ადვოკატები პოლიტიკური მოთხოვნებით

შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი

დღეს საპატრულო პოლიციამ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილე ადვოკატებს კარვების დადგმის საშუალება არ მისცა. პატრულმა გასაშლელად გამიზნული კარვები აქციის მონაწილეებს ჩამოართვა და თან წაიღო. შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა საინიციატივო ჯგუფში შემავალ ადვოკატთა უკმაყოფილების საგანი, პარლამენტისა და პრეზიდენტის პარალელურად, საპატრულო პოლიციაც გახდა.

ორშაბათს, 17 მაისს, ადვოკატთა ამ ჯგუფის სახელით პროკურატურაში, ძარცვის მოტივით, პატრულის თანამშრომლების წინააღმდეგ სარჩელი შევა. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებათ პაკეტი კი, რომელსაც ქრონოლოგიურად ჯერ საპროტესტო აქცია, შემდეგ კი პატრულის წინააღმდეგ სარჩელის მომზადება მოჰყვა, ადვოკატთა ასოციაციამ პარლამენტში 7 მაისს წარადგინა.

ადვოკატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა 50%-იანი საარჩევნო ბარიერის დადგენას, კოდექსში საარჩევნო უბნების 1500 ამომრჩევლით ფორმირების წესის განმსაზღვრელი ცვლილების შეტანას, საარჩევნო კომისიების პარიტეტის წესით დაკომპლექტებას, უბნებზე საქართველოში არმყოფ ამომრჩეველთა სიის გამოკვრას და მთელ რიგ სხვა ტექნიკურ-პროცედურულ ცვლილებებს მოიცავს. ცვლილებათა პაკეტი სულ 10 პუნქტისგან შედგება და მასზე ხელს 500-მდე ადვოკატი აწერს. ხელმომწერები პარლამენტში წარდგენილი პროექტის დაუყოვნებელ განხილვას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ”ბრძოლა თანმიმდევრული, უკომპრომისო და პროგრესირებადი იქნება სიმწვავის მატების მიმართულებით”. ეს სიტყვები პერმანენტული მჯდომარე აქციის დაწყების დღეს, 12 მაისს, საინიციატივო ჯგუფის სახელით ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ წარმოთქვა. აქციის ეგრეთწოდებული პროგრესირების პირველი მცდელობა, კარვების გაშლის სახით, უშედეგო გამოდგა, თუმცა დააჩქარა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მოთხოვნის პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაზრდის პროცესი. ეს მოთხოვნებია: დათხოვნილ იქნეს პარლამენტი და პრეზიდენტი და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები.

ადვოკატთა აქცია პოლიტიკური მოთხოვნებით 16 მაისიდან დაიწყება. იმის გამო, რომ ადვოკატებს საპატრულო პოლიციამ კარვების გაშლის უფლება და საშუალება არ მისცა, მჯდომარე აქციის გრაფიკში ცვლილებები შევიდა: ნაცვლად 24 საათისა, აქციები 7 საათის განმავლობაში ყოველდღიურად 12 -დან 19 საათამდე გაიმართება. არჩევნებამდე დარჩენილ რომელიმე ერთ დღეს საინიციატივო ჯგუფი აქციაზე შეკრებისაკენ საზოგადოების ფართო ფენებსაც მოუწოდებს. საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა:

” ხელისუფლება არანაირ რეაგირებას არ ახდენს, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები,პორფესიონალები არიან შეკრებილები და ეუბნებიან 150 კაციან პარლამენტს, რომ ამ კოდექსით თქვენ შესაძლოა ბოლოში მიიღოთ ბიშკეკი ან რაღაც უბედურება და რომ ავაცილოთ ქვეყანა ამ უბედურებას, შეიტანეთ ეს 10 ცვლილება. რეაგირება არ მოჰყოლია. თუ ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც არ მოხდება რეაგირება, ჩემთვის პირადად, როგორც ადვოკატისათვის, ერთი მხარეც ისეთივეა, როგორც მეორე მხარე, იმიტომ რომ ოპოზიცია უნდა განსხვავდებოდეს ხელისუფლებისაგან რაღაცით.”

საარჩევნო ცვლილებათა საინიციატივო ჯგუფის ერთი ნაწილი საარჩევნო მოთხოვნების პოლიტიკურ მოთხოვნებად ტრანსფორმირებას არ ეთანხმება. მათ შორისაა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი:

”უნდა გაიმიჯნოს ადვოკატთა ასოციაცია და ეგ აქცია, იმიტომ რომ ადვოკატთა ასოციაცია, როგორც ასეთი სუბიექტი, აქციაში არ მონაწილეობს. აქციას აკეთებს ადვოკატთა ჯგუფი. რაც შეეხება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, მე არანაირი პოლიტიკურ მოთხოვნას არ ვაყენებ. მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი მოთხოვნებია, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევიდეს.”

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მუშაობა ღია პროცესი იყო, მაგრამ ამ პროცესში ადვოკატები კორპორაციულად არ ჩართულან, მაშინ როცა ჩართულობა ლოგიკური იქნებოდა. მათგან განსხვავებით, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა რამდენიმე გრძელი თვე ცალკეულ პრინციპებსა თუ პუნქტებზე ცხარე კამათში გალიეს და მეტ-ნაკლებად შეაჯერეს ვარიანტი, რომლითაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ორ კვირაში, 30 მაისს, გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილი საარჩევნო კოდექსს დღესაც არ მიიჩნევს სამართლიანი არჩევნების გარანტად, ადვოკატთა ხუთასკაციანი ჯგუფის მიერ საარჩევნო ცვლილებების ინიცირების მოთხოვნა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა არაოფიციალური საარჩევნო შვებულება გამოაცხადა, ბევრისთვის მაინც გაუგებარია. გასაგებია დეპუტატ გია ცაგარეიშვილისთვის, რომლის აზრითაც, საპროტესტო აქციის ლოგიკა პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობაა:

”ზოგჯერ ეს საჭიროა ხოლმე - ასეთი ხელოვნური ჩარევები - იმისთვის, რომ საზოგადოება გამოფხიზლდეს და ამის არა ერთი და ორი მაგალითი იყო თუნდაც უახლოეს წლებში - მით უმეტეს, არჩევნების წინ - და ამაში მე ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. ეს არ არის არაკონსტიტუციური, ეს არ არის არაკანონიერი და ამის უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს.”

ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, რომ აქციების ახლა გამართვის მიზეზი საარჩევნო კოდექსში ბოლო დროს შეტანილი პარტიზანული ცვლილებები გახდა. ”კონსტიტუციის 42-ე” მუხლის აღმასრულებელი დირექტორი და ადვოკატთა ასოციაციის წევრი მანანა კობახიძე კი ამბობს, რომ თუნდაც სამართლებრივ საფუძველზე დაწყებული პოლიტიკური აქტივობა ადვოკატთა მხრიდან მიზანშეწონილი არ არის:

”ჩვენი ადგილი არის სასამართლო დარბაზში ან პარლამენტის შენობაში, იურისტებთან, მაგიდასთან. მე ვარ ერთ-ერთი დამფუძნებელი ორგანიზაციისა ”საქართველოს ადვოკატები პროფესიული დამოუკიდებლობისთვის”, რომელიც თავიდანვე გაემიჯნა პოლიტიზირებას ადვოკატურის. მიმაჩნია, რომ პოლიტიზირება უარყოფით გავლენას ახდენს ზოგადად პროფესიაზე. არა მგონია, რომ ეს რაიმეში წაადგეს ჩვენს კლიენტებს, იმ ადამიანებს, რომელთაც ჩვენ ვიცავთ.”