შეკითხვები თბილისის მერობის კანდიდატებს: მამუკა ახვლედიანი (გიგი უგულავას წარმომადგენელი)

მამუკა ახვლედიანი

რადიო თავისუფლების დილის პროგრამა აგრძელებს საარჩევნო სუბიექტების პროგრამების გაცნობას. ამჯერად შეკითხვებს უმუშევრობის, სოციალური პრობლემებისა და ჯანდაცვის, ქალაქის განვითარებისა და ეკოლოგიის საკითხებზე პასუხს სცემდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი მამუკა ახვლედიანი.

1. როგორ აპირებთ უმუშევრობასთან ბრძოლას, როგორია თქვენი გეგმა, რომელიც გრძელვადიანი სამუშაო ადგილების წარმოქმნას ითვალისწინებს?

ჩვენი მოქალაქეების პირველი საზრუნავი არის უმუშევრობა - ამ პრობლემაზე ჩვენ ახლა არ ვიწყებთ მუშაობას, დიდი ხანია ვზრუნავთ უკვე. მოქმედი მერისა და ჩვენი ”ნაციონალური მოძრაობის” პარტიის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას ის სიტყვა, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს ნათქვამი, მართლაც რეალობად იქცევა მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ეს არის სიტყვა, რომელიც ჟღერს შემდეგნაირად: მერია, მისი ყველა საქალაქო სამსახური, უკლებლივ ყველა სამსახური, რაიონული გამგეობა, მუნიციპალიტეტი და ყველა ის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თბილისის მერიის დაქვემდებარებაში შემოდის, მომავალი 4 წლის განმავლობაში იქცევა დასაქმების ბიუროდ. შეიძლება ეს დღეს ლიტონ სიტყვებად ჟღერს, ისევე როგორც, ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი 4 წლის წინ ლიტონ სიტყვებად მიიჩნევდა, როცა ვამბობდით, რომ თბილისში იქნება უწყვეტი ელექტრომომარაგება, გაზით მომარაგება, რომ დაიწყებოდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მაგრამ ეს სიტყვები შესრულდა. სამუშაო ადგილების შექმნა ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც უკავშირდება 3 საკითხს და პირველი კომპონენტი არის ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურა არ იყოს ხელის შემშლელი და, პირიქით, იყოს ხელშემწყობი. ეს ეხება ბიზნესის განვითარებას, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ხელშეწყობას და ასევე იმ საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებას, რომელიც სახელმწიფოში მოქმედებს. რაც შეეხება ბრძოლას უმუშევრობასთან, არც მე, არც მერი და არც სხვა ჩინოვნიკები არ ვართ ჯადოქრები, ჩვენ ხელში არ გვიჭირავს ჯადოსნური ოქროს ჯოხი, რომელსაც შევარხევთ და წამში შეიქმნება 100, 200 და ათასი სამუშაო ადგილი. ბუნებრივია, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც სახელმწიფოში ხორციელდება, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელშემწყობი ფაქტორები უნდა არსებობდეს. გაგახსენებთ იმ პროექტს, რომელიც თბილისის მერიაში 2 წელია ხორციელდება. ეს არის პროექტი - ”დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიასთან ერთად”. ამ პროექტის გაფართოებასაც ვგეგმავთ. ეს არის წვრილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლის დაფინანსება. 40 საწარმო - შეიძლება ეს დიდი ციფრი არ არის მილიონნახევრიან ქალაქში, მაგრამ ამ საწარმოების გახსნით სამუშაო ადგილების შექმნამ გვიჩვენა, რომ ამ პროექტს უნდა მოჰყვეს კარგი გაგრძელება.

მაგალითისთვის, რომ ვიცოდეთ, რა დაუჯდა ქალაქის მერიას ამ 40 საწარმოს გახსნა?

თავდაპირველად ჩვენ გვქონდა განსაზღვრული 1 მლნ ლარი, მაგრამ პროექტების შესაბამისად ეს თანხა იზრდება. თავიდან გვქონდა შეზღუდული დაფინანსება მცირე კრედიტებისა - ეს იყო 50 ათასი ლარი, მაგრამ ეს ბარიერი მოვხსენით და წელს გვაქვს გაცემული 100-120 ათასი ლარიც, გაცემული გვაქვს 300 ათასლარიანი კრედიტიც.

მეორე პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ, ეს არის ინგლისური ენისა და კომპიუტერის უფასო სწავლების პროგრამა. მართალია, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ იმ სერტიფიკატით ყველა ადამიანი იშოვის სამუშაო ადგილს, მაგრამ შრომით ბაზარზე იმ ადამიანების ფასი, ვინც იცის კომპიუტერი და ინგლისურის საბაზო განათლება აქვს, ერთიორად იზრდება.

თბილისის მერიის წლევანდელ ბიუჯეტს ჰქვია დასაქმების ბიუჯეტი. რატომ ჰქვია ასე? – ამ პროგრამაში გაწერილია ბევრად მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება, ბევრად მეტი სამუშაოს დაფინანსება, ვიდრე რომელიმე წელს იყო. ასევეა პროექტი, რომელსაც ჰქვია ”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”. ამ პროქტმა პირველივე ეტაპზე, ნოემბერში, შეძლო ის, რომ 11 სამშენებლო კომპანია დაღუპვისა და გაკოტრებისაგან იხსნა. ეს ნიშნავს ამ კომპანიების დასაქმებულ თანამშრომლებს და კიდევ დამატებულ 3 ათას სამუშაო ადგილს. ვინმე იტყვის, რომ ეს არის ძალიან ცოტა, მაგრამ პირველ ეტაპზე, მგონი, არ არის ცუდი.

2. შემდეგი თემა არის ჯანდაცვის პრობლემის მოგვარება. არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ სოციალური სფეროს გასაუმჯობესებლად, საერთოდ, რა გაქვთ დაგეგმილი?


ეს საკითხიც იმ პირველ პროგრამასთანაა დაკავშირებული, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. იმაზე დიდი სოციალური პროექტი როგორიც არის დასაქმება, მსოფლიოში არ არსებობს. ჩვენი მიზანია მაღალანაზღაურებადი და გრძელვადიანი სამუშაო ადგილების შექმნა, რადგან ასეთი დასაქმებული ადამიანები თავად შეძლებენ ჯანდაცვისა და სოციალური პრობლემების მოგვარებას.

თბილისის მერიაში ყოველდღიურად მოდის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ითხოვს სახურავის გადახურვას, მილის გამოცვლას, სწავლის, წამლების ფულის გადახდას და ა.შ... ასეთი პროექტები გვაქვს ჩვენ მუნიციპალიტეტებში, ქალაქის მერიაში და ეს პროექტები ფინანსდება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ვერც ერთი სახელმწიფო, ვერც ერთი გამგეობა, ვერც ერთი მუნიციპალიტეტი ვერ ამოწურავს იმ პრობლემების დაფინანსებას, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. ჩვენ ვაპირებთ გავხსნათ მუნიციპალური საავადმყოფო და განსაკუთრებით ბავშვთა ჯანდაცვას მივხედოთ. უკვე 6 თვეა მერიის დაქვემდებარებაში მივიღეთ ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე ბავშვთა პირველი საავადმყოფო. რამდენიმე დღეში დაიხურება რემონტისთვის და ეს იქნება პირველი შემთხვევა მუნიციპალური საავადმყოფოსი.

პროგრამული დაფინანსება გვაქვს რამდენიმე სახის ოპერაციის - კატარაქტა, პროსტატა - და ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა თბილისის ბიუჯეტში. ასევე, წელს პირველად, რაიონულ გამგეობებში გათვალისწინებულია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუხლი და მათ ხარჯზე ადამიანები იკეთებენ ოპერაციებს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ზღვაში წვეთი. ასევე თბილისის ყველა მოქალაქე მომავალი 4 წლის განმავლობაში აღჭურვილი უნდა იყოს ჯანმრთელობის დაცვის პოლისით. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ ჯანდაცვა, მართლაც, იყოს გარანტირებული.

3. შემდეგი საკითხია ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყლით მომარაგება, სატრანსპორტო უზრუნველყოფა. როგორია თქვენი ხედვა ამ მიმართულებით? და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც შეეხება კომუნალური გადასახადების კორექტირებას - ეს პირდაპირ მერიის მოვალეობა არაა, მაგრამ მაინც, თუ გაქვთ რამე ამ კუთხით გათვალისწინებული?

ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაწყებულია. მართალია, საარჩევნო სლოგანად იქცა, მაგრამ თბილისი უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო 4-5 წლის წინ და ამას ყველა ხედავს. ჩვენ აქამდე გვქონდა პროექტი, რომ მაგისტრალური და ცენტრალური გზები შეგვეკეთებინა. ახლა უკვე ჩვენი მიზანია ყველა ეზოში შევიდეთ, შევცვალოთ კანალიზაციის და სხვა კომუნიკაციის მილი, დავაგოთ ასფალტი. ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ თბილისში ვინმე მოვიდოდა და სახურავს გადაუხურავდა მოსახლეობას. 2004 წელს ერთი მუნიციპალური ავტობუსი არ გვყავდა ქალაქში, დღეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, სასწრაფო და სამაშველო სამსახური მოწესრიგებულია, დასუფთავების სამსახური მოწესრიგებულია. 2006 წელს - მაშინაც კი, როცა ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში - მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების უმეტესობა იყო შემდეგი შინაარსის: ჩვენს კორპუსთან დაყრილი ნაგვის გორა გაიტანეთ. არ ჩამითვალოთ, რომ ამ სფეროში ყველაფერი მოწესრიგებულად მიმაჩნია, ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ გლობალურად ეს თემები მოგვარებულია. ჩვენ გავაგრძელებთ იმ კეთილმოწყობის პროგრამებს, რომლებიც დაწყებულია, უფრო სრული და დახვეწილი მოდელით, უფრო სწრაფი ტემპით, მაგრამ მთავარია, რომ კეთილმოწყობა, რომელიც უდავოდ დაწყებულია, იქცეს თბილისელთა კეთილდღეობად.

რაც შეეხება კომუნალური გადასახადების კორექციას, ძალიან ბევრი ჩვენი ოპონენტი ამომრჩეველს ჰპირდება ტარიფებს 7-5-3 თეთრად, შეიძლება შევთავაზოთ პირდაპირ უფასო. დღეს თბილისის ბიუჯეტი არის 700 მილიონი ლარი. აქედან ძალიან დიდი ნაწილი არის ტრანსფერი. ამას უნდა ელემენტარული დათვლა-გამოანგარიშება იმისათის, რომ ის პროგრამა განხორციელდეს, რომელსაც ჩვენი კონკურენტები სთავაზობენ. ამას სჭირდება ყოველწლიურად ბიუჯეტის სუბსიდირება 450 მილიონი ლარით, ანუ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მომავალ წელს თბილისის ბიუჯეტი უნდა გახდეს 1 მლრდ 300 მლნ ლარი. ეს ჩვენც გვინდა და იმ ბავშვსაც, საბავშვო ბაღში რომ დადის, მაგრამ უახლოესი 5 წელი ვერ ექნება თბილისს ამხელა ბიუჯეტი. ანუ თუ მოხდება 450 მლნ ლარით კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ეს ნიშნავს, რომ თბილისში აღარც სკოლა იქნება, აღარც გზა დაიგება, აღარც პენსია გაიცემა.

4. როგორ გესახებათ ქალაქის იერსახის განვითრება - ერთი მხრივ, ისტორიული იერსახის შენარჩუნება და, მეორე მხრივ, ახალი მშენებლობების წარმოება ისე, რომ ამ ყველაფერმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს?

1973 წლიდან თბილისს არ ჰქონია ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა. 2009 წლის ივნისში, ქართველი და უცხოელი ექსპერტების სამწლიანი მუშაობის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა. ეს არის ქალაქის განვითარების კონსტიტუცია, სამაგიდო წიგნი, თავისი მიწათმოწყობის გენერალური გეგმით, რომლის არარსებობის გამო ჩვენ ქალაქში მივიღეთ უამრავი საშინელება მშენებლობების სახით. ქალაქგეგმარებითი კუთხით, დღეს ქალაქი ამ ახალი გეგმის მიხედვით მუშაობს. ეს არ არის დოკუმენტი, რომელშიც ცვლილებების შეტანა არ შეიძლება, მაგრამ დღეს არსებობს ხედვა, სად როგორი შენობა უნდა აშენდეს და როგორი პარამეტრებით, როგორ ზონებად არის დაყოფილი ქალაქი - საცხოვრებელი, საქმიანი და შერეული. ქალაქში რეკრეაციული ზონების განსაზღვრა... პირველად განისაზღვრა ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონა. მთაწმინდა არის ასეთი ზონა და მკაცრადაა განსაზღვრული რისი გაკეთება შეიძლება ამ ზონაში. თბილისი ყოველთვის ამაყობდა იმით, რომ აქ იყო ორი ტიპის არქიტექტურა - ქალაქური და ევროპული. ეს, რაც აღვადგინეთ ჩვენ, მაგალითად, კალაუბანში, ეს არის ქალაქური არქიტექტურა, თავისი აივნებით. ამის ელემენტი უნდა არსებობდეს და უნდა შევინარჩუნოთ და, მეორე, ევროპული არქიტექტურა, რომლის აღდგენაც ახლა ხდება პლეხანოვზე.

5. რაც შეეხება ქალაქის ეკოლოგიას, როგორ ხედავთ მწვანე ზოლის დაცვას და მის განვითარებას? რამდენიმე ხნის წინ იყო პროტესტი რეკრეაციული ზონის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით - როგორ აფასებთ ამ ყველაფერს?


მახსოვს, იყო საუბარი, რომ 40 ზონას მოეხსნა რეკრეაციული ზონის სტატუსი. 40-საც შეიძლება მოეხსნას და 60-საც, მაგრამ მიენიჭოს გაცილებით მეტს - აქ დოგმა არ არსებობს. 2009 წელს შევქმენით უპრეცედენტო სტრუქტურა. ეს არის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური. ჩვენ გვქონდა სლოგანი ”თბილისი -სინათლის ქალაქი” და ეს შესრულდა. ახლა ჩვენ გვაქვს სლოგანი ”თბილისი -გამწვანებული ქალაქი” და ეს შესრულდება. თუმცა ელექტრობოძის დადგმა უფრო მარტივია, ნარგავს კი რამდენიმე წელი სჭირდება, მაგრამ გაზაფხულზე 50 ათასი წიწვოვანი ნარგავი დაირგა, შარშან - 30 ათასი, გარემოს დაცვის სამინისტრომ 200 ათასი წიწვოვანი ნარგავი დარგა თბილისის გარშემო. მთაწმინდაზე აღვადგინეთ ის ზოლი, რომელიც 3 წლის წინ ხანძრით განადგურდა. ქარსაცავი ზონის აღდგენა ხდება დიღმის, ლილოს მიმართულებით. დღეს არსებული ქარსაცავი ზოლი არის 20-25 წლის წინანდელი, იმის შემდეგ არაფერი გაკეთებულა.