ბაკიევი ბელორუსიაშია, ყირგიზეთი კი - ქაოსში

ყირგიზეთის გარდამავალი მმართველობა წესრიგის დამყარებას ცდილობს

ყირგიზეთის გარდამავალი მმართველობა ცდილობს დაამყაროს წესრიგი იმ მღელვარების შემდეგ, რომელსაც ორშაბათს, სულ მცირე, სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თავდასხმების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აღმოჩნდა სოფელი მაიევკა, სადაც, მეტწილად, მაჰმადიანი მესხები ცხოვრობენ. წესრიგის დამყარება კიდევ უფრო ჭირს ქვეყნის სამხრეთში, სადაც განდევნილ პრეზიდენტს, ყურმანბეკ ბაკიევს, ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები ჰყავს.

ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 20 აპრილს დაადასტურა, რომ ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი - და მასთან ერთად ოჯახის სამი წევრი - მინსკში იმყოფება და მკურნალობას გადის. ბაკიევის ყაზახეთიდან ჩაყვანა, ლუკაშენკოს თქმით, ბაკიევის თხოვნით განხორციელდა და იგი სარისკო სამხედრო ოპერაციას წააგავდა:

„ორშაბათს მე დავავალე შესაბამის სამსახურებს მოეხდინათ ბაკიევის ყაზახეთიდან მინსკში ჩამოყვანის ორგანიზება - ეს მან არაერთხელ მთხოვა - და, მიუხედავდ იმისა, რომ აქ აეროპორტი დაკეტილი იყო, პილოტებს ვუთხარი, ეს თქვენი პრობლემაა, სამხედრო ადამიანები თქვენ ხართ - ბაკიევი ორშაბათს კიევში უნდა იყოს-მეთქი. ჰოდა, ორშაბათს ბაკიევი უკვე მინსკში იყო.“

Your browser doesn’t support HTML5

მაჰმადიანი მესხების დარბევა ყირგიზეთში


ყურმანბეკ ბაკიევი, რომელმაც ორშაბათს ყაზახეთიც დატოვა, გარედან, როგორც ჩანს, მაინც მართავს სიტუაციას. ამიტომ გარდამავალი ხელისუფლების წევრმა ედილ ბაისალოვმა 20 აპრილს განაცხადა, რომ თუკი ბაკიევი უკან დაბრუნდება, მას დააპატიმრებენ. გარდამავალ ხელისუფლებას განსაკუთრებით უჭირს წესრიგის დამყარება ყირგიზეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ჯალალ-აბადში, სადაც განდევნილი პრეზიდენტის მომხრეები წინააღმდეგობას უწევენ დროებით მთავრობას. როგორც რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის თანამშრომელი რუსპაი აბდარაიმოვი იტყობინება, 20 აპრილს ბაკიევის 2000 მომხრე შეიკრიბა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივ შტაბთან და ცდილობდა შენობაში შეღწევას, დემონსტრანტებს კი წინ მიუძღოდა დამხობილი პრეზიდენტის ძმა, ახმატ ბაკიევი, რომელმაც მალევე დატოვა სცენა.

„ახმატ ბაკიევმა მოუწოდა ჯალალ-აბადის რეგიონალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ჭიშკარს არ აღებდნენ, გაეღოთ შესასვლელი. იგი შეახსენებდა მათ, რომ პრეზიდენტ ბაკიევს მათთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია. უთხრა, გაიხსენეთ, როგორ მოექცნენ ოპოზიციის მომხრეები ორი კვირის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ მოლდომუსა კონგანტიევს, რომელსაც სასიკვდილოდ სცემესო. მან, ახმატ ბაკიევმა, სთხოვა პოლიციელებს, გაეღოთ ჭიშკარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წავიდოდა ხუთ წუთში და, თუ რაიმე მოხდებოდა, ეს პოლიციელების სინდისსა და პასუხისმგებლობაზე იქნებოდა.“

ორშაბათს ყირგიზეთის დროებითმა შინაგან საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მალე დააპატიმრებენ ბაკიევის სამივე ძმას, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან. განვლილ უქმეებზე ექს-პრეზიდენტის მომხრეებმა ჯალალ-აბადის რეგიონალური ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს და საკუთარი ადგილობრივი ხელისუფლება აირჩიეს. ყირგიზეთში შექმნილ ვითარებას ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურნენ რუსეთის ფედერაციისა და უზბეკეთის პრეზიდენტებიც - დმიტრი მედვედევი და ისლამ კარიმოვი. რუსეთის ლიდერმა განაცხადა, ყირგიზეთში უნდა აღდგეს სახელმწიფოებრიობაო:

„ახლა მთავარია, მიღწეული იქნეს შიდასახელმწიფოებრივი სტაბილურობა. სინამდვილეში, საჭიროა აღორძინდეს სახელმწიფო. ახლა კი სახელწმიფოებრიობა დამხობილია. იგი არ არსებობს. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყირგიზეთის დროებითი მთავრობა საამისოდ აუცილებელ და საკმარის ძალისხმევას გამოიჩენს.“

ვითარება დაძაბულია ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, სადაც მიწის საკითხის გამო წამოჭრილი ჩხუბი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ყირგიზეთის დედაქალაქში 20 აპრილს 300-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებიც წინა დღეებში დაპატიმრებული ახალგაზრდების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ორშაბათს მომხდარი დაპირისპირების სამიზნე გახდა ასევე ბიშკეკთან ახლომდებარე სოფელი მაიევკა, რომელიც რუსებით და ე.წ. მაჰმადიანი მესხებით არის დასახლებული. იქ მძარცველების დიდი რაზმი შეიჭრა და მაჰმადიანი მესხების სახლები გაძარცვა. აი, რა უთხრა ადილობრივმა მცხოვრებმა ქალმა ჩვენს რადიოს:

„ჩემი ქალიშვილი ცხოვრობს აქ. გუშინ მძარცველებმა ყველაფერი გადაწვეს - სასაქონლე და საბძელიც. შემდეგ სასტიკად სცემეს ჩემს შვილს, რომელიც, მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოშია გადაყვანილი. არ ვიცი, გადარჩება თუ არა, რადგან ექიმები არაფერს მეუბნებიან.“

მაიევკაში მომხდარ თავდასხმას სპეკულაციები მოჰყვა რუსეთის მედიაში, თითქოს შეტაკება რუსებისა და რუსულენოვანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყოს მიმართული. „ბაკიევის შემდეგ ყირგიზეთიდან რუსებსაც გაყრიან?“, „გაწმენდენ ყირგიზებს არაყირგიზებისაგან?“ - ასეთი სათაურები ჰქონდა 20 აპრილს გამოსულ რუსულ გაზეთებში - „კომსომოლსკაია პრავდასა“ და „მოსკოვსკი კომსომოლეცში“ -გამოქვეყნებულ სტატიებს.

20 აპრილს სოფელ მაიევკაში თურქეთის ელჩი ჩავიდა და სოფლელებს სიმშვიდის გარანტია მისცა. თავის მხრივ, უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა ყირგიზეთის დროებითი ხელისუფლება, რომელმაც მოსახლეობას აღუთქვა, რომ არ დაუშვებს ქვეყანაში ეთნიკურ ძალადობას.