კონსტიტუციის საბაზისო ვარიანტის ქართული და ინგლისური ვერსიები განსხვავებულია

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ახალი კონსტიტუციის ამოქმედების ვადისთვის კენჭი ჯერჯერობით არ უყრია - განაცხადა დღეს კომისიის მდივანმა, ცვლილებათა ერთ-ერთმა ავტორმა თენგიზ შარმანაშვილმა. მან კონსტიტუციის საბაზისო ვარიანტის ქართულ და ინგლისურ ვერსიებში არსებულ განსხვავებას მოულოდნელი და შესაძლო ტექნიკური გაუგებრობის შედეგი უწოდა. თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ამ საკითხს საკონსტიტუციო კომისია აუცილებლად გაარკვევს და შესაბამისი რეაქციაც ექნება. კომისიის მდივანმა პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოუწოდა, ახალი კონსტიტუციის ამოქმედების კონკრეტული ვადის გამო მსჯელობა სახელმწიფო კომისიასთან ერთად დაიწყონ, რადგან ამ საკითხს პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება.