პირველი რუსული ემიგრაციის ბარდი ალიოშა დიმიტრიევიჩი

ალიოშა დიმიტრიევიჩი, ბოშური რომანსების მომღერალი

ალიოშა დიმიტრიევიჩის ხმა უმალვე მახსენებს პარიზს - ოცნებათა ქალაქს, რომელსაც 1967 წელს მე, რიგითი საბჭოთა მოქალაქე, ტურისტად ვეწვიე. დღესაც სახსოვრად ვინახავ ლამაზად გაფორმებულ იმდროინდელ მეგზურს „ალო, პარი“.

იქ პოპულარული რესტორნების რეკლამებს შორის ერთ-ერთი ასეთი იყო: „რუსული კაბარე ”NOVY”, მფლობელი - თავადი მიხეილ შერვაშიძე (Le prince Michel Chervachidzé). მღერიან ალიოშა, ვალია, ტერეზა დიმიტრიევიჩები, ვალოდია პოლიაკოვი, ცეკვავს ანსამბლი „იგრუშკი“. მისამართი: რიუ ფოსტინ ჰელი, 6.”

ბოშა მომღერალ დიმიტრიევიჩების ოჯახმა იმხანად მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი, ხოლო რაც შეეხება ვალოდია პოლიაკოვს – ის იყო ფრანგ კინოვარსკვლავ მარინა ვლადის მოგვარე და გამზრდელი: მსახიობის ნამდვილი გვარი ხომ პოლიაკოვა-ბაიდაროვაა.

კაბარე ”NOVY”–ს მეპატრონე მიშა შერვაშიძე ჩემმა პარიზელმა ნათესავმა, ემიგრანტმა, გიორგი (გოგლიკა) ვაჩნაძემ გამაცნო. სიტყვამ მოიტანა და გეტყვით, რომ აფხაზი თავადი შერვაშიძე და ქართველი თავადი ვაჩნაძე უახლოესი მეგობრები ან, როგორც ახლა ამბობენ, „გადაბმული ძმაკაცები“ იყვნენ.

ოქტომბრის ე.წ. „რევოლუციის“ შემდეგ თითქმის მთელმა ქართულმა და რუსულმა ემიგრაციამ მოიყარა თავი საფრანგეთში. პეტერბურგიდან პარიზში გადაინაცვლა რუსულმა მუსიკალურმა სუბკულტურამ, რომელსაც პირობითად „ბოშური რომანსი“ ჰქვია.

იგივე მეგზური „ალო, პარი“ უწევდა რეკლამას „ბოშური რომანსის“ შემსრულებლებს დიმა ლიახოვს, ლიდა გულესკოს, საშა ნიკოლოვს, ოლეგ არეფოვს, ბორის ნემიროვს, ვიქტორ ნოვსკის. მათ შორის ყველაზე პოპულარული იყო ალიოშა დიმიტრიევიჩი, ვისი „ემიგრაციის ტანგოც“ სამუდამოდ დარჩა რუსული ემიგრაციის მუსიკალურ სიმბოლოდ.

ალიოშა დიმიტრიევიჩი პეტერბურგში, ბოშების დიდ ოჯახში, დაიბადა. მისი მამა სამოვრების მკალავი იყო. ოჯახურ ანსამბლში ალიოშა გიტარაზე უკრავდა. 1919 წელს დიმიტრიევიჩები ემიგრაციაში წავიდნენ. ერთმანეთს ენაცვლებოდა ვლადივოსტოკი, ხარბინი, შემდეგ - იაპონია, მაროკო, ესპანეთი. 1929 წელს ოჯახის ემიგრაციის ფრანგული პერიოდი დაიწყო.

დასაწყისში პარიზში დიმიტრიევიჩები რესტორან „ერმიტაჟში“ გამოდიოდნენ. იმხანად იქ ალექსანდრ ვერტინსკიც მღეროდა. „ერმიტაჟის“ ხშირი სტუმრები იყვნენ ცნობილი მწერალი ალექსეი ტოლსტოი, დიდი მსახიობი მიხაილ ჩეხოვი, პოპულარული მომღერალი ალა ბაიანოვა.

მეორე მსოფლიო ომის წინ დიმიტრიევიჩების ოჯახი საცხოვრებლად სამხრეთ ამერიკაში გადავიდა. იქ ალიოშა გამოეყო ოჯახს, მას „ბოშათა ბარონის“ ტიტული მიენიჭა. პარიზში დაბრუნების შემდეგ დიმიტრიევიჩი ცნობილ კინომსახიობ იულ ბრინერთან დუეტში მღეროდა ( პოპულარულ ფილმ „შესანიშნავ შვიდეულში“ ბრინერი მთავარ როლს ასრულებდა).

უნდა ითქვას, რომ ალიოშა დიმიტრიევიჩი არც ერთ კონკრეტულ მუსიკალურ სტილისტიკას არ მისდევდა: ის მღეროდა ნიჭიერ პოეტ აპუხტინის ლექსებზე დაწერილ რომანსებს, 20-იანი წლების შლაგერებს, ემიგრანტულ სიმღერებს.

ალა ბაიანოვამ ასე აღწერა დიმიტრიევიჩის გამოსვლა პარიზის რესტორანში: „გაჩერდნენ მიმტანები, სტუმრებმა შეწყვიტეს ჭამა, დარბაზი სმენად იქცა“.

გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე ალიოშამ იმღერა რომანსი „Пора собирать чемоданчик“. ვფიქრობ, ამას თარგმნა არ სჭირდება.