არტ ტეიტუმი - გამოჩენილი პიანისტის გამოტოვებული იუბილე

არტ ტეიტუმი

ჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს - სწორედ ამიტომ მინდა გამოვასწორო ჩემი შეცდომა: გადაცემაში ”მუსიკა, მუსიკა” მიზეზთა გამო თავის დროზე ვერ გამოვეხმაურე გამოჩენილი ჯაზური პიანისტის არტ ტეიტუმის ასი წლის იუბილეს. იმისთვის, რომ მსმენელი მიხვდეს, თუ რა ადგილი უკავია ჯაზის ისტორიაში ტეიტუმის ფიგურას, მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს: როცა ოსკარ პიტერსონის დაკვრის დროს ოთახში ტეიტუმი შემოდიოდა, ოსკარი მყისვე წყვეტდა დაკვრას და ფეხზე დგებოდა.

არტ ტეიტუმი ამერიკის შტატ ოჰაიოს ქალაქ ტოლიდოში დაიბადა 1909 წლის 13 ოქტომბერს. ადრეულ ბავშვობაში მან 100%-ით დაკარგა მხედველობა მარცხენა თვალში, მარჯვენით კი მხოლოდ ჩრდილებს ხედავდა. იმხანად ექიმებმა ოდნავ გააუმჯობესეს ბიჭუნას მდგომარეობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც, 1930 წელს, ხულიგნებმა უმოწყალოდ სცემეს მუსიკოსს, მან საბოლოოდ დაკარგა მხედველობა.

ბავშვობაში ტეიტუმი უსინათლოთა სკოლაში დადიოდა, სადაც ისწავლა ფორტეპიანოზე, გიტარასა და ვიოლინოზე დაკვრა. შემდგომ მოზარდი ადგილობრივ კლუბებში და რადიოთი გამოდიოდა. 18 წლის ასაკში არტმა ჯერ ბენდ-ლიდერ ლორენს ვებისგან მიიღო ანგაჟემენტი, მოგვიანებით კი ნიუ-იორკში ბროდვეის პოპულარული მომღერლის ადელაიდა ჰოლის აკომპანიატორი გახდა.

უნდა ითქვას, რომ ჰოლი ერთ-ერთ ყველაზე ხნიერ მომღერლად ითვლება შოუბიზნესის ისტორიაში: მისი კარიერა ბროდვეიზე 1921 წელს დაიწყო, ხოლო ბოლო კონცერტი ადელაიდამ კარნეგი-ჰოლში 1992 წელს გამართა! რაც შეეხება ტეიტუმს, პიანისტმა 24 წლის ასაკში ფირმა ”ბრასნუიკისთვის” ორი 78-ბრუნიანი ფირფიტა ჩაწერა.

ჩაწერილ ნაწარმოებთა შორის იყო პოპულარული პიესა "Tiger Rag", რომლის შესახებაც ცნობილმა ჯაზურმა მევიოლინემ სტეფან გრაპელიმ თავის დროზე თქვა: ”არასდროს დავიჯერებ, რომ მას არა ორი, არამედ ერთი პიანისტი უკრავსო”.

ოცდაათიანი წლების დასაწყისში ტეიტუმი ჯერ კლივლენდის, ჩიკაგოსა და ლოს-ანჯელესის ღამის კლუბებში გამოდიოდა, შემდეგ კი გაემგზავრა ინგლისში, სადაც ლონდონის კლუბებში უკრავდა. მოიპოვა რა საერთაშორისო აღიარება, ის 1939 წელს დაბრუნდა შეერთებულ შტატებში. მისი სახელი გაჩნდა გრინვიჩ-ვილიჯის ღამის მოდური კლუბის "Café Society"-ს აფიშაზე.

უნდა ითქვას, რომ ისტორიულად "Café Society" იყო პირველი ღამის კლუბი, სადაც არ არსებობდა რასობრივი სეგრეგაცია. კლუბში გამოდიოდნენ ცნობილი ჯაზური მუსიკოსები და მომღერლები: მიდ ლაქს ლუისი, ელბერტ ემონსი, პიტ ჯონსონი, ბიგ ჯო ტერნერი, პოლ რობსონი, ჯოშ უაიტი, ბიგ ბილ ბრუნზი, ლესტერ იანგი, ელა ფიცჯერალდი, ჯეიმს პი ჯონსონი, სარა ვონი და მერი ლუ უილიამსი.

მეორე მსოფლიო ომის დღეებში არტ ტეიტუმი, "Café Society"-ს გარდა, უკრავდა აგრეთვე ნიუ-იორკის 52-ე სტრიტზე მდებარე კლუბებში ”ონიქსი” და ”სტუმრად კელისთან”.

1943 წელს არტ ტეიტუმმა, ნეტ კინგ კოულის მსგავსად, ჯაზური ტრიო დააარსა, რომელშიც ტაინი გრემსი (გიტარა) და სლემ სტიუარტი (კონტრაბასი) უკრავდნენ. მოგვიანებით გრემსი ევერეტ ბარკსდეილმა შეცვალა. ტრიო დიდი წარმატებით გამოდიოდა ”მეტროპოლიტენ ოპერა ჰაუზის” დარბაზში.

ცხოვრების ბოლო ათ წელიწადში (ტეიტუმი ლოს-ანჯელესში 1956 წლის 5 ნოემბერს გარდაიცვალა) პიანისტმა სოლო-ჩანაწერების გიგანტური რაოდენობა განახორციელა. იმავდროულად, ის უკრავდა კომბოში (მცირე შემადგენლობებში) ისეთ ვარსკლავებთან ერთად, როგორებიც იყვნენ როი ელდრიჯი, ბენი კარტერი, ლაიონელ ჰემპტონი და ბენ ვებსტერი.

ტეიტუმის ხელოვნებას ახასიათებდა ფენომენური ტექნიკა, გამებისა და არპეჯიოების ხშირი გამოყენება და ჰარმონიის ცვლილება მიღებული სტანდარტების ფარგლებში (მისი დაკვრით აღტაცებული იყო თვით ვლადიმირ ჰოროვიცი). უნდა ითქვას, რომ ტეიტუმის ექსპერიმენტებმა საფუძველი ჩაუყარა ბიბოპის ჰარმონიულ ენას.

დაბოლოს, ერთი შტრიხი გამოჩენილი პიანისტის მენტალობიდან: უსინათლო ტეიტუმი ყოველგვარი დახმარემის გარეშე გადაადგილდებოდა სცენაზე, ის ქუჩასაც ამაყად ჰკვეთდა მარტოდმარტო.