და კვლავ - "პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა"

“პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა” - ასეთი სახელწოდება აქვს ამერიკელი ექსპერტის, ბრიუსელში გერმანიის მარშალის ფონდის დირექტორის რონ ასმუსის წიგნს, რომელიც აგვისტოს ომის მოვლენებს ეძღვნება. ახლახან რონ ასმუსი საქართველოს ეწვია და წიგნის პრეზენტაციაც გამართა. რას წერს და რატომ რონ ასმუსი წიგნში “პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა” და როგორ ხედავს მოვლენათა განვითარებას დღევანდელ კონტექსტში? წიგნის ავტორს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ოლესია ვართანიანი ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: წიგნის სახელწოდებაა “პატარა ომი რომელმაც მსოფლიო შეძრა”, თუმცა შეგრძნება, რომელიც ამ წიგნის გაცნობის შემდეგ დამრჩა, არის ის, რომ მსოფლიო ლიდერები დიდად არ მონაწილეობდნენ ომის დარეგულირებაში, კონფლიქტის ისე გადაწყვეტაში, რომ ორივე მხარე ყოფილიყო მოგებული. რატომ ფიქრობთ, რომ ამ ომმა მსოფლიო შეძრა, თუ ეს, უბრალოდ, თქვენი სურვილია, რომ ამ ომს მსოფლიო შეეძრა?

რონ ასმუსი: თავდაპირველად ჩემი წიგნის სამუშაო სახელი იყო “პატარა ომი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო”. მერე მე გავაანალიზე, რომ მას მსოფლიო არ შეუცვლია. შემდეგ ავირჩიე სიტყვა “შეარყია მსოფლიო”, რადგან ვფიქრობ, რომ ამ ომმა ეს გააკეთა - შეარყია აზრი, რომ ომი შეუძლებელია ევროპაში. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე წიგნი დავწერე, არის ის, რომ, ჩემი აზრით, ხალხს უნდოდა რაც შეიძლება სწრაფად მიბრუნებოდა ყოველდღიურ ცხოვრებას, მათ უნდოდათ ეს ომი ნოხის ქვეშ შეეგდოთ, დაებრალებინათ ვისთვისაც გინდა, სააკაშვილისთვის, რუსებისთვის, რათა დაევიწყებინათ ეს ომი და დაბრუნებოდნენ ყოველდღიურ საზრუნავს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არის პატარა ომი, რომელიც დიდ შეკითხვებს სვამს.ვფიქრობდი, რომ ჩვენ დიდად არ გამოგვიტანია დასკვნები, ამიტომ მინდოდა დიდი დისკუსიის პროვოცირება, დისკუსიისა ომზე, ევროპული უსაფრთხოების სისტემების მომავალზე, რუსეთის პოლიტიკაზე ევროპასთან მიმართებაში. ჩემი წიგნი არაკომფორტულია ბევრი ხალხისთვის, რადგან არავინ არაა ნათელ ფერებში გაშუქებული - მე საკმაოდ კრიტიკული ვარ დასავლეთის მიმართ, ისევე როგორც რუსეთის და ასევე საქართველოს მიმართ, ზოგიერთ ნაწილში. ასე რომ, ყველას არ მოსწონს ეს წიგნი. თუმცა ეს ნორმალურია: წიგნს აპლოდისმენტების მისაღებად არ წერ, წიგნს წერ შენი აზრის გამოსახატად, არგუმენტის ჩამოსაყალიბებლად.

რადიო თავისუფლება: თუმცა საქართველოში თქვენი წიგნი ბევრს მოეწონა...

რონ ასმუსი: იცით, ეჭვის ქვეშ არავის დაუყენებია ჩემი ანალიზი. თუ რეცენზიებს წაიკითხავთ, ნახავთ: ძირითადად, იმას ამბობენ, რომ მე უმეტესად ქართულ წყაროებს ვეყრდნობი. რა შემიძლია ვთქვა? მე ვეყრდნობი ქართულ წყაროებს, ისევე როგორც ამერიკულ, ფრანგულ, გერმანულ, ბრიტანულ ან სხვა წყაროებს. თუმცა აქამდე არავინ მომდავებია არგუმენტებზე, ვთქვათ, რომ ეთქვათ, იქს გვერდზე ის ცდება და აყალბებს ფაქტებსო. ასე რომ, მე ვფიქრობ, ზოგიერთი ცდილობს წიგნის დისკრედიტაციას მთავარი არგუმენტის განხილვის გარეშე, მთავარი არგუმენტი კი ის არის, რომ სისტემამ არ გაამართლა. საქართველომ დაუშვა შეცდომები, თუმცა არსებობდა გრძელვადიანი რუსული სტრატეგია - დაეშინებინა საქართველო.

რადიო თავისუფლება: თქვენ, ალბათ, პირველი ხართ, ვინც დეტალურად აღწერა სარკოზი-მედვედევის შეთანხმების გაფორმების სცენა - როგორ წავიდა ის მოსკოვში, ისადილა მედვედევთან და პუტინთან, შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში და ქართველებს მოუწოდებდა ხელი მოეწერათ ამ შეთანხმებაზე. რას გულისხმობს წიგნის ეს ფრაგმენტი - ფიქრობთ თუ არა, რომ დღეს საქართველოს კვლავ აქვს შესაძლებლობა ამ შეთანხმების შესრულებისთვის იბრძოლოს?

რონ ასმუსი: დიახ!

რადიო თავისუფლება: როგორ უნდა გააკეთოს ეს საქართველოს მთავრობამ?

რონ ასმუსი: ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ჩავიდა ჯორჯ ბუში მოსკოვში ან რატომ არ გაგზავნა კონდოლიზა რაისი მოსკოვში შუა კრიზისის დროს, ის იყო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ მომენტში არ მიაჩნდათ, რომ რუსეთთან მიმართებაში დიდი უპირატესობა ჰქონდათ. რა უნდა ეთქვა კონდოლიზა რაისს ლავროვისთვის, რა ბერკეტები გვქონდა ჩვენ იმ დროს, რომ რუსეთისთვის გვეთქვა, თქვენ უნდა გააკეთოთ ეს ან ისო? ბერკეტები რომ გქონდეს, უნდა გქონდეს ასევე ურთიერთობა. ასე რომ, მე წინააღმდეგი კი არა ვარ, პირიქით, ვგულშემატკივრობ პრეზიდენტ ობამას, რომელიც ცდილობს ურთიერთობის აღდგენას რუსეთთან. მაგრამ ჩვენ გვჭირდება ორმხრივი სტრატეგია თანამშრომლობისა ზოგიერთ საკითხში. ჩვენ, უბრალოდ, არ უნდა დავნებდეთ და, ალბათ, რაღაც დონეზე რუსეთი გადასინჯავს თავის ინტერესებს, მეტ მზაობას გამოიჩენს მოლაპარაკებისთვის, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ დავნებდებით და კვლავ მტკიცედ მოვთხოვთ, საკუთარი ვალდებულებები შეასრულოს.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, ობამას ადმინისტრაცია განაგრძობს ამ ბრძოლას ან ქართველების მხარდაჭერას ამ ბრძოლაში?

რონ ასმუსი: იცით, პრობლემა ობამაში არაა. მე სენატორ კლინტონის კამპანიაში ვიყავი ჩართული, ჩემი საუკეთესო მეგობრები ობამაზე მუშაობდნენ, სენატორი და მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი ობამა ამ საკითხებზე საკმაოდ ერთნაირად ფიქრობდნენ. საკითხები, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, - ნატოს გაფართოება, ბოსნია, კოსოვო, - არაა მისი პოლიტიკური ბიოგრაფიის ნაწილი: ის იქ არ ყოფილა, როცა ეს ყველაფერი მოხდა, ის მაშინ სენატში არ მჯდარა. ასე რომ, ის ახლა ცდილობს ამ საკითხებში გარკვევას. ობამას ადმინისტრაციის მიდგომა სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა პარიზში გაახმაურა, სადაც მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ყველა ძირითად პრინციპს. ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობის დალაგებას რუსეთთან, ურთიერთობები ახალ ფაზაში გადადის, ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ ავღანეთის და ირანის საკითხი, და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ დავუბრუნდეთ ნატოს გაფართოების საკითხს. რეალობა ისაა, რომ ჩვენ არ გვაქვს კონსენსუსი ნატოს გაფართოებაზე შიგნით და ჩვენ გვჭირდება ამ კონსენსუსის აღდგენა. და აქ მთავარი არ არის ის, რომ ობამა სიტყვით გამოდის ან ობამა რამეს ამბობს, ობამა ურეკავს სააკაშვილს და ხვდება მას... ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია გულწრფელი საუბრები ალიანსის შიგნით იმის შესახებ, ჯერ კიდევ მუშაობს თუ არა ძირითადი პრინციპები, რას მოიცავენ ისინი, რას ნიშნავს ეს ნატოს გაფართოებისთვის, სად ვხედავთ ჩვენ საქართველოს და რა არის პასუხი ქართველებისთვის, რომლებიც მოდიან და გვეკითხებიან, როგორც თქვენ მეკითხებით, სად არის საქართველოს ადგილი ევროპული უსაფრთხოების დასავლურ კონცეფციაში. ეს დებატები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება ობამას ადმინისტრაციაში, ეს უკვე დაიწყო ვაშინგტონის ვიწრო წრეებში. აზრები იქ, სავარაუდოდ, განსხვავებულია, ისევე როგორც ევროპის დედაქალაქებში. და სანამ ჩვენ არგუმენტებს შევაჯერებთ და საერთო დასკვნებამდე მივალთ, საქართველო უნდა დარჩეს განხილვის სფეროში. ხშირად ჩემს რჩევას ქართველი მეგობრებისადმი სამი ძირითადი პუნქტით გამოვხატავ: პირველი - იგნორირება გაუკეთეთ რუსეთს რამდენადაც ეს შესაძლებელია; მეორე - მოახდინეთ სისტემის რეფორმირება და მესამე - იარეთ დასავლეთისკენ რაც შეიძლება სწრაფად. ყველა ამ ნაბიჯით საქართველო უბიძგებს დასავლეთს სწორი გადაწყვეტილებების მიღებისკენ; ეს უბიძგებს ჩვენს ლიდერებს, კონგრესებს, პარლამენტებს, მოსახლეობას, დაფიქრდნენ იმაზე, თუ რატომ უნდა გვაწუხებდეს ეს საკითხი.

რადიო თავისუფლება: თქვენ საუბრობდით რეჟიმის ცვლილებაზე უკრაინული არჩევნების შედეგად. ყირგიზეთის ამბების შემდეგ, საქართველოში ბევრი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ საქართველო დღეს მარტოა და ახლა მისი ჯერი დადგა. თქვენ რას იტყოდით ამაზე?

რონ ასმუსი: ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია აგვისტოს ომში პროდასავლური რეჟიმის დისკრედიტირება და განადგურება იყო. ამ მიმართულებით რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჯერ არ დამთავრებულა. ფაქტია, რომ უკრაინას, იანუკოვიჩის არჩევის მიუხედავად, ნატოსკენ აღებული კურსი არ შეუცვლია. ეს კიდევ ერთი არგუმენტია, თუ რატომ - საქართველო და რატომ - ნატოს გაფართოება ოცის წლის შემდეგაც. მეორე მხრივ, უკრაინისა და საქართველოს დაწყვილება, ცოტა არ იყოს, ხელოვნური მგონია. მესმის რატომ მოხდა ეს, მაგრამ ახლა ჩვენ სამხრეთ კავკასიაზე ვსაუბრობთ, იმაზე, თუ რატომ არის შავი ზღვის რეგიონი მნიშვნელოვანი. არ უნდა მოვახდინოთ საქართველოს იზოლირება ამ კონტექსტიდან. რაც უნდა რთული და ჩახლართული იყოს ეს ყველაფერი, ჩვენ ამ რეგიონის გვერდით უნდა დავდგეთ, უპირველესად, მორალური პრინციპების გამო. ამას გარდა, ეს რეგიონი არის გასაღები ცენტრალური აზიისკენ, შუა აღმოსავლეთისკენ. ამ მხრივ, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ აქ მხოლოდ საქართველოზეც არ არის საქმე, საქართველო არის გასაღები რეგიონის შესაცვლელად.