ხიდი ჩამონგრევამდე 2 საათით ადრე შეამოწმეს

სოფელ გლდანის ტერიტორიაზე, თბილისის შემოვლით გზაზე, ესტაკადის ნაწილის ჩამონგრევას გუშინ, 23 ივნისს, 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი - მსუბუქად. სპეციალისტები ჯერ კიდევ იკვლევენ ნგრევის მიზეზებს, თუმცა, წინასწარი შეფასებით, ძლიერი წვიმების გამო ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ესტაკადის ბურჯს ფუძე გამოურეცხა, რის გამოც იგი დეფორმირდა, ამის შედეგად კი ხიდის სავალი ნაწილი ჩამოინგრა. იყო თუ არა ხიდი ავარიულ მდგომარეობში და როგორ შეიძლებოდა რამდენიმე საათით ადიდებულ მდინარეს ნგრევა გამოეწვია, ამას სპეციალისტები იკვლევენ.

თბილისის შემოვლით გზაზე, სოფელ გლდანის ტერიტორიაზე გამავალი ხიდი დაახლოებით 400 მეტრი სიგრძისაა. ის ექსპლუატაციაში 1983 წელს შევიდა და, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის გიორგი წერეთლის განცხადებით, შარშან პირველად გარემონტდა.

თუმცა რემონტი კაპიტალური არ ყოფილა - ძირითადად, სავალი ნაწილი განახლდა და მოაჯირები შეიცვალა. გიორგი წერეთელი ამბობს, რომ ჩამონგრევამდე 2 საათით ადრე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტებმა ხიდი ვიზუალურად დაათვალიერეს და მას არანაირი დაზიანება არ ეტყობოდა.

”ჩვენი სამსახურის სპეციალისტებმა ნგრევამდე 2 საათით ადრე დაათვალიერეს ეს ხიდიც და კიდევ ორი ხიდი იმ რაიონში. არც ერთ მათგანს ვიზუალური დათვალიერებით არაფერი ეტყობოდა. ნგრევამდე ერთი დღით ადრე გლდანში დიდი წყალმოვარდნა იყო, სწორედ ამის გამო გახდა საჭირო დათვალიერება. იმ დღს 5 საათზე ისევ დიდი წყალმოვარდნა იყო, უცებ აიწია წყლის დონე და, რაც მთავარია, ძალიან სწრაფად მოედინებოდა წყალი და ამან გამოიწვია ის ყველაფერი, რაც მოხდა”, -ამბობს გიორგი წერეთელი.

მდინარე გლდანულაში წყლის დონემ რამდენიმე საათში დაახლოებით 8 მეტრს მიაღწია, ამბობს გიორგი წერეთელი, რაც აქამდე არ მომხდარა. მისივე განცხადებით, ხიდების საექპლოატაციო ვადა 100 წლით განისაზღვრება, წყალუხვობის განმეორებითობაც ამ პერიოდის მიხედვით გამოითვლება. ინჟინერ-მშენებელი ნოშრევან ბურჭულაძე ამბობს, რომ ხიდების დაპროექტების დროს ითვალისწინებენ წამში რამდენი კუბური მეტრი წყალი შეიძლება მოვიდეს:

”საანგარიშოზე ხუთჯერ მეტი იყო წყლის ხარჯი და სწოერედ ამან გამოიწვია ბურჯის გამორეცხვა და შემდეგ წაქცევა. ეს არის მოულოდნელობა. საერთოდ ასეთ კატასტროფებზე ხიდის საძირკვლებს არ ანგარიშობენ, არის ტერიტორიის შესაბამისი საანგარიშო ხარჯი და საძირკველიც ამის მიხედვით არის ჩაღრმავებული”, - ამბობს ინჟინერ-მშენებელი ნოშრევან ბურჭულაძე.

ამჟამად სპეციალისტთა ჯგუფი ანგარიშობს, რა დაჯდება ხიდის აღდგენა. წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 1 მილიონი ლარი იქნება საჭირო. რაც შეეხება ნგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახების და დაშავებულთა მატერიალურ დახმარებას, თბილისის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა ამბობს, რომ ამ ხარჯს მთლიანად დედაქალაქის მერია დაფარავს. აი, რას აცხადებს მამუკა ქაცარავა:

”თითოეულ ოჯახს გამოეყოფა 5 ათასი ლარი დაკრძალვის ხარჯებისათვის. რაც შეეხება ორ დაზარალებულ ადამიანს, რასაკვირველია, მათი სამედიცინო მომსახურების ხარჯებსაც მთლიანად მერია აიღებს საკუთარ თავზე.”

რაც შეეხება ხიდის აღდგენას, გლდანულას ტერიტორიაზე ხიდის აღდგენას დაახლოებით ორთვე-ნახევარი დასჭირდებაო, ამბობს გიორგი წერეთელი. საგულისხმოა, რომ ჩამონგრეული ხიდიდან რამდენიმე მეტრში მეორე ხიდიცაა, რომელიც თბილისსა და თიანეთს აკავშირებს. ეს ხიდიც ავარიულ მდგომარეობაშია და მასზე მოძრაობა აკრძალულიაო, ამბობს გიორგი წრეთელი.