ქართული პრესის მიმოხილვა, 4 ივნისი 2010

ქართული პრესის დიდი ნაწილი დღეს იმის შესახებ მსჯელობს, თუ რა გზას დაადგება ქართული ოპოზიცია არჩევნების შემდეგ. ამის შესახებ წერს დღეს ”24 საათი” სტატიაში, სათაურით ”ოპოზიციის ორი მიმართულება”. ”მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების შესახებ განაცხადა, "ალიანსის" დატოვება, სოზარ სუბარის შემდეგ, რადიკალური ნაბიჯების მომხრე სხვა პოლიტიკოსებმაც გადაწყვიტესო”, - წერს ”24 საათი” და განაგრძობს: იმავდროულად, "დაიცავი საქართველოს" წევრმა გოგა ხაინდრავამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის გაერთიანების ახალ ფორმულაზე ისაუბრა - ხაინდრავას განცხადებით, თუკი ლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და ნინო ბურჯანაძე პოზიციების შეთანხმებას შეძლებენ, პრეზიდენტობის კანდიდატად ნინო ბურჯანაძის წარდგენას დაუჭერს მხარს.” გაზეთს ამასთან დაკავშირებით ერთი ექსპერტის კომენტარი მოჰყავს. ეს გახლავთ "საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის" პრეზიდენტი ნიკა ჩიტაძე, რომელიც ამბობს, ოპოზიციაში ორი ძირითადი დაჯგუფება იკვეთება. ერთია ჯანსაღი, პროგრესული ოპოზიცია, რომელშიც "ალიანსი საქართველოსთვის" და "ქრისტიან-დემოკრატები” შედიან, მეორე დაჯგუფებაში კი დესტრუქციული ძალები არიან, რომლებიც პოლიტიკურ ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენო.

თავად ნინო ბურჯანაძის პოზიციაზე ”რეზონანსი” წერს. გაზეთი წერს, რომ ბურჯანაძე „ალიანსს“ აკრიტიკებს და ასეთ რამეს ამბობს: ”მათი მარცხის ჩვენთვის გადმობრალებას ვერ მივიღებთ. მათ ვერ მოახერხეს საერთო კანდიდატზე შეთანხმება და დამარცხდნენ. ხოლო, თუკი აცხადებენ, რომ გაიმარჯვეს, მაშინ შეცვალონ ქვეყანაში არსებული გარემო და გაათავისუფლონ უკანონო პატიმრები”.

აქვე წაიკითხავთ იმის შესახებ, თუ რა საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. სტატიის სათაურია: ”"დემოკრატიის გამოცდა" ჩაბარებულია? 30 მაისის არჩევნების შემდეგ დასავლეთი საქართველოს მხარდაჭერის კუთხით მნიშვნელოვნად გააქტიურდა”. ავტორი წერს: "30 მაისის არჩევნების შემდეგ დასავლეთი საქართველოთი განსაკუთრებულ დაინტერესებას ავლენს. ერთმანეთის მიყოლებით კეთდება საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები. ხომ არ არის დაკავშირებული ეს 30 მაისის არჩევნებთანო? - და ამ შეკითხვას იქვე სცემს პასუხს: ”დასავლეთში კეთდება განცხადებები, რომ ამ არჩევნებით საქართველომ პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის ბრძოლა დემოკრატიული პროცესებით გააღრმავა და რომ საქართველო და მისი ხალხის ბედი მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის”.

”ვერსიაში” კი ლევან ბერძენიშვილი აჯამებს არჩევნებს. - ”ბრძოლა უთანასწორო იყო, თუმცა პროცესს უკეთესი გაშუქება ჰქონდა, ვიდრე ადრე, რამაც უზრუნველყო საზოგადოების ინტერესიო”, - უთხრა ლევან ბერძენიშვილმა ”ვერსიას”.