ლარის კურსი ვარდნას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი დღითიდღე ეცემა და უკვე ოთხი წლის წინანდელ ნიშნულს მიაღწია. ამჟამად ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 1 ლარი და 84 თეთრია, თუმცა ბანკები და სავალუტო ჯიხურები გაცილებით დაბალი კურსით ვაჭრობდნენ. დღის მანძილზე ზოგიერთ სავალუტო პუნქტში 1 დოლარის ღირებულება 1 ლარსა და 92 თეთრს აღწევდა. ლარის კურსი დაეცა ევროსთან მიმართებაშიც, არადა ბოლო ერთი თვის მანძილზე, ევროს გაუფასურების ფონზე, ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდებოდა.

ლარის ოფიციალური კურსი პარასკევს განისაზღვრა. შაბათ-კვირას კი ბაზარი ეროვნული ბანკის ჩარევის გარეშე ადგენს ეროვნული ვალუტის კურსს. შესაბამისად, პარასკევის ტენდენცია უქმე დღეებზეც აისახა და ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა თავს იკავებს კომენტარებისგან. ეკონომიკის ექსპერტების აზრით კი, ლარის გაუფასურება რამდენიმე ფაქტორის შედეგია. ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ახლა კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ნოდარ ხადურის აზრით, მთავარი მიზეზი საქართველოში უცხოური ვალუტის მოცულობის შემცირებაა, რაც უცხოურ ვალუტაზე - დოლარსა ან ევროზე - მოთხოვნის ზრდას იწვევს და, შესაბამისად, ის ძვირდება.

”წინა წლებისგან განსხვავებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს სერიოზული სავალუტო რეზერვი, ყველანაირი ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ კურსზე ზეგავლენა მოახდინოს. თუმცა, როგორც ჩანს, ეროვნული ბანკი ცდილობს ახალი გაცვლითი კურსი ჩამოაყალიბოს. რამდენი იქნება ეს, 1.90 თუ 2 ლარი, ამის წინასწარ თქმა ძნელი იქნება.”
როგორც ჩანს, ეროვნული ბანკი ცდილობს ახალი გაცვლითი კურსი ჩამოაყალიბოს. რამდენი იქნება ეს, 1.90 თუ 2 ლარი ...


საქართველოს ეროვნულ ვალუტას მსგავსი ვარდნა 2008 წლის შემოდგომაზეც დაემართა. მაშინ ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა, რომ ეს იყო კურსის კორექცია და რომ ლარი რეალურ კურსს დაუბრუნდა. მაშინაც კურსის უეცარი ვარდნა უქმე დღეებს დაემთხვა. ეკონომიკის ექსპერტი დავით ებრალიძე ფიქრობს, რომ მთავრობა კვლავ ძველ ნაბიჯს გადადგამს და არ დაუშვებს ლარის კურსის თავისუფალ ვარდნას.

”ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, რომ კურსი შეაჩეროს, იმიტომ რომ, თუ ეს პროგრესირებადი გახდა, მერე ვეღარ შეაჩერებს. ამიტომ ხელისუფლება ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ ეს ტენდენციები შეჩერდეს.”

არადა, დაახლოებით ერთი თვის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ლარიზაციის ინიციატივით გამოდიოდა, რაც სესხებისა და ანაბრების უპირატესად ეროვნულ ვალუტაში გაცემას ნიშნავს. მისი ეს იდეა ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოიწონა და მაშინ აღინიშნა, რომ ლარიზაცია რისკებს შეამცირებდა, თუმცა ბოლო დღეების მოვლენებმა საპირისპირო აჩვენა. ეკონომიკის ექსპერტის ნოდარ ხადურის კომენტარი:
ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, რომ კურსი შეაჩეროს, იმიტომ რომ, თუ ეს პროგრესირებადი გახდა, მერე ვეღარ შეაჩერებს ...

”როდესაც გაცვლითი კურსი იცვლება და იცვლება არაეროვნული ვალუტის სასარგებლოდ, დანაზოგები ლარში უფასურდება და მცირდება მათი მსყიდველობითუნარიანობა.”

ამ ვითარებიდან გამოსავალი მთავრობას გასულ წლებში ლიბერალური ეკონომიკის მიმდევრებმა შესთავაზეს. ლაპარაკია მულტისავალუტო რეჟიმზე, როდესაც ოფიციალურ მიმოქცევაში ლარის გარდა სხვა ვალუტაც მოქმედებს. ეკონომიკის ექსპერტის, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის კომენტარი:

”ლარი უნდა იყოს კონკურენციაში და არა პრივილეგირებულ მდგომარეობაში. პრივილეგირებული მდგომარეობა მას არავითარ სიკეთეს არ აძლევს. ამ გზაზე, რა თქმა უნდა, სირთულეები მოსალოდნელია, მაგრამ, მეორე მხრივ, სირთულეები და კონკურენცია ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება.”
ლარი უნდა იყოს კონკურენციაში და არა პრივილეგირებულ მდგომარეობაში ...

ამჟამად, ლარის პრივილეგირებული მდგომარეობის მიუხედავად, ის ერთადერთი ოფიციალური საგადამხდელო საშუალებაა. საქართველოში ეგრეთ წოდებული დოლარიზაციის მაჩვენებელი 80 პროცენტს აღწევს.