რუსეთის პრესის მიმოხილვა. 4 მაისი 2010

მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს რუსული პრესა რამდენიმე საინტერესო პუბლიკაციით ეხმაურება. „ნოვაია გაზეტა“ საჯაროობის რუკას აქვეყნებს. რუკა საჯაროობის დაცვის ფონდის მიერაა შედგენილი და ხუთი მახასიათებლით, როგორიცაა თავისუფალი, შედარებით თავისუფალი, შედარებით არათავისუფალი და არათავისუფალი, რუსეთის ფედერაციაში რეგიონების მიხედვით პრესის თავისუფლების ხარისხს ასახავს. მონაცემები რუკაზე ხუთი სხვადასხვა ფერითაა გამოსახული. ძირითადი ფერი წითელია, რომელიც არათავისუფალ სივრცეებს ასახავს, სტატიას კი ჰქვია „რუსეთში არც ერთი თავისუფალი ადგილი აღარ დარჩა“. იმის გამო, რომ ინფორმაციის დინების ერთიანი ელექტრონული მონაცემები არ არსებობს, „ნოვაია გაზეტას“ მიხედვით, რუკის შედგენა ძველი მეთოდებით ხდება, ანუ პირადი გამოკითხვებით, სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. საინტერესოა თანამედროვე რუსეთში არსებული ინტერნეტის კონტროლის მექანიზმები, რომლებიც, გაზეთის მიხედვით, ძირითადად, საკანონმდებლო ჩარჩოებითაა განსაზღვრული, ანუ ადგილობრივი მთავრობები სხვადასხვა ვებგვერდებს ამა თუ იმ თემების გავრცელებას მარტივად იმიტომ უკრძალავენ, რომ მასალები ექსტრემისტულ ინფორმაციათა განსაზღვრებაში ხვდება. გაზეთის მიხედვით, მედიის კონტროლის ფორმები თანამედროვე რუსეთში იცვლება ჟურნალისტებზე პირდაპირი თავდასხმების შემცირებისა და ცენზურის სხვა - უფრო დახვეწილი - ფორმების ზრდის ხარჯზე. ერთ-ერთ ასეთ გავრცელებულ ფორმად გაზეთი თვითცენზურას ასახელებს, რომელსაც გაზეთი ასეთნაირად ახასიათებს:

„ხალხი ხვდება რა შეიძლება და რა არა. კონკრეტული დირექტივები არ მოდის. უბრალოდ, გარემოა ისეთი, რომ ჟურნალისტები თავად გრძნობენ რომელი მასალა გავა და რომელ მასალას არ აქვს პერსპექტივა ან, უბრალოდ, საშიშია.“

კონტროლის სხვა მექანიზმებად ჩამოთვლილია კონკრეტული შემთხვევები, როცა სამთავრობო წარმომადგენელნი მასალას ეთერში გასვლამდე თუ დაბეჭდვამდე ნახულობენ ან ხშირად მედიას, უბრალოდ, თემების ან პიროვნებების სიას სთავაზობენ, რომელზეც მუშაობა არ შეიძლება.

პირველად მსგავსი რუკა 2006 წელს გამოსულა.

„გაზეტა რუ“ აქვეყნებს რეაქციას მოხსენებაზე, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გამოაქვეყნა და რომლის მიხედვითაც, პრესის მთავარი მტრები რუსეთში პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი და ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვია. ამ სიაში, გაზეთის მიხედვით, მსოფლიოს 39 ქვეყანაში 40 პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე და რელიგიური ლიდერი მოხვდა. რუსეთიდან ასეთი ორია. სწორედ ამის ხარჯზეა, გაზეთის მიხედვით, 39 ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლებასთან მებრძოლი ორმოცი გამოჩენილი მოღვაწე. როგორც გაზეთი ამბობს, ასეთი ადამიანები არიან „ძლიერნი, საშიშნი, სასტიკნი და კანონზე მაღლა მდგომნი. კადიროვი ამ სიაში, გაზეთის მიხედვით, პირველად ხვდება, მაშინ როცა პუტინი ამ სიის ხშირი სტუმარია. პრესის მტერთა სიაში ხუთი სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის ლიდერიცაა შესული. მათ შორის, ბელორუსიიდან ლუკაშენკო, აზერბაიჯანიდან ილხამ ალიევი და ყაზახეთიდან ნურსულთან ნაზარბაევი.

იმავე თემას აშუქებს „კომერსანტიც“, რომელიც წერს, რომ პირველად მსგავსი რაპორტი „რეპორტიორებს უსაზღვრებოდ“ 2001 წელს გამოუქვეყნებია. ვლადიმირ პუტინი მასში ორი ათას სამ წელს მოხვედრილა და მას შემდეგ სია არ მიუტოვებიაო, წერს „კომერსანტი“.

„კომერსანტი“ ამ მოხსენებაზე აზრს ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარეს ეკითხება. ვსევოლოდ ბოგდანოვს მიაჩნია, რომ თანამედროვე რუსეთში მედიის ზეწოლაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მედიის მმართველობის მხრიდან, უბრალოდ, იგნორირებაა, როცა გასული მასალა მმართველობის სისტემაზე ზეგავლენას ვერ ახდენს, თუმცა სისტემა ვალდებულია ამაზე რეაგირებდესო, ამბობს ბოგდანოვი „კომერსანტის“ სტატიაში.