ბულგარეთი უარს ამბობს რუსეთთან ერთად ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე

ბულგარეთმა უარი თქვა ორ ენერგეტიკულ პროექტზე, რომლებშიც რუსეთი მონაწილეობს. ამის შესახებ ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ბულგარეთში აკრედიტებულ ელჩებთან ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის შეხვედრის შემდეგ. რადიო თავისუფლების სოფიელი კორესპონდენტის ცნობით, ბულგარეთი მონაწილეობას არ მიიღებს ბურგას-ალექსანდრუპოლისის ტრანსბალკანური ნავთობსადენის მშენებლობაში და, ამასთანავე, შეაჩერებს ბელენეს ატომური ელექტროსადგურის აგებას. ბულგარეთის ხელმძღვანელთა ეს გადაწყვეტილებები ბორისოვმა სხვადასხვა მიზეზით ახსნა: მისი თქმით, მოსახლეობა უარყოფითად ეკიდება ნავთობსადენის გაყვანას, რამაც, შესაძლოა, ეკოლოგიური ზიანი მიაყენოს ბურგასის რეგიონს. რაც შეეხება ბელენეს ატომურ ელექტროსადგურს, როგორც ბორისოვმა თქვა, ეს პროექტი მეტისმეტად ძვირი ჯდება და ცნობილი არ არის, როდისთვის შეიძლება ქვეყანას ჩადებული კაპიტალის ამოღების იმედი ჰქონდეს.