ახალ საგადასახადო კოდექსს ვარაუდები უკავშირდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტმა, რომელიც საბაჟო კოდექსსაც ითავსებს, უკვე მიიღო მეტ-ნაკლებად დასრულებული სახე და მას საქართველოს პარლამენტში რამდენიმე კვირაში ელოდებიან. პრეზიდენტი და მთავრობა დაგეგმილი ცვლილებებით კმაყოფილია, თუმცა მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ჯერ ისევ მეტად მწირი ინფორმაცია ვრცელდება. დამოუკიდებელ ექსპერტთა დიდ ნაწილს ინფორმაცია მხოლოდ ფრაგმენტულად და არაპირდაპირი წყაროდან აქვს მიღებული.

ახალი საგადასახადო კოდექსის შემოღებას პრეზიდენტი სააკაშვილი იმ დაპირებათა განხორციელების ჭრილში განიხილავს, რომლებსაც ამომრჩევლები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისგან წინასაარჩევნო პერიოდში ისმენდნენ. 2 ივნისს მთავრობის სხდომაზე მის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, საგადასახადო კოდექსი იმ საკითხების ჩამონათვალშიც შედის, რომლებზე მუშაობის გამოც ივლისის ბოლომდე დასვენების იმედი არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლების არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელ შტოს.

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ამავე სხდომაზე პრეზიდენტ სააკაშვილს ანგარიში ჩააბარა და თქვა, რომ პრაქტიკულად ახალი საგადასახადო კოდექსის ”ძირითადი ჩონჩხი” მზად არის და რომ ბიზნესმენებთან დაგეგმილი შეხვედრისა და მათი აზრების გაზიარების შემდეგ, ასე 2-3 კვირაში, პროექტი უკვე პარლამენტისკენ მიმავალ გზას დაადგება. თუმცა გილაურს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

რა სიურპრიზს უმზადებს ხელისუფლება მეწარმეებს? რა არის ის, რამაც ფინანსთა მინისტრის მხრიდან საქმის კურსში ჩაყენებული ბიზნესის სფეროსა და არასამთავრობო სექტორის შეზღუდული წრეების აღფრთოვანება გამოიწვია და ზოგ მათგანს შთაბეჭდილება შეუქმნა, რომ დაგეგმილი ცვლილებები რევოლუციურია?

ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფის შეხვედრაზე, დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ მოხვდა დავით ნარმანია - საქართველოს ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. ექსპერტი ვარაუდობს, რომ შეხვედრაზე ის მისგან მოსალოდნელი კრიტიკული მოსაზრებების გამო არ დაპატიჟეს და იმედოვნებს, რომ პროექტის მოპოვებასა და სათანადო შეფასებას ამ დღეებში შეძლებს.

მანამდე კი მოსალოდნელი ცვლილებების დაკონკრეტება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელს ვთხოვეთ. ნიკოლოზ მჭედლიშვილი ახალ პროექტს, დღეს მოქმედთან შედარებით, ”გაცილებით ლიბერალურად” მიიჩნევს და რამდენიმე ასპექტს გამოყოფს:

”შემოდის ცნება - ”მიკრობიზნესი”. რას ნიშნავს ეს? ეს არის დაბალი ბრუნვის მქონე მეწარმე, რომელსაც აქვს 30 ათას ლარამდე წლიური ბრუნვა და არ ჰყავს დაქირავებული მუშახელი. ამ კატეგორიის ბიზნესმენებს საერთოდ მოეხსნებათ გადასახადი. ერთადერთი მოვალეობა, პროექტის მიხედვით, იქნება ის, რომ მათ უნდა ჰქონდეთ სალარო აპარატები... საზოგადოებამ იცის, რომ 100 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიები დღგ-თი არ იბეგრებოდნენ, ახლა ეს ზღვარი აიწევს 200 ათას ლარამდე. ანუ, თუ ბიზნესმენს აქვს ბრუნვა 30 ათასიდან 200 ათასი ლარის ფარგლებში, ის დღგ-ს არ გადაიხდის და გადაიხდის მხოლოდ 6%-ს მთლიანი ბრუნვიდან.”

ახალი კოდექსით, საგადასახადო ორგანოებს უფრო მეტი ლავირების საშუალება მიეცემათ. მაგალითად, დავების კომისიას საშუალება ექნება ჯარიმები არ დაარიცხოს კომპანიას, თუკი დასაბუთდება, რომ მიზეზი ობიექტურია და ამა თუ იმ დარღვევას გადასახადების დამალვა არ ედო საფუძვლად. საგადასახადო ორგანოს ასევე მიეცემა საშუალება კომპანიას რამდენიმე დღით გადაუვადოს დავალიანება, თუკი ის ამა თუ იმ დათქმულ ვადაში დავალიანების დაფარვას გარანტირებულად შეძლებს.

გია ხუხაშვილისთვის, ექსპერტისთვის ეკონომიკის საკითხებში, მოსაწონია ყველა ის ცვლილება, რომლის შესახებაც მას სხვადასხვა წყაროს მხრიდან ფრაგმენტულად, ზეპირი განცხადებების დონეზე სმენია. მაგრამ, ექსპერტის აზრით, ყველაზე ეფექტიანი და ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იქნებოდა ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ”გააჩენდა ბალანსს გადასახადის გადამხდელსა და გადასახადის ამკრეფს შორის.” ხსენებულ ბალანსთან მიმართებით კი ხუხაშვილი 2 ძირითად ასპექტს გამოყოფს:

”პირველი: თუ მეწარმე არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოების მიერ დარიცხულ რაღაც ტიპის გადასახადს და ის მიმართავს სასამართლოს, გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერდეს გადასახადის ამოღების ადმინისტრირება და, მეორე: თვითონ სასამართლოსადმი ნდობაც უნდა იყოს ისეთი, რომ, ასე ვთქვათ, 100:0-ს არ იგებდეს ხელისუფლება ყველა პროცესს მეწარმესთან ურთიერთობაში. აი, ეს ფუნდამენტური სისტემაა შესაქმნელი. სანამ ეს სისტემა არ შეიქმნება, სულ რომ გამოაცხადონ - გადასახადები საერთოდ არ გადაიხადოთო, ხელისუფლებას ყოველთვის აქვს მექანიზმი, საგადასახადო-სადამსჯელო ორგანოებისა და სასამართლოს მეშვეობით, ადამიანი მაინც გაატყავოს.”

ამგვარ საშიშროებას გია ხუხაშვილი ახალ პროექტშიც ხედავს, საგადასახადო სისტემის თანამშრომლებისთვის მეტი უფლებების მიცემის სახით. მის მსგავსად, კიდევ არაერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ყველაზე უფრო პროგრესული ცვლილებებიც კი ვერ იმუშავებს ქვეყანაში, ვიდრე იარსებებს ”ხელისუფლების მომხმარებლური მიდგომა ბიზნესის მიმართ.”