ორი დარღვევა ქუთაისში

ქუთაისში წინასაარჩევნო კამპანია გარკვეული კანონდარღვევებით მიმდინარეობს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ოფისმა მონიტორინგის დროს ორი დარღვევა დააფიქსირა. იურისტ თამარ კიტოვანის თქმით, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი ერთ-ერთ შეხვედრაზე ამომრჩევლებს გამარჯვების შემთხვევაში საცხოვრებელი ფართების დაკანონებას დაჰპირდა, რაც კანონით აკრძალულია.

მეორე დარღვევა, რასაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მონიტორინგის ანგარიშში მიუთითებს, არის ის, რომ ადგილობრივი მედია ოპოზიციურ პარტიებს სარეკლამო მასალის განთავსებაზე უარს ეუბნება. თამარ კიტოვანის თქმით, ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების წარმომადგენლებს პრეტენზია ადგილობრივი ტელეკომპანიის მიმართ აქვთ. ისინი ასევე აპროტესტებენ ტელევიზიის მიერ დაწესებულ მაღალ სარეკლამო ტარიფებს.

თამარ კიტოვანის თქმით, საიას ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეების უკანონოდ მონაწილეობის ან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციისგან განსხვავებით, ადგილობრივ ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში ამხელს კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი გოგი წულაია. მისი თქმით, მერიამ ათასამდე ადამიანთან სამთვიანი ხელშეკრულება გააფორმა. ისინი ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობებში დაასაქმეს,რეალურად კი მმართველი პარტიის აგიტაციას ეწევიან.

რესპუბლიკელი ვლადიმერ ნაკაშიძე ხელისუფლების მხრიდან მათ კანდიდატებსა და საუბნო კომისიების წევრებზე ზეწოლას აპროტესტებს.

წინასაარჩევნო კამპანია ქუთაისში თანდათან ძალას იკრებს. არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებში ფიქრობენ, რომ საარჩევნო გარემო არჩევნების მოახლოებისას უფრო დაიძაბება.