სომხეთი და მოლდავეთი ევროკავშირის არენის მიღმა დარჩებიან?!

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლობის შესაძლო დახურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას რეაქცია მოჰყვა სომხეთსა და მოლდავეთში. სომხეთში მიაჩნიათ, რომ ინფორმაცია ევროკავშირის სპეციალური წარნმომადგენლობის გაუქმების შესახებ მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სინამდვილეს. სომხეთის ეროვნული კონგრესის კოორდინატორი ლევონ ზურაბიანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში მიმდინარეობს შიდა რეფორმები და ხდება ზოგიერთი დუბლირებული სტრუქტურის გაერთიანება.

„სამხრეთ კავკასიაში ადრე ცალ-ცალკე არსებობდა ევროკომისიის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის წარმომადგენლის პოსტები. ახლა ეს ორი თანამდებობა ერთიანდება და აღარ იარსებებს ამ ორი პოზიციის დუბლირება. რაც შეეხება იმას, კარგავს თუ არა ევროკავშირი ინტერსს სამხრეთ კავკასიის მიმართ, მე ვფიქრობ, რომ პირიქით: ევროკავშირს სურს, რომ კიდევ უფრო გავლენიანი მოთამაშე გახდეს ამ არენაზე და, საერთოდაც, უფრო გაააქტიუროს საგარეო პოლიტიკა.“
სპეციალური წარმომადგენლობის შესაძლო გაუქმებას რეაქცია მოჰყვა მოლდავეთშიც, თუმცა კიშინიოვში ფიქრობენ, რომ საქმე უფრო კავშირის წარმომადგენლის შეცვლას და მისი ოფისის სტრუქტურულ ცვლილებას უნდა უკავშირდებოდეს, განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში მოლდავეთის პრემიერ-მინისტრის თანაშეწემ, იულიან ფრუნტაშუმ:

„ვფიქრობ, რომ კალმან მიჟეის, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მოლდავეთში, არ ჰქონდა საუკეთესო პირობები მუშაობისათვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავისთავად ეს პოზიცია უნდა გაუქმდეს მხოლოდ იმიტომ, რომ კეტრინ ეშტონს სურს ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური უფრო მოქნილი გახადოს. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის მიერ დანიშნული უმაღლესი წარმომადგენელი ადასტურებდა, რომ ევროკავშირი პრიორიტეტულ ყურადღებას უთმობს მოლდავეთს, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებს, მაგრამ ჩვენ, პირველ რიგში, დაინტერესებულნი ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამით და მასში მოლდავეთის მონაწილეობით, რის გამოც ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასარგებლოა მოლდავეთში შენარჩუნებული იქნეს სპეციალური წარმომადგენლის პოსტი“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში მოლდავეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემ იულიან ფრუნტაშუმ.