გალში მორიგი ხუთმხრივი შეხვედრა გაიმართა

ოკუპირებულ გალში უკვე მეთექვსმეტედ შეიკრიბნენ აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი სამუშაო ჯგუფები, რომელთა მიზანი ინციდენტების პრევენცია და მათზე რეაგირებაა. რამდენიმესაათიანი შეხვედრა, რომელიც გალში - გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში - შედგა და რომელსაც ქართული, აფხაზური და რუსული მხარის, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ, კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. შერეულ შეხვედრაზე განხილული საკითხები თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა ჟურნალისტებს, ტრადიციულად, ენგურის ხიდთან გაგვაცნო.

”ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომელიც რუსი მესაზღვრეების მიერ საზღვრის დარღვევას შეეხებოდა. ასევე ვისაუბრეთ იმ შემთხვევებზე, კერძოდ, ვერტმფრენების შემოფრენაზე და ყველა მხარეს გადავეცით ამის დამადასტურებელი ვიდეომასალები. სამწუხაროდ, კონკრეტული შედეგი არ არის”, - ამბობს შოთა უტიაშვილი.

ვიდრე ოკუპირებულ გალში ხუთმხრივი შერეული შეხვედრა მიმდინარეობდა, რადიო თავისუფლება ენგურის ხიდთან აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოსულ მოქალაქეებს გაესაუბრა. გალელები ამბობენ, რომ ადმინისტრაციულ საზღვარს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე კვეთენ. მოქალაქეთა ნაწილი ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის აფხაზურ პასპორტს და ფორმა 9-ს იყენებს, ნაწილი კი - ყოფილი საბჭოთა კავშირის პასპორტს. მათ გარკვეული თანხის გადახდა უწევთ. აჩიგვარელმა მამაკაცმა გვითხრა, რომ საგუშაგოსთან, რომელიც ენგურის ხიდის დასაწყისშია, მხოლოდ აფხაზები იმყოფებიან. რუსი მესაზღვრეები კი არ უნახავს.

რაც შეეხება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრას, ის ოკუპირებულ გალში 25 მაისს გაიმართება.