ახალი სასამართლო კულტურა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა და საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ პროკურატურის შენობაში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩასატარებლად დარბაზი გახსნეს

სასამართლო პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობისთვის პროკურატურამ, ამერიკული დაფინანსებით, სივრცე გამოყო: ერთი ოთახი - სავარჯიშოდ, ნაფიცი მსაჯულების - ანუ ჩვეულებრივი მოქალაქეების - მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესების გასამართად. წითელი ლენტი დღეს ქვეყნის სასამართლოს ხელმძღვანელობამ და ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა გაჭრეს.

სამართლის ახალი კულტურისთვის სივრცე პროკურატურაში აშშ-ის დაფინანსებით გამოიყო - ქვეყნისა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი აქვს. სხვადასხვა მონაცემებით, ყველა ამერიკელს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უწევს სხვისი ბედის გადაწყვეტა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი:

დარბაზი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით

„ამ ოთახში ახალი კულტურა იქმნება, კულტურა, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას. აქ ბრალმდებელმა უნდა დაამტკიცოს ბრალეულობა, ადვოკატმა ყველაფერი უნდა გააკეთოს თავის დასაცავად... და ეს ყველაფერი მოქალაქეთა წინაშე ხდება, რომელთაც საბოლოო ვერდიქტი გამოაქვთ.“

თუმცა ეს ჯერ მხოლოდ სავარჯიშო ოთახია პროკურატურის შენობაში. მეორე ასეთი ოთახი მალე, ისევ ამერიკული დახმარებით, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიხსნება. ამ სისტემის დასამკვიდრებლად კი, სულ მცირე, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლო დარბაზების მოდიფიკაციაა საჭირო, დარბაზებისა, სადაც მოქალაქეთათვის სპეციალურად მოწყობილი სივრცე უნდა გამოიყოს. ჯონ ბასის განცხადებით, ეს საკითხი საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა:

„ეს პრინციპულად საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა. ჩვენ მოხარულნი ვიქნებით ამ ახალი ტიპის სასამართლო დარბაზების მოწყობაში დავეხმაროთ. ამ საკითხებზე მსჯელობა, სავარაუდოდ, უკვე მიმდინარეობს.“

თუმცა, დარბაზების მოწყობის გარდა, მეორე საკითხია, რამდენად არიან პროცესის მთავარი მონაწილენი, თავად მოქალაქენი, კონცეპტუალურად მზად ახალი სისტემის მისაღებად? ამ კითხვას პრეზიდენტმა სააკაშვილმა თებერვალში დადებითი პასუხი გასცა:

„ნაფიცი მსაჯულები - შესრულებულია. მე ძალიან მეამაყება, რომ წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩატარდება პირველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.“

ეს კი ნიშნავს, რომ უკვე წელს ამომრჩეველთა სიიდან შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული თითქმის ნებისმიერი ჩვენგანი შესაძლოა სასამართლო დარბაზში მოხვდეს. სისტემა ჯარში გაწვევას ჰგავს: თუ გამოგიძახეს, მხოლოდ საპატიო მიზეზით თუ იხსნი თავს. კრიტერიუმები კი საკმაოდ ფართოა: მოქალაქეობა და სასაუბრო ენის ცოდნა. რას ფიქრობენ ამაზე თავად მოქალაქენი?

„მაგას სპეციალური იურიდიული განათლება სჭირდება. ჯობია, რომ, შემთხვევით შერჩეული ხალხის ნაცვლად, იყოს კვალიფიციური ხალხი. მე ასე ვფიქრობ.“

იმიტირებულ სასამართლო პროცესებში სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას
საქმე ისაა, რომ სპეციალური განათლება ნაფიცმსაჯულობას არ სჭირდება. მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკით, ნაფიცი მსაჯულის ფუნქცია არა კანონმდებლობის ინტერპრეტირება, არამედ სასამართლო დარბაზში მოსმენილ ფაქტებზე დაყრდნობით დასკვნის გაკეთებაა. მათი რაოდენობა, ქვეყნების მიხედვით, 6-დან 15-მდე მერყეობს. და ნაფიც მსაჯულებს, უმრავლეს შემთხვევაში, არა აქვთ ურთიერთობა ადვოკატებთან, ბრალმდებლებთან. ისინი ურთიერთობენ ერთმანეთთან, მუშაობენ კონფიდენციალურად და დასკვნებს ერთად აკეთებენ.

„ძაან ეჭვი მეპარება, რო გაამართლოს.“

-რატომ ფიქრობთ?

„აი, ჩაწყობების კულტურის გამო.“

ჩაწყობის, ნაცნობმეგობრობისა და სხვა გავლენებისგან მოქალაქეთა დასაცავად პასუხისმგებლობას ოფიციალურად სახელმწიფო კისრულობს. აი, რას ამბობს პრესის ფურცლებზე პროკურატურის აპარატის უფროსი ირაკლი კოტეტიშვილი:

„ნაფიც მსაჯულთა დასაცავად სხვადასხვა პროგრამა განახორციელოს - იქნება ეს მათი განთავსება სხვადასხვა სასტუმროში, მათი ტრანსპორტირება და სხვ.“

თუმცა სისტემის კრიტიკოსთა აზრით, საუბარი არა მარტო კორუფციულ ან სხვა გარიგებებზეა, არამედ კულტურულ გავლენებზე, როგორიცაა რასის, აღმსარებლობის და სხვა ძირეული ფაქტორების გავლენა.

არის რამე მიზეზი, რის გამოც თქვენ ვერ იქნებოდით მიუკერძოებელი?

ასეთ კითხვას უსვამენ ამერიკულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულებს პროცესის დაწყების წინ.

„ჰმ, არა მგონია, ეს შევძლო, თუ იქიდან გამოვალთ, რომ ბრალდებული შავკანიანია.“

კითხვაზე თეთრკანიანი პასუხობს. ეს, უბრალოდ, მაგალითია იმაზე დასაფიქრებლად, თუ რა სახის პრობლემები შეიძლება გამოიკვეთოს ამ სისტემის ამუშავების შემდეგ. სისტემის იურიდიულად გასამართად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის ამოქმედდება. თუმცა მოქალაქეთა კანონმდებლობის წინაშე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას, ალბათ, ცოტა მეტი დრო დასჭირდება.