ავღანეთში მეამბოხეების თავდასხმების დროს 12 პოლიციელი დახოცეს

ავღანეთში 12 ავღანელი პოლიციელი დაიღუპა, სავარაუდოდ, თალიბანის თავდასხმების შედეგად. პოლიციის განცხადებით, ხუთი პოლიციელი სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ღაზნის გარეუბანში, მათს პოსტზე იერიშის დროს მოკლეს. კიდევ ორი პოლიციელი აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციაში, მეამბოხეების იერიშის შედეგად დაიღუპა. ცენტრალურ ვარდაკის პროვინციაში კი გზის პირას ჩადებულ ბომბზე აფეთქდა ავტომანქანა, დაიღუპა მასში მყოფი ოთხი პოლიციელი. ამავე ტიპის აფეთქებამ ერთი პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში. ბოლო კვირებში იმატა მსხვერპლმა ნატოსა და ავღანელი ჯარისკაცების რიგებში, თუმცა, ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი ავღანელი პოლიციელების რიგებში აღინიშნება.