ვის აძლევს ხელს შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ?

საქართველოს სეპარატისტული რეჟიმები და კრემლი ძალის გამოუყენებლობის შესახებ ახალი შეთანხმების საკითხს იმ მთავარ ბარიერად მიიჩნევენ, რომლის გამოც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობს. მაგალითად, როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი ამბობს, ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებაზე შეთანხმების გარეშე, რეგიონში ვერც უსაფრთხოების და ვერც ჰუმანიტარული პრობლემები ვერ მოგვარდება. ეს განცხადება 8 ივნისს, ჟენევის მოლაპარაკებათა მე-11 რაუნდის დასრულების შემდეგ გაკეთდა და იქვე გამოითქვა დასკვნა, რომ ჟენევის პროცესი ”ჩიხში შევიდა.” ასეთ შედეგში მთავარ დამნაშავეებად ჩოჩიევმა საქართველოსა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები ცნო, რადგანაც ისინი მტკიცედ დგანან კრემლისთვის მიუღებელ პოზიციაზე. არსებობს თუ არა მართლაც ჩიხური სიტუაცია და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

ჩოჩიევის ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი გახლდათ ფილიპ გორდონი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე და ჟენევის მოლაპარაკებებზე ამერიკელთა დელეგაციის ხელმძღვანელი. საქმე ის არის, რომ გორდონმა მოლაპარაკებათა მე-11 რაუნდის მსვლელობისას ღიად გაიზიარა საქართველოს პოზიცია და ეს მიდგომები ხანგრძლივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშიც აისახა. შეერთებული შტატების დელეგაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საფრანგეთის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში კარგად არის ჩამოყალიბებული მხარეთა ვალდებულებები ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით და რომ ამ ხელშეკრულების სრულად განხორციელების შემთხვევაში (მათ შორის რუსეთის ფედერაციის მხრიდანაც) ”აღარ იქნება საჭირო დამატებითი შეთანხმება.”

შეერთებული შტატების დელეგაცია იმედს იტოვებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა შემდეგ რაუნდზე ყურადღება სწორედ 12 აგვისტოს ვალდებულებების შესრულებაზე გამახვილდება. ახალი ხელშეკრულება კი ”შესაბამის მხარეებს შორის, რუსეთის ჩათვლით, გააუმჯობესებს ადგილზე არსებულ ვითარებას იმ შემთხვევაში, თუ მასში ყველა მხარის პრობლემური საკითხები იქნება ასახული”.

მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებაში ასახულ ვალდებულებებს ქართული მხარეც აბსოლუტურად საკმარისად მიიჩნევს ძალის გამოუყენებლობის კონტექსტში, თბილისი არ გამორიცხავს ახალი ხელშეკრულების ხელმოწერას სამომავლოდ. მაგრამ, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი გიგა ბოკერია ამბობს, ხელშეკრულება აუცილებლად რუსეთსა და საქართველოს შორის უნდა გაფორმდეს:

”თუკი საჭირო გახდება ახალი შეთანხმების დადება (რაც არ არის გამორიცხული, რომ უფრო ფუნდამენტური და ყოვლისმომცველი ახალი შეთანხმება დაიდოს მომავალში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის...), ეს შეთანხმება უნდა მოიცავდეს როგორც ძალის გამოუყენებლობას, ასევე სხვა ვალდებულებებს, კერძოდ - ჯარების გაყვანას საქართველოდან... შეუძლებელია, რომ საქართველოს ამ ხელისუფლებამ თუ ნებისმიერმა მომავალმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭიროს იმას, რომ არსებული შეთანხმება, სადაც არის როგორც ძალის გამოუყენებლობა, ასევე რუსეთის ვალდებულება ჯარების გაყვანაზე, შეიცვალოს შეთანხმებით, სადაც მეორე ვალდებულება აღარ იქნება...”

თბილისისგან განსხვავებით, ძალის გამოუყენებლობის ახალი შეთანხმებების გაფორმება მოსკოვს მხოლოდ საქართველოსა და მის სეპარატისტულ რეგიონებს შორის წარმოუდგენია, ის ამ იდეას ჯიუტად ლობირებს და სხვა ვარიანტების განხილვა არ სურს.

რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტის სოსო ცისკარიშვილის აზრით, კრემლის ამ ჯიუტი მიზნის გამოყენება სათავისოდ შეუძლია საქართველოს:

სოსო ცისკარიშვილი
"მოაწეროს თბილისმა სოხუმთან და ცხინვალთან ხელი ხელშეკრულებას კონფლიქტის მოგვარების პროცესში ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამავე დროს, ასეთი შეთანხმება ამოქმედდებოდა ერთი დათქმით, ანუ მას შემდეგ შევიდოდა ძალაში, რაც ამოქმედდებოდა ანალოგიური ხელშეკრულება საქართველოსა და რუსეთს შორის... ამით რუსეთი აიღებს თავის თავზე საერთაშორისო ვალდებულებას, არ გამოიყენოს იარაღი საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ რომ ასეთი ხელშეკრულება ადრეც გვქონოდა, 2008 წლამდე, რასაკვირველია, სულ სხვა იქნებოდა დღეს რუსეთის სტატუსი საერთაშორისო ასპარეზზე.”

სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ შეთანხმებების ცხინვალთან და სოხუმთან გაფორმება არ იქნება საფრთხე ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტრესებისთვის, რადგანაც ამ შემთხვევაში საუბარი იქნება ”ძალის გამოუყენებლობაზე კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, რასაც ისედაც ვაცხადებთ მუდმივად.” ამასთან, ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტის აზრით, სტატუსის საკითხი არ გამოიკვეთება იმ შემთხვევაში, თუკი მხარეთა სახელით ამას გააკეთებენ კონკრეტული უფლებამოსილი პირები, მაგალითად - ჟენევის მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი დელეგაციებიდან.

”ეს იქნება საჩუქარი ცხინვალისთვის და სოხუმისთვის, რადგანაც ისინი ამას დიდი ხანია ითხოვენ... მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ასევე იქნება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი რუსეთისათვის - სურს კი მას, რომ თბილისმა არ გამოიყენოს ძალა სოხუმსა და ცხინვალში? მაშინ თავად მოაწეროს ასეთ დოკუმენტს ხელი საქართველოსთან. ამის შემდეგ პასუხს უკვე რუსეთს მოსთხოვენ იმ ქმედებებისთვის, რაც მან ჩაიდინა და რასაც კიდევ აპირებს...” - უთხრა რადიო თავისუფლებას სოსო ცისკარიშვილმა.

ანდრო ბარნოვი
საკითხისადმი ამგვარ მიდგომას არავითარ შემთხვევაში არ იზიარებს სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი: "... იმიტომ, რომ ამ რეჟიმებთან ნებისმიერი ფორმით დადებული ნებისმიერი სახის ხელშეკრულება არის მათი ლეგიტიმაციის აღიარება... პოლიტიკა მკაცრი და დაუნდობელი სფეროა. ის თამაშსა და ფანტაზიებს ვერ იტანს. ჩემი აზრით, ეს იქნებოდა არსებული რეალობის დაკანონება... როგორ შეიძლება ამის გაკეთება?!..."

ანდრო ბარნოვი, ანალიტიკოსების ერთი ნაწილის მსგავსად, დარწმუნებულია, რომ, როდესაც საქართველოსა და მის სეპარატისტულ რეგიონებს შორის ძალის გამოუყენებლობის ახალი შეთანხმებების გაფორმებას ითხოვს, რუსეთს, ძირითადად, სწორედ ამ რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების ლეგიტიმაციის სურვილი ამოძრავებს.