ქართული პოლიციის დღე

საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც სჩვევია, მყისიერი და ელვისებური გადაწყვეტილება მიიღო და 6 მაისი საქართველოს პოლიციის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება ან შესაბამისი საკანონმდებლო აქტი ჯერ არ გამოქვეყნებულა. არსებობს მხოლოდ „24 საათში“ გამოქვეყნებული განმარტება, რომელსაც პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი აწერს ხელს.

„აქამდე არსებობდა ორი თარიღი 10 ნოემბერი - პოლიციის დღე და 30 ნოემბერი - უშიშროების თანამშრომლის დღე. ორივე თარიღი სრული ანაქრონიზმი იყო, რადგან ერთი საბჭოთა მილიციის, მეორე კი საბჭოთა ჩეკას შექმნას აღნიშნავდა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ ახალი დღის შერჩევა. 6 მაისი საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობისთვის სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება. ჯერ ერთი, გიორგობაა და ამასთან ერთად ეს ის დღეა, როდესაც აჭარა გათავისუფლდა ასლან აბაშიძის რეჟიმისაგან. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, სწორედ 6 მაისი ავირჩიოთ“, - წერს საგაზეთო კომენტარში ივანე მერაბიშვილი.

არგუმენტირებული განმარტებაა, ოღონდ - დაგვიანებული.

საზოგადოებისა და, განსაკუთრებით, ოპიზიციის ნაწილში 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებამ „უსიამოვნო ემოციები“ აღძრა. რადიკალური ოპოზიციის ერთ ნაწილს (ნინო ბურჯანაძეს, ეკა ბესელიას, ლევან გაჩეჩილაძეს) გაახსენდა 2009 წლის 6 მაისი, როდესაც პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მისულ მომიტინგეებს (რომელთა ნაწილი აგრესიული ფორმით მოითხოვდა დაპატიმრებული სამი ახალგაზრდის გათავისუფლებას) პოლიციამ რეზინის ტყვიები დაუშინა; ხოლო ოპოზიციის უფრო ზომიერი ფრთა (ირაკლი ალასანია, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ჯონდი ბაღათურია) მიიჩნევს, რომ „პოლიციის დღის აღნიშვნა რელიგიურ დღესასწაულს არ უნდა ემთხვეოდეს.“

პირდაპირ ვიტყვი: მკრეხელურს ვერაფერს ვხედავ იმაში, თუ პოლიციის დღე რელიგიურ დღესასწაულს დაემთხვევა. მით უფრო, ისეთი წმინდანისას, როგორიც წმინდა გიორგია, რომელიც თავადაც ჯარისკაცი იყო. საქართველოს პოლიცია დღეს მარტო კრიმინალს არ ებრძვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს განტოტვილი და რთული სტრუქტურა აშკარად წააგავს გასამხედროებული ორგანიზაციისას, რომელიც - საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში - საზღვრის დაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფის ფუნქციებს ითავსებს.

თანაც, ამ საკითხში ჯერჯერობით ცნობილი არ არის საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია. ამიტომ კონკრეტული თარიღების ამგვარი მიუღებლობა ნებისმიერ ოპონენტს „რომის პაპზე უფრო კათოლიკედ“ წარმოაჩენს.

არც ისაა გამორიცხული, რომ ვანო მერაბიშვილი, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილი ხშირად საყვედურობს მებრძოლ ათეისტობასა და მართლამადიდებელი ეკლესიის როლის უგულებელყოფას - გულწრფელად ესწრაფოდეს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტის კეთილგანწყობის მოპოვებას. მარტში, რუსეთის გაზეთ „კომერსანტში“გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ, რომელშიც მერაბიშვილი ორაზროვნად საუბრობს საქართველოს პატრიარქისა და კრემლის ურთიერთობებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების წინ, შესაძლოა, ცუდი სამსახური გაუწიოს ხელისუფლების ფავორიტ გიგი უგულავას. რომელიც ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ „ეკლესია, ხელისუფლება და ხალხი“ განუყოფელია.