ნაჩქარევად აგებული და უხარისხო კოტეჯები შეკეთებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 27 აპრილს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის აშენებული კოტეჯების მშენებლობის პროცესსა და ხარისხს ეხება. მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა ორი ტიპის დეფექტი, რის გამოც დევნილთა საცხოვრებელი პირობები არადამაკმაყოფილებელია. მშენებლობის პროცესში დაშვებული შეცდომების გამო უახლოეს მომავალში კოტეჯებს რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს.

პირველი - ხელისუფლების და მეორე - სამშენებლო კომპანიების მიზეზით გამოწვეული დეფექტები - ეს ის ხარვეზებია, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დევნილთათვის აშენებულ კოტეჯებში გამოიკვეთა. არქიტექტურულ გეგმებში დაშვებული შეცდომებისა და მთავრობის მიერ მშენებლობის დაჩქარებული ტემპის შედეგია ის, რომ კოტეჯები მეტისმეტად ნესტიანია, კედლებზე ობია მოკიდებული, იატაკი კი დახეთქილია, - ამბობენ ერთწლიანი მონიტორინგის ავტორები, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენლები, რომლებიც აკვირდებოდნენ, როგორ მიმდინარეობდა აგვისტოს ომის შემდეგ დევნილი მოსახლეობისათვის კოტეჯური ტიპის დასახლებების მშენებლობა. რაც შეეხება ცუდად ჩასმულ კარ-ფანჯრებს, კიბეებზე ჩამოშლილ ცემენტსა და დაკლებულ სამშენებლო მასალას, აღნიშნული ხარვეზები მთლიანად სამშენებლო კომპანიების ბრალია. მთავარი ნაკლი ის არის, რომ მშენებლობის დასაწყისში შეუსაბამო მიზნები გამოიკვეთა, ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ კობალაძე:

“ერთი მხრივ, ხელისუფლება ცდილობდა, რომ გრძელვადიანი გადაწყვეტილებები მოეძებნა დევნილთა საცხოვრებელი პრობლემებისათვის, თუმცა, მეორე მხრივ, ისინი ცდილობდნენ, რომ კოტეჯების მშენებლობა რაც შეიძლება მცირე დროში დასრულებულიყო. ჩვენი მთავარი კრიტიკა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებელია ამ ორი მიზნის ერთდროულად და სრულყოფილად მიღწევა.”

ვალერი კოპალეიშვილს კი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს, მთავრობის მთავარ დამსახურებად მიაჩნია ის, რომ აგვისტოს ომის დასრულებიდან სამი თვის შემდეგ კოტეჯები 13 სხვადასხვა ადგილას აშენდა და დღეს იქ 13 876 ადამიანი ცხოვრობს. რაც შეეხება ხარვეზებს, კოპალეიშვილი მათ მცირესა და ნაკლებმნიშვნელოვანს უწოდებს:

”სახელმწიფომ მოახერხა და დევნილებს მისცა საკუთარი საცხოვრებელი ფართები. ცხადია, ამ პროექტების განხორციელებისას გარკვეული ხარვეზები არსებობდა, თუმცა მის გამოსწორებას სამშენებლო კომპანიები მალევე ახერხებდნენ. თან ხარვეზები საკმაოდ მცირე და უმნიშვნელოა.”

ხარვეზებისა და მშენებლობის დაჩქარებული ტემპების ურთიერთკავშირზე საუბრობს რადიო თავისუფლებასთან თენგიზ ლაკერბაია, მუნიციპალური განვითარების ფონდის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სწორედ აღნიშნული ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ვალდებულება იყო სამშენებლო კომპანიებთან კონტრაქტების გაფორმების მართვა და შემდგომ მშენებლობის პროცესის მონიტორინგი. აქვე ლაკერბაია საუბრობს დასახლებების ასაშენებლად არასწორად შერჩეული ადგილების შესახებ. რაც შეეხება კონკრეტულად მშენებლების მიზეზით გამოწვეულ დეფექტებს, მისი თქმით, აღნიშნულ ხარვეზებს დროთა განმავლობაში თავად სამშენებლო კომპანიები ასწორებენ:

”დრო რომ ყოფილიყო და ტერიტორია უკეთ გვქონოდა შესწავლილი, რა თქმა უნდა, მშენებლობის დასაწყებად უკეთესი ადგილების შერჩევაც შეიძლებოდა. ტემპებიდან და სამუშაო პირობებიდან გამომდინარე, პრობლემები ბევრი იყო - თუნდაც ის, რომ მშრალი ხის მასალა არ გვქონდა იმისათვის, რომ იატაკი და ჭერი გაგვეკეთებინა, ანუ მთავრობამ გარემოს დაცვის სამინისტროს მისცა დავალება და ხე იჭრებოდა, იხერხებოდა და პირდაპირ მშენებლობაზე იგზავნებოდა. ჩვენ ამის გამო, რა თქმა უნდა, პროტესტი გამოვთქვით, მაგრამ დრო არ იცდიდა. ანალოგიური მდგომარეობა იყო კედლების მშენებლობისა და ლესვის დროს.”

კოტეჯების ხარისხის შეფასებისას დამოუკიდებელი ინჟინრები წერენ:

”თითქმის ყველა სახლში სხვადასხვა სახის დეფექტი გამოვლინდა. ჩვენი შეფასებით, ამ დეფექტებს სახლების ბინადართა ცხოვრების პირობებზე აშკარა უარყოფითი ზემოქმედების ეფექტი აქვს. აქ იგულისხმება: ობი კედლებსა და ჭერზე; დიდი ბზარები და ღარები კედლებში, რის გამოც კოტეჯებში ცივი ჰაერი შედის; დეფორმირებული იატაკები, რაც სახლებში ქვეწარმავლებისა და მღრღნელების შეღწევის საფრთხეს ქმნის.”

იმისათვის, რომ აღმოიფხვრას არასწორი ორგანიზაციის შედეგად გაჩენილი ხარვეზები, უახლოეს მომავალში ახალი პროგრამა ამოქმედდება, ამბობს მუნიციპალური განვითარების ფონდის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პროგრამის ფარგლებში, კოტეჯებში არსებული დეფექტების გამოსწორება იგეგმება.

იქიდან გამომდინარე, რომ სამომავლოდ ერთ საქმეზე თანხა ორჯერ არ დაიხარჯოს და, შესაბამისად, ინვესტირების გამჭვირვალობა და ეფექტიანობა ამაღლდეს, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” რეკომენდაციაა: ხელისუფლებამ ახალი პროექტის დაწყებამდე საზოგადოების ინფორმირება უზრუნველყოს, ხოლო დონორები შეეცადონ, რომ ინფორმაცია დაგეგმვისა და პროექტის განხორციელების შესახებ საზოგადოებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.