ადამიანი და კერპი

მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის განკარგულებით, 9 მაისს რუსეთის დედაქალაქის ქუჩებში, სპეციალურ სტენდებზე, გამოიფინება სტალინის ათი პორტრეტი. რუსეთი ფართოდ ემზადება დღესასწაულის აღსანიშნავად: „9 მაისს სრულდება 65 წელი ნაცისტურ გერმანიასთან საბჭოთა ხალხის დიდი სამამულო ომის დამთავრების შემდეგ.“ ერთი შეხედვით, მარტივი ფრაზა უამრავ კითხვას აღძრავს: არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სინამდვილეში საქმე გვაქვს არა სამამულო, არამედ მეორე მსოფლიო ომთან და ის დამთავრდა არა 1945 წლის 9 მაისს, არამედ მოგვიანებით - იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ. თავის მხრივ, ამ ომის ზოგიერთი კომუნისტი-ვეტერანი ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირში მცხოვრები ერებისთვის, მათ შორის ქართველებისთვის, ეს სწორედ „სამამულო ომი“ იყო. ამბობენ იმასაც, რომ მტერზე იერიშის დროს ჩვენი მებრძოლების ლოზუნგი იყო „За Родину! За Сталина!“; სწამთ, რომ მოპოვებულ გამარჯვებაში მთავარი წვლილი ეკუთვნის მთავარსარდალსა და დიდ ბელადს - იოსებ სტალინს.

პირველი, რაც ამასთან დაკავშირებით მახსენდება, არის მერაბ მამარდაშვილის სიტყვები: „ჩვენ ვიკვებებით ფანტომებით და კერპებით. ეს იდოლოკრატიაა! თუ ახალ აზროვნებას ძველი წარმოდგენების გამოყენებით ავაწყობთ, მაშინ ასლის სიზუსტით განმეორდება ტოტალიტარული სისტემის ყველა სტრუქტურა და ბრმები ისევ გაუძღვებიან თვალხილულებს, რომლებიც, საყოველთაო მორჩილების ნიშნად, თავს დახრიან. აუცილებელია, ვინმე ყოვედღიურად აფრთხილებდეს ხალხს: „მოგინდა ბელადი? გაფრთხილდი! იცოდე, რომ ეს მონობაა.“

მგონი, ნაწილობრივ მართლდება სტალინის ცნობილი წინასწარმეტყველება: მისი გარდაცვალებიდან ნახევარ საუკუნეზე ოდნავ მეტი გავიდა, მაგრამ ხალხი უკვე იქექება ნაგავში, რომელიც მის საფლავზე დაგროვდა. სწორედ რომ იქექება, და არა ასუფთავებს, როგორც ბელადი ვარაუდობდა.

სტალინის პიროვნებისა და ისტორიაში მისი როლის შეფასება ამჟამად ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მიმდინარეობს: რუსეთში სრულიად დაივიწყეს სოსო ჯუღაშვილი და ადიდებენ იოსებ სტალინს, საქართველოში კი ჯერ ახსოვთ ნიჭიერი პოეტი სოსელო და ამავდროულად ცდილობენ, პირდაპირი გაგებით მიწასთან გაასწორონ ყველაფერი, რაც იოსებ სტალინის სახელს უკავშირდება. ეს შემთხვევითი როდია. ჩემს ბლოგებში მითქვამს, რომ პროცენტული მაჩვენებლით სწორედ საქართველოზე მოდიოდა ბოლშევიკური რეპრესიების მსხვერპლთა ყველაზე დიდი რაოდენობა: სტალინმა კარგად იცოდა, „ვინ ვინ იყო“ მის ისტორიულ სამშობლოში და 1937 წელს თითქმის მთლიანად გაანადგურა ქართული საზოგადოების მოაზროვნე ელიტა.

რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სტალინი დიდი იმპერიის სიმბოლოა, ხოლო ქართველების უმრავლესობისთვის სტალინი, ბერიასა და ორჯონიკიძესთან ერთად, ქართული ეროვნული ინტერესების ღალატის სინონიმია. თბილისში, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში, ინახება დოკუმენტები იმ ბოროტმოქმედებებზე, რომლებიც ჩაიდინა ლენინისა და სტალინის მიერ საქართველოში გამოგზავნილმა მე-11 არმიამ სერგო ორჯონიკიძის წინამძღოლობით.

მთელი დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრი - მმართველი ნაციონალებიდან რადიკალურ ოპოზიციამდე - სტალინს მიიჩნევს წმინდა რუს პოლიტიკოსად, რომელმაც რუსეთის მეფის იმპერიის ნანგრევებზე ახალი, საბჭოთა, იმპერია ააშენა, სადაც „უფროსი ძმის“ საკრალურ როლს, მისი დოქტრინის თანახმად, რუსი ხალხი ასრულებდა. საბჭოთა კავშირის ისტორიის ცნობილი მკვლევრის, აბდურახმან ავტორხანოვის მტკიცებით, მოსკოვში, სტალინის მმართველობის პერიოდში ჩატარებული ქართული ხელოვნების დეკადის დღეებში, ბელადმა ცივად მოუჭრა „აღტაცებულ“ მლიქვნელებს: „მე რუსული კულტურის ადამიანი ვარ - ჩემთვის ეს უცხოა.“ ეს თქვა სოსო ჯუღაშვილმა, რომელიც ჭაბუკობაში მშვენიერ პატრიოტულ ლექსებს წერდა მშობლიურ ქართულ ენაზე! გასაკვირი არაა, რომ 9 მაისს სწორედ მოსკოვის, და არა თბილისის, ქუჩებში გამოიფინება სისხლიანი დიქტატორის პორტრეტები. გასაკვირი არც ის უნდა იყოს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსმა გენერლებმა უარი თქვეს გორში სტალინის ძეგლის დაბომბვაზე - საბჭოეთის ქვის კერპი მათთვის ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი გამოდგა. გენერლებს სულ არ აწუხებთ, რომ „სამამულო ომის“ დროს სტალინისა და ჟუკოვის უნიჭო სარდლობის გამო ტყუილუბრალოდ დაიღუპა რამდენიმე მილიონი ადამიანი!

კერპისა და ადამიანის თემა უსასრულოა, ჩემი ბლოგის მოკრძალებული ამოცანა კი მხოლოდ ის არის, მისდამი ინტერესი გავუღვიძო გარკვეულწილად ინდიფერენტულ ქართველ ახალგაზრდობას. სწორედ ამიტომ ბოლოთქმის ნაცვლად მოვიყვან ძველი აღთქმის მეორე მცნებას: „არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.“