უშუქო 2010 წელი

კარალეთის, შავშვების, ხურვალეთისა და სკრის დასახლებაში ათეულობით დევნილი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დევნილთა ნაწილს 4 თვეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. დაგროვილი დავალიანების გამო მათ დენი ახალ წელს ჩაუჭრეს და გადასახადის ნაწილ-ნაწილ გადახდა მოსთხოვეს.

დევნილების ერთმა ნაწილმა დავალიანების დაფარვა დაიწყო, ნაწილმა კი მინიმალური შემოსავლის გამო ეს ვერ შეძლო. სახელმწიფო პროგრამა რომელიც დევნილთა კომუნალური გადასახადის სრულად დაფარვას ითვალისწინებდა, 2009 წლის ნოემბერში ამოიწურა, თუმცა დევნილებმა ამის შესახებ მხოლოდ იანვარში შეიტყვეს, როცა მიმდინარე თვის გადასახადთან ერთად წინა ორი თვის დავალიანების ქვითარიც მიუვიდათ. ამის შემდეგ, დევნილთა თითქმის ყველა დასახლებაში მაცხოვრებლებმა მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყეს.

აქციის მონაწილე დევნილები სახელმწიფო პროგრამის გაგრძელებას და არსებული დავალიანების დაფარვას მოითხოვდნენ. ენერგოპროჯორჯიამ მაშინ დევნილებს დავალიანების ეტაპობრივი დაფარვა შესთავაზა, მაგრამ ეს ყველამ ვერ შეძლო.

დევნილი ნიკოლოზ ზანგალაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო პროგრამის დასრულების შესახებ მისთვის არავის უცნობებია, ამიტომ სოლიდური დავალიანება დაუგროვდა.

თავიდან დევნილებისთვის ცნობილი იყო, რომ კომუნალური გადასახადების სრულად დაფარვის სახელმწიფო პროგრამა 18 თვეზე იყო გაწერილი, მაგრამ ის მოულოდნელად ვადაზე ადრე შეწყდა. ამჟამად, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი დევნილები აღიარებენ, რომ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, მაგრამ წინასწარ ინფორმირებულნი რომ ყოფილიყვნენ სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტის შესახებ, დენს უფრო ეკონომიურად მოიხმარდნენ.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დევნილების მიერ მოხმარებული 100 კილოვატსაათი ელექტროენერგიის გადასახადი იფარება სრულად. ამჟამად ეს თანხა უდენოდ დარჩენილი დევნილების დავალიანების დასაფარად ენერგოპროჯორჯიას ანგარიშზე ირიცხება. ზოგ ოჯახს კი იმხელა დავალიანება აქვს, რომ ახალ წლამდე დენის გარეშე მოუწევს ყოფნა.

ამჟამად, კარალეთის, შავშვების, ხურვალეთის და სკრის დასახლებაში ათეულობით დევნილი ოჯახია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში უმუშევრები არიან. ენერგოპროჯორჯიაში კი აცხადებენ, რომ ვიდრე დავალიანების სრულად დაფარვა არ მოხდება, დენს ვერ ჩართავენ.

უშუქოდ დარჩენილი დევნილები მცირეოდენ იმედს მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ამყარებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი პრობლემის მოგვარებაზე ხმების სანაცვლოდ პოლიტიკურმა პარტიებმა და საკრებულოს მაჟორიტარმა კანდიდატებმა მაინც უნდა იზრუნონ.