემდეგი მნიშვნელოვანი ღონისძიება კანადაში დანიშნული დიდი ოცეულის სამიტია, სადაც ობამა და მედვედევი ერთად ჩავლენ. რუსეთი ამ ჯგუფის ერთადერთი წევრია, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში არ არის შესული. და მედვედევის აშშ-ში ვიზიტის შემდეგ უკვე ბევრი ანალიტიკოსი საუბრობს იმაზე, რომ ეს სიტუაცია, ალბათ, მალე შეიცვლება.

მსოფლიო ბანკის დაკვეთით ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება გაზრდიდა რუსეთში განხორციელებულ პირდაპირ საგარეო ინვესტიციებს. ერთ-ერთი შეფასებით, რუსეთმა შეიძლება ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 3.3 პროცენტის მოგება ნახოს, რაც 53 მილიარდ დოლარს გაუტოლდება.
მაგრამ საქართველოს წინააღმდეგობის პრობლემა მაინც რჩება. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, მედვედევს ამ წინააღმდეგობის დაძლევაში ობამას იმედი აქვს.

მაგალითად, ასე ფიქრობს საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდში რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორის მოადგილე, მეტიუ როიანსკი. „დავუშვათ, [საქართველოში] მოვიდა ახალი მთავრობა, რომელსაც განსხვავებული მიდგომა ექნება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოაგვაროს კონფლიქტი უზარმაზარ ჩრდილოელ მეზობელთან“, – ამბობს როიანსკი და განაგრძობს: „მანამდე კი მთავარი შეკითხვა ის არის, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია შეერთებულ შტატებს საქართველოზე, თუკი სურს, რომ რუსეთს [ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში] გაწევრიანებაში მიეხმაროს.“

ექსპერტების აზრით, გააკეთებს თუ არა ვაშინგტონი ამას, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის პროფესორი, ლინკოლნ მიჩელი თვლის, რომ სურვილის შემთხვევაში აშშ შეძლებდა საქართველოსთვის ეკონომიკური ან სხვა სახის წამახალისებელი სახსრები გამოეყო, თუკი ის პოზიციას შეიცვლიდა. თუმცა, მიჩელის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად ვაშინგტონი თავის კავკასიელ მოკავშირეზე უხეშ ზეწოლას არ მიმართავს: „ჩემი შთაბეჭდილებით, აშშ ახლა არ დაიწყებს საქართველოზე ზეწოლის მოხდენას, რათა ის ასე მოიქცეს - განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ, მე ვიტყოდი, გარკვეულწილად წარმატებით შეძლო ახალი ნარატივის შექმნა - „აშშ-მა რუსეთის გამო მიგვატოვაო.“ ასეთ კონტექსტში, არა მგონია, აშშ-მა საქართველოს ამგვარი ნაბიჯის გადადგმა სთხოვოს“, - აცხადებს მიჩელი.

ანდერს ასლუნდის თქმით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესი უშვებს შესაძლებლობას, რუსეთი ორგანიზაციაში საქართველოს გვერდის ავლით შევიდეს. ექსპერტის თქმით, ეს ორგანიზაციის წევრებს შორის ზოგადი შეთანხმების ან „კონსენსუსის“ მიღწევის გზით შეიძლება მოხერხდეს, რაც ყველა წევრის მომცველ კენჭისყრას არ უდრის.

მაგრამ, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა ზოგადი განხილვის საგანიც კი არ ხდება მანამ, სანამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან ყველა არსებულ უთანხმოებას არ მოაგვარებს.