24 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ზურაბ სიხარულიძე, ექიმი-ნარკოლოგი, კლინიკა ”ურანტის” ხელმძღვანელი. გუშინ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის საკითხებზე მომუშავე უწყებამ გამოაქვეყნა წლიური მსოფლიო ანგარიში ნარკოტიკების შესახებ. ვრცელ დოკუმენტში არის მონაცემები სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში ნარკოტიკების წარმოების, მოხმარებისა და სამართალდამცავთა მიერ ამოღებული ნივთიერებების შესახებ. ზურაბ სიხარულიძე არ ეთანხმება ზოგიერთ მონაცემს, რომელიც ანგარიშშია და აგრეთვე, თვლის, რომ საქართველოში არა 250 ათასი ნარკომანია, როგორც ხშირად ამბობენ, არამედ - დაახლოებით, 80 ათასი. ქართველი ნარკოლოგი ჩანაცვლებითი თერაპიის საკითხსაც შეეხო და აგრეთვე აღნიშნა, რომ ამ სეგმენტზე არანაკლებ მნიშვნელოვანი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საკითხია. ზურაბ სიხარულიძის აზრით, საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ კანონის ლიბერალიზაციისკენ ნაბიჯის გადადგმას პოლიტიკური ნება სჭირდება, რაც, მისი აზრით, ამ საკითხისადმი საზოგადოების მიდგომაზეც არის დამოკიდებული.