რუსული პრესის მიმოხილვა. 20 აპრილი 2010

Generic – A photo of International and Russian newspapers, Prague, 17Jun2009

„სანამ ვინმეში გარკვევას დაიწყებ, საკუთარ თავში გაერკვიე“ - სენეკას ამ სიტყვებით იწყებს ძალიან საინტერესო ინტერვიუს „ნოვაია გაზეტა“ ოსკაროსან პოლონელ რეჟისორთან, ანჯეი ვაიდასთან, რომელმაც 2007 წელს ფილმი „კატინი“ გადაიღო. ინტერვიუში, ძირითადად, წარსული შეცდომების აღიარების გზით ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზეა საუბარი. ვაიდა ჰყვება ყინულის ლღვობაზე, რომელიც თვითმფრინავის ტრაგედიამ გამოიწვია და რომლის გამოვლინებაც მისი ფილმის რუსულ ტელეარხებზე ჩვენება იყო. ასევე იხსენებს ვაიდა ფაქტს, ერთ-ერთ რუსულ კინოდარბაზში ფილმის ჩვენების შემდეგ რუსი მაყურებელი ფეხზე რომ ადგა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილ პოლონელებს. მხოლოდ ამ ჩვენებისთვის ღირდა ჩემი ფილმის გადაღებაო, ამბობს ვაიდა. ამის მიუხედავად, იგი ყურადღებას ამახვილებს ნეოფაშიზმის საფრთხეებზე არამარტო რუსეთში, ნეოფაშიზმისა, რომლის ძირითად ნიადაგად ვაიდა ყალბ პატრიოტიზმსა და ჩაკეტილობას მიიჩნევს. მისი თქმით, ამაში ხშირად უარყოფით როლს მასობრივი მედიასაშუალებები ასრულებენ, რომლებიც ამ ჩაკეტილობის გარღვევას ვერ ახერხებენ და საკითხებს ვიწრო ნაციონალურ-ტერიტორიულ ჭრილში აშუქებენ. საფრთხეების აღმოფხვრაში ვაიდა პოლიტიკურ ნებას ხედავს და ასევე საზოგადოების ჩართულობას, ღია დისკუსიებს მტკივნეულ თემებზე, რათა მოხდეს შეცდომების აღიარება ყველა მხარისგან, რაც ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას გაზრდის კოლექტიური უპასუხისმგებლობის შემცირების ხარჯზე.

ამ მენტალურ ჩაკეტილობაზე საუბრობს „არგუმენტი ი ფაქტისთან“ ინტერვიუში რუსი ისტორიკოსი ინესა იაჟბოროვსკაია. მისი თქმით, კატინის ტრაგედიის არაღიარება, ძირითადად, რუსი გენერალიტეტის ღირსების გაფრთხილებით იყო განპირობებული, ვიწრო კლანური აზროვნებით, რაც, იაჟბოროვსკაიას თქმით, ეჭვის ქვეშ თვითმფრინავის ტრაგედიამ დააყენა, როცა რუსი ხალხი პოლონელების გვერდით დადგა. ამ ფაქტმა, იაჟბოროვსკაიას აზრით, დაგვანახვა, რომ დაპირისპირება ამ ორ ერს შორის, ძირითადად, ზედაპირულია და ცენტრალიზებული მმართველობითაა გამოწვეული. „ნათელი გახდა, რომ დაპირისპირება ერებს შორის ზედაპირულია და რთულ სიტუაციაში ის, უბრალოდ, ქრება.“

რატომ არის რუსეთი ჩაკეტილი და ძალაზე ორიენტირებული? - ამ საკითხს „კომერსანტი“ ეხმაურება სტატიით - „რუსეთის განვითარებას დიდი დერჟავის კომპლექსი უშლის ხელს“. სტატიის ავტორი, კომპანია „ევრაზიის სტრატეგიისა და კომუნიკაციის“ პრეზიდენტი ეინ პრაიდი, საუბრობს ბიუროკრატიული ცენტრალიზებული მმართველობის პრობლემებზე, რომლებიც, მისი თქმით, სამყაროს ვიწრო ტერიტორიულ ჭრილში ხედვითაა განპირობებული, რაც რუსეთს ხელს უშლის საერთაშორისო თანამედროვე დინებებში ჩაერთოს და, შესაბამისად, საკუთარ წარსულში კეტავს.

სტატიის ავტორი იხსენებს შემთხვევას, როცა, მაგალითად, კომპანია „დელის“ ხელმძღვანელობას სურვილი გამოუთქვამს დახმარებოდნენ რუსეთს კომპიუტერიზაციის პრობლემის გადაწყვეტაში, პუტინს კი უპასუხია: „ჩვენ არ გვჭირდება დახმარება, ჩვენ არ ვართ ინვალიდებიო“.

სტატიის მიხედვით, პრობლემა არა ინვალიდობაში, არამედ მენტალიტეტშია, რაც სამოცდაათწლიანი ჩაკეტილობითაა გამოწვეული. სტატიის მხიედვით, რუსეთს დღეს უჭირს ამ ჩაკეტილობის გარღვევა და იმის აღიარება, რომ რაღაცებში სამყაროს ჩამორჩა, რაღაცები არ იცის და დახმარებაზე არათუ უარი არ უნდა თქვას, არამედ ამას თავად უნდა ითხოვდეს. სხვაგვარად, ეინ პრაიდის აზრით, რუსეთს თანამედროვე გამოწვევებთან შერკინება და, შესაბამისად, თანამედროვე სამყაროში არსებობა გაუჭირდება. ასე რომ, დემოკრატიზაცია თანამედროვე სამყაროს მოთხოვნაა და მისი შეჩერება და კონტროლის ქვეშ აყვანა ჩაკეტილობას და, შესაბამისად, სისტემის რეგრესს იწვევს. როგორც გახსოვთ, ამაზე რუსულ პრესაში „პერესტროიკის“ ავტორი გორბაჩოვიც საუბრობდა, როცა ამბობდა, რუსეთის დემოკრატიზაცია გარდაუვალია, რაც თანამედროვე სამყაროს გამოწვევებითაა განპირობებულიო.